ვეფხისტყაოსანი (H-248), XIX ს.

78. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ მიუწთომელი ირემი თხა და კანჯარი ქურციკი მაღლა მხლტომელი მას პატრონ ყმანი გაუხდეს საჭვრეტლად სჯობდეს რომელი აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი

79. ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს მიხოცდეს და მიესროდეს მინდორს სისხლთა მიასხმიდეს რა ისარი დაელივნის მონანი ყე მოართმიდეს მჴეცნი მათგან დაკოდილნი წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს

80. იგი ველი გაირბინეს ჯოგი წინა შემოისხეს დახოცეს და ამოწყვიტეს ცათა ღმერთი შეარისხეს ველნი წითლად შეეღებნეს ნადირთაგან სისხლი ისხეს ავთანდილის შემხედველთა ჰგავს ალვაა ედემს ისხეს

81. იგი მინდორი დალივეს მართ მათგან განარბენია ნადირნი ტყესა შეესწრეს სადა ვერა რბის ცხენია მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია იგი ორნივე მაშვრალნი მოსწყდეს რაზომცა მხნენია

82. ერთმანერთსა თუ მე გჯობო სიცილით ეუბნებოდეს ამხანაგობდეს ლაღობდეს იქით და აქათ დგებოდეს მერმე მოვიდეს მონანი რომელნი უკან ჰყვებოდეს უბრძანა თქვითო მართალი ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს

83. მონათა ჰკადრეს მართალსა გკადრებთ და ნუ გემცდარებით მეფეო ყველა ვერ ვიტყვით შენსა მაგისა დარებით აწემცა დაგვხოც ვერა ჰგავ ვერათ ვერ მოგეხმარებით ვისგან ნაკრავნი გვინახავნ მხეცნი ვერ წაღმა წარებით

84. ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია არ დასცდომია ერთიცა რაც ოდენ შეუტყორცია თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი დაგვიხოცია

85. მეფესა ესე ამბავი უჩანს ვითა მღერა ნარდისა უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა აქუს მიჯნურობა ამისი ვითა ბულბულსა ვარდისა სიცილით ლაღობს მიეცა გულით ამოსლვა დარდისა

86. იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა ლაშქართა შექნეს მოდენა მოდგეს უფროსი ბზეთასა ახლოს უდგეს მონა თორმეტი უმხნესი სხვათა მხნეთასა თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ხეთასა

აქა ამბავი და ნახვა არაბთა მეფის როსტევანისაგან ტარიელისა

87. ნახეს უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ აბჯარ უნაგირსა ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა გულსა მდუღრად ანატირსა

88. მას ტანსა კაბა ემოსა გარე თმა ვეფხის ტყავისა ვეფხის ტყავისა ქუდიცა იყო სარქმელი თავისა ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უმსხოსი მკლავისა ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა

89. მეფემან ბრძანა ვინ არის უცხო პირად და ტანადო უბრძანა ერთსა მონასა წადი ფიცხლად და ჯანადო გიბრძანებს უთხარ ვერ გიცნობ ჩემთა ლაშქართა თანადო ვინცა ხარ მოდი წინაშე შენ ჩემგან მონაყვანადო

90. წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულმდუღარისად თავჩამოგდებით მტირლისა არ მჭურეტთა მოლიზღარისად მუნვე სწვიმს წუიმა ბროლისა ჰგია გიშრისა ღარი სად ახლოს მივიდა მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად

91. ვერა ჰკადრა საუბარი მონა მეტად შეუზარდა დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით თუცა გული უმაგარდა მოახსენა გიბრძანებსო ახლოს მიდგა დაუწყნარდა იგი სტირს და არა ესმის მისგან გაუუმეცარდა

92. მის მონისა არა ესმა სიტყვა არცა ნაუბარი მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი უცხოდ რადმე ამოსკვნოდა გული ცეცხლთა ნადებარი ცრემლსა სისხლი ერეოდა გასდის ვითა ნაგუბარი

93. სხვაგან ქრის მისი გონება მისმან თავისა წონამან ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კვლა ჰკადრა მონამან არცა დააგდო ტირილი არცა რა გაიგონა მან არცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან

94. რა პასუხი არა გასცა მონა გარე შემობრუნდა როსტანს ჰკადრა შემიტყვია იმას თქვენი არა უნდა თვალნი მზეებრ გამირეტდეს გული მეტად შემიძრწუნდა ვერ ვასმინე საუბარი მით დავყოვნე ხანი მუნ და

95. მეფე გაცაწყრა მას ახედა გული უც მისთვის მწყრომარე გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე უბრძანა ჴელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე მიდით და აქა მომგუარეთ ვინ არის იქი მჯდომარე

96. მონანი მიდგეს მივიდეს გახდა აბჯრისა ჩხარია მაშინღა შეკრთა იგი ყმა ჰსტირს მეტად გულ მდუღარია თვალნი მოარნა ყოველგან ნახა ლაშქართა ჯარია ერთხელ ესე თქვა ვამეო სხვად არას მოუბარია