ვეფხისტყაოსანი (H-248), XIX ს.

97. თვალთა ჴელნი უკუივლო ცრემლნი ცხელნი მოიწურნა ჴრმალ კაპარჭნი მოიმაგრა მკლავნი გაიმამაცურნა ცხენსა შეჯდა მონათამცა საუბარნი რად იყურნა სხვასა მხარსა გაემართა მათი ჭირნი არა განჰკურნა

98. მონათა ჴელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად მან გლახ იგინი დახადნა მტერთაცა საწყალობლად ჰკრა ერთმანერთსა დახოცნა თავის ხელ აუპყრობელად ზოგსა მათრახი გადაჰკრის მკერდამდის გასაპობელად

99. მეფე გასწყრა გაგულისდა მონანიცა შეუზახნა მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტა არცა ნახნა რაზომნიცა მიეწივნეს ყოვლნი მკვდართა დაასახნა კაცნი კაცსა შემოსტყორცნა როსტან ამად ივაგლახნა

100. შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად იგი ლაღი და წყლიანი მივა ტანისა მრხეველად ტაიჭი მიუგს მერანსა მიეფინების მზე ველად შეიქნა მისვლა მეფისა მისად უკანა მდეველად

101. რა სცნა მეფე მოვიდაო ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა მასვე წამსა დაიკარგა არ უნახავს თვალსა ჩვენსა ჰგვანდა ქვესკნელს ჩანაძრომსა ანუ ზეცად ანაფრენსა ეძებდეს და ვერ ჰპოებდეს კუალსა მისგან წანარბენსა

102. კუალი ძებნეს და უკვირდათ ვერ პოვნა ნაკვალევისა აგრე კვალ წმიდად წახდომა კაცისა ვითა დევისა ლაშქარნი მკვდართა ტიროდეს სწრაფა უქსთ წყლულთა ხვევისა მეფემან ბრძანა ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა

103. ბრძანა ღმერთსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანაღვლება სიკუდილამდის დამაწყლულა ვერვის ძალუძს განკურნება მასვე მადლი ესე იყო წადილი და მისი ნება

104. მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი დაღრეჯილი მისგან კიდე არვინ შეჰყვა ავთანდილ უჩნს ვითა შვილი ყველაკაი გაიყარა ჯალაბი ჩანს არ დაჯრილი გაბედითდა სიხარული ჩაღანა და ჩანგი ტკბილი

105. თინათინს ესმა ეგეთი მამისა დაღრეჯილობა ადგა და კარსა მივიდა ჰქონდა მზისაცა ცილობა მოლარე იხმო უბრძანა ძილია თუ ღვიძილობა მან მოახსენა დაღრეჯით ჰზის სჭირსო ფერ შეცვლილობა

106. ერთიღა ახლავს ავთანდილ წინაშე უზის სკამითა უცხო ყმა ვინმე უნახავს ასრე დაღრეჯით ამითა თინათინ ბრძანა წავალო შესლვა არს ჩემგან ჟამითა იკითხოს ჰკადრე იყო თქო აქა ერთისა წამითა

107. ხანი გამოხდა იკითხა ნეტარ რასა იქს ქალიო ჩემი ლხინი და ჯავარი ჩემი სოფლისა წყალიო მოლარე ჰკადრებს მოვიდა აწაღა ფერ ნამკრთალიო დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო

108. უბრძანა თუ წადი უხმე უმისობა ვით გავძლეო მოახსენე რად დაბრუნდი შენ მამისა სიცოცხლეო მოდა ჭმუნვა განმიქარვე გულსა წყლულსა მეწამლეო გითხრა ჩემი სამიზეზო მე თუ ლხინთა რად დავლეო

109. თინათინ ადგა მივიდა მიჰყვა მამისა ნებასა უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა მამამან გვერდსა დაისვა აკოცა ნება ნებასა უბრძანა მახლავ რად არა რად მელი მოყვანებასა

110. ქალმან ჰკადრა ჴელმწიფეო დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს ვინცა გნახა კადნიერად რაზომ გინდა ამაყობდეს თქვენი ეგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს კაცმან საქმე მოიგვაროს ვეჭვ ჭმუნვასა ესე სჯობდეს

111. უბრძანა შვილო რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია შენი ჭვრეტა და სიცოცხლე ლხინადვე დამისახია მამაქარვები სევდისა მართ ვითა მუფარახია ვეჭუ რა სცნა შენცა მამართლო ჩემი სულთქმა და ახია

112. უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე მისმან შუქმან განანათლა სამყარო და ხმელთა კიდე რა უმძიმდა არ ვიცოდი ან ტიროდა ვისთვის კიდე ჩემად ნახვად არ მოვიდა გავგულისდი წავეკიდე

113. მე რა მნახა ცხენსა შეჯდა თვალთა ცრემლნი მოიხოცა ვითა ეშმა დამეკარგა არ კაცურად გარდამკოცა შესაპყრობლად შევუძახენ სპანი სრულად დამიხოცა ჯერედცა ესე არა ვიცი ცხადი იყო თუ მეოცა

114. აწ ესე მიკვირს რა იყო ანუ რა ვნახე დარული ვინ დამიხოცნა ლაშქარი ადინა სისხლი ღუარული კაცთა ხორცისად ვით ითქმის ისრე თვალთაგან ფარული უთუოდ ღმერთსა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული

115. ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს დამავიწყდა რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს ვეღარავინ მინეტარნეს სადამდისცა დღენი მესხნეს ვეღარამან გამახარნეს

116. ქალმან უთხრა მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა ჰე მეფეო რად ენდურვი ანუ ღ~თსა ანუ ბედსა რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა