... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

313. მას დღე დასხდეს ნადიმობად გაამრავლეს სმა და ჭამა ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს ვითა შვილსა ტკბილი მამა მათ ორთავე აშვენებდა ფიფქსა თოვნა ვარდსა ნამა უხვად გასცეს საბოძვარი მარგალიტი ვითა დრამა

314. სმა გარდახდა თავისთავის გაიყარნეს მსმელნი შინა დიდებულნი არ გაუშვნეს ყმა დაისვეს ახლოს წინა მეფე ჰკითხავს იგი ჰკადრებს რაცა ჭირი დაეთმინა მერმე მისი უცნობოსა რა ენახა რა ესმინა

315. მას ვახსენებდე ნუ გიკვირს თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა ნუთუ მზე ვთქვა მსგავსი მისი და ან მისისა სახისა ვინ უნახავ ქნას გონება ყოველთა კაცთა მნახისა ვარდი დამჭნარი ეკალთა შუა შორსმყოფი ახ ის ა

316. რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან ქაცვი ლერწამმან ზაფრანა იმსგავსოს ფერად მინამან ავანდილ მისმან მხსენებმან ღაწვი ცრემლითა მინამან წვრილად უამბო ამბავი მან მისმან მონასმინამან

317. ქვაბნი ომითა წაუხმან სახლად აქვს დევთა სახლები საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს თანა ნახლები ვეფხისა ტყავი აცვია ცუდად უჩს სტავრანახლები აღარა ნახავს სოფელსა ცეცხლი სწვავს ახალახლები

318. რა დაასრულა ამბავი საქმე მისისა ჭირისა ნახვა მის მზისა ნათლისა მის თვალად არ დუხჭირისა ეამა უქეს ვარდისა ხელი მძლედ დანამჭირისა ეგე კმა სიმხნე სიმხნისა რადღა ხარ მომხვეჭი რისა

319. გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა მას დღე იხარებს სმითა და ჭამისა არ მოწყენითა კვლა საწოლს დახვდა მას მზესა მუნცა სიტყვითა ბრძენითა მისვლა ებრძანა იამა თქმა არ ეგების ენითა

320. ყმა წავიდა მხიარული ლმობიერი არ გამწყრალი ლომი მინდორს ლომთა თანა მინდორს რული ფერნამკრთალი ყმა სოფლისა ხასიათი ჯავარი და სრული ლალი მაგრა ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი

321. მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული არ ნადევრი წყლად ეფრატსა უხვად ურწყო ედემს რგული ალვა მჭევრი ბროლბალახშსა აშვენებდა თმა გიშერი წარბი ტევრი მე ვინ ვაქებ ათენს ბრძენთა ხამს აქებდეს ენა ბევრი

322. ყმა მხიარული წინაშე დასვა სკამითა მისითა სხენან სავსენი ლხინითა ორთავე შესატყვისითა უბნობენ ლაღნი წყლიანნი არა სიტყვითა მქისითა უთხრა ჰპოეა პატიჟნი ნახენ ძებნითა ვისითა

323. ჰკადრა რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა ხსოვნა არა ხამს ჭირისა ვით დღისა გარდასრულისა ვჰპოვე ხე ტანი ალვისა სოფლისა წყალთა რწყულისა მუნ პირი მსგავსი ვარდისა მაგრა აწ ფერნაკლულისა

324. მუნ სარო მსგავსი ვარდისა ვნახე მისჭირდა მინები იტყვის დავჰკარგე ბროლი და სადა რთავს ბროლსა მინები მით ვიწვი რათგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები მერმე კვლა ჰკადრა ამბავი მან მისგან მონასმინები

325. სიარულსა მისგან ძებნად სრულ პატიჟთა მოსთვლის ჭირსა მერმე ჰკადრა საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა საწუთრო და სოფელს ყოფა კაცი უჩსო ვით ნადირსა ოდენ ხელი მხეცთა თანა იარების მინდორს ტირსა

326. ნუ მკითხავ ქება რა გკადრო ჩემგან რა გაგეგონების მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების თვალნი მჭვრეტელი ვით მზისა ციაგსა დაეღონების ვარდი არ ქნილი ზაფრანად აწ ია შეიკონების

327. წვრილად ჰკადრა რა იცოდა რა ნახული რა ნასმენად ვითა ვეფხსა წავარნა და ქვაბი აქო სახლად მენად ქალი ახლავს სასურველად სულთა დგმად და ჭირთა თმენად ვა სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად

328. ქალსა რა ესმა ამბავი მიხვდა წადილი ნებისა განათლდა პირი მთვარისა ვით ნათლად ნავანებისა იტყვის რა უთხრა პასუხი მას სათნებლისა თნებისა რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა

329. ყმა ეტყვის ვის აქვ მინდობა კაცისა მომცქაფავისა მან ჩემთვის დაწვა თავისი დადვა არ დასაწვავისა დრო დამიც ჩემგან მისლვისა მითქვმს დადება თავისა მზე შემიფიცავს თავისა ჩემგან მზედ სახედავისა

330. ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად გული მისცეს გულისათვის სიყვარული გზად და ხიდად კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად აჰა მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად თავი ფლიდად

331. მზე ეტყვის მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა პირველ შენ მოხველ მშვიდობით მპოვნელი დაკარგულისა მერმე ზრდა სიყვარულისა გაქვ ჩემგან დანერგულისა ვპჰოვე წამალი გულისა აქამდის დადაგულისა

332. საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების აქამდის ჭირი ჩემზედა აწ ესე ლხინად უხვდების რადგან შვება აქვს სოფელსა თვით რად ვინ შეუწუხდების