ვეფხისტყაოსანი (H-248), XIX ს.

157. ესეა მონა შერმადინ ზემოცა სახელდებული თანა შეზრდილი ერთგული და მისთვის თავ დადებული მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული აწ განუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული

158. უბრძანა აჰა შერმადინ ამად მე შენგან მრცხვენიან ჩემნი საქმენი ყველანი გცოდნიან გაგივლენიან მაგრა არ იცი აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან მე ვისგან მქონდეს პატიჯნი აწ მასვე მოულხენიან

159. მოუკლავარ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა ცხენლი ცრემლი ასველებდის ნარგიზთაგან ვარდსა ზრულსა ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა აწ მიბრძანა საიმედო ამად მხედავ მხიარულსა

160. მიბრძანა მიცან ანბავი მის ყმისა დაკარგულისა მოხვიდე სრულ ვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა ქმარი არ მინდა უშენო მომხვდეს ხისა რგულისა მომცა წამალი გულისა აქამდის დადაგულისა

161. პირველ ყმა ვარ წასვლა მინდა პატრონისა სამსახურად ხამს მეფეთა ერთგულობა ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად მერმე ცეცხლი დაუვსია აღარა მწვავს გულსა მურად ხამს რომ კაცი არ შეუდრკეს ჭირსა მიხუდეს მამაცურად

162. ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ ყმათასა ამისთვის გნუკავ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად თავადად სხვათა სპათასა ამა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა

163. ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი ნაპირობდი დარბაზს კაცსა გაგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი წიგნსა ჰსწერდი ჩემ მაგიერ უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი აქა სადმე არ ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი

164. ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე აქათ სამ წელ მამიცადე ხვაშიადი შემინახე მე ნუთუმცა შემოვბრუნდე ალვა ჩემი არ დაჭნა ხე არ მოვბრუნდე მამიგლოვე მიტირე და მივაგლახე

165. მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია აცნობე ჩემი სიკვდილი იყავ მართ ვითა მთვრალია მიხვდა თქო საქმე რომელი ყოვლთათვის გარდუვალია გლახაკთა მიეც საჭურჭლე ოქრო ვერცხლი და რვალია

166. მაშინ უფრო მომეხმარე ამისგანცა უფრო მხნედრე ნუთუ ადრე დამივიწყო მახსენებდი ზედა ზედრე მეტად კარგად დამიურვე სული ჩემი შეივედრე ზრდანი ჩემნი მოიგონე გული შენი მოიმდედრე

167. რა მონამან მოისმინა გაუკვირდა შეეზარა თვალთათ ვითა მარგალიტი ცხელი ცრემლი გარდმოყარა მოახსენა უშენომან გულმან რამცა გაიხარა ვიცი რომე არ დასდგები მაგას გიშლი ამად არა

168. ჩემად ნაცვლად დაგაგდებო ესე სიტყვა რად მიბრძანე რაგვარა ვჰქმნა პატრონობა რამც გიფერე რამც გიგვანე შე[ნ] მარტოსა გიგონებდე მემცა მიწა ვიაკვანე სჯობს ორნივე გავიპარნეთ წამოგყვები წამიტანე

169. ყმამან უთხრა მამისმინე მართლად გითხრობ არა ჭრელად რა მიჯნური ველთა ჰრბოდეს მარტო უნდა გასაჭრელად მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ უვაჭრელად კაცი ცრუ და მოღალატე ჴამს ლახვრისა დასაჭრელად

170. ვისმცა უთხარ ხვაშიადი შენგან კიდე არვინ ვარგა უშენოსა პატრონობა ვის მივანდო ვინ იქს კარგა სანაპირო გაამაგრე მტერმან ახლოს ვერ იბარგა კულა ნუთუმცა შემოვიქცე ღმერთმან სრულად არ დამკარგა

171. ფათერაკი სწორად მოჰკლავს ერთი იყოს თუნდა ასი მარტოობა ვერას მიზამს მცავს თუ ცისა ძალთა დასი აქათ სამ წელ არ მოვიდე მაშინ გმართებს გლოვა ფლასი წიგნსა მოგცემ გმორჩილობდენ ვინცა იყოს ჩემი ხასი

აქა ავთანდილისა ყმათა თანა

172. დასწერა თუ ჩემნო ყმანო დაზრდელნო და ზოგნო ზრდილნო ერთგულნო და მისანდონო ამას ზედა გამოცდილნო თქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო ვითა ჩრდილნო წიგნი ჩემი მოისმინეთ ყოვლნო ერთგან შემოყრილნო

173. მიწაცა თქვენი ავთანდილ ისმინეთ გიწერთ მე რასა თვით ვიქმ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა ცოტასა ხანსა ვარჩივენ გაჭრა სმასა და მღერასა პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა

174. საქმე რა მიძს თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი დავჰყო მარტო და ღარიბად ესე წლეული მე წელი გემუდარები ამისთვის ვარ თქვენი შემამხვწელი მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი

175. მე შერმადინ დამიგდია ჩემად კერძად პატრონობდეს სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა ჰსცნობდეს ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს ვარდსა ზვრიდეს არ აჭკნობდეს შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს