ვეფხისტყაოსანი (H-248), XIX ს.

58. ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა ვითა ნათურქალსა მას ტაიჭსა არაბულსა ქვე ნაბამსა ნასუქარსა რომე გვანდა სიუხვითა ბუქსა ზეცით ნაბუქარსა არ დაარჩენს ცარიელსა არ ყმასა და არცა ქალსა

59. დღე ერთ გარდახდა პურობა სმა ჭამა იყო ლხილობა ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა სთქვეს რა უმძიმს რა სჭირსო შექნეს ამისი ცილობა

60. თავსა ჰზის პირ მზე ავთანდილ მჭვრეტთაგან მოსანდომია სპათა სპასპეტი ჩაუქი ვითა ვეფხი და ლომია ვეზირი ბერი სოგრატი თვით მასთანავე მჯდომია თქვეს თუ რა უმძიმს მეფესა ანუ რად ფერი ჰკრთომია

61. სთქვეს თუ მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლე არა ქნილა ავთანდილ ჰრქუა სოგრატ ვჰკითხოთ გვითხრას რაცა შეგვეცილა უთხრათ რამე სალაღობო რასათვისმცა გაგვაწბილა

62. აღსდგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა თვითო აივსეს ჭიქები მივლენ ქცევითა წყნარითა წინა მიუსხდეს მუხლ მოყრით პირითა მოცინარითა ვეზირი ლაღობს ენითა წყლიანად მოუბნარითა

63. დაგიღრეჯია მეფეო აღარ გიცინის პირიო მართალ ხარ წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ ხშირიო ყოლამცა მეფედ ნუ დასვი თავსა რად უგდე ჭირიო

64. რა მეფემან მოისმინა გაცინებით შემოხედნა გაუკვირდა ვით მკადრაო ან სიტყვანი ვით გაბედნა კარგა ჰქენო დაუმადლა ბრძანებანი უიმედნა ჩემი ზრახვა სიძუნწისა ტყუვის ვინცა დაიყბედნა

65. ეგე არ მიმძიმს ვეზირო ესეა რომე მწყენია სიბერე მახლავს დავლიე სიყმაწვილისა დღენია კაცი არ არის სითგანცა საბრძენებელი ჩვენია რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია

66. ერთიღა მიზის ასული ნაზარდი სათუთობითა ღმერთმან არ მომცა ყმა შვილი ვარ საწუთროსა თმობითა ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად ანუ კვლავ ბურთაობითა ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე განაზარდობითა

67. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა თავ მოდრეკით გაიღიმნა გაცინება დაუშვენდა თეთრთა კბილთათ გამომაკრთალთა შუქი ველთა მოაფენდა მეფე ჰკითხავს რას იცინი ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა

68. კულავ უბრძანა თავსა ჩემსა რას იცინი რას დამგმეო ყმამან ჰკადრა მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო რამცა გკადრო არ გეწყინოს არ გარისხდე არ გასწყრეო არ გამხადო კადნიერად არ ამიკლო ამაზეო

69. უბრძანა რამცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა ფიცა მზე თინათინისა მის მზისა მოწუნარისა ავთანდილ იტყვის დავიწყო კადრება საუბარისა ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა

70. მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია ნაძლევი დავსდვათ მოვასხნეთ მოწმად თქვენივე სპანია მოასპარეზედ ვინ მგავსო ცუდიღა უკუთქმანია გარდამწყვეტელი მისიცა ბურთი და მაედანია

71. მე არ შეგარჩენ თქვენ ჩემსა მაგისსა დაცილებასა ბრძანე ვისროლოთ ნუ იქმო შედრეკილობა კლებასა კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა მერმე გამოსჩნდეს მოედანს ვისძი უთხრობდენ ქებასა

72. ავთანდილცა დამორჩილდა საუბარი გარდაწყვიდეს იცინობდეს ყმაწვილობდეს საყვარლად და კარგად ზმიდეს ნაძლევიცა გააჩინეს ამა პირსა დაასკვნიდეს ვინცა იყოს უარესი თავ შიშველი სამ დღე ვლიდეს

73. კვლავ ბრძანეს მონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა მარებლად თორმეტი ჩემად ისრისა მომრთმევლად მოსახმარებლად ერთიღა შენი შერმადინ არს მათად დასადარებლად ნასროლ ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად მიუმცდარებლად

74. მონადირეთა უბრძანა მინდორნი მოიარენით დასცევით ჯოგი მრავალი თავნი ამისთვის არენით ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს მოდით და მოიჯარენით გაჰყარეს სმა და ნადიმი მუნ ამაოდ გავიხარენით

75. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი ძოწეულითა მოსილი პირად ბროლ ბალახჩოსანი პირს ოქრო რიდე ეხვია შვენოდა ქარქაშოსანი მეფესა გასლვად აწვევდა მოდგა თეთრ ტაიჭოსანი

76. შეეკაზმა მეფე შეჯდა ნადირობას გამოვიდეს მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს ალყად გარე შემოჰკროდეს ზეიმი და ზარი იყო სპანი ველთა დაფარვიდეს ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს

77. უბრძანა მონა თორმეტი მოდით ჩვენთანა ვლიდითა მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით ისარსა მოგვართმიდითა ნაკრავსა შეადარებდით ნასროლსა დასთვალვიდითა დაიწყო მოსულა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა