ვეფხისტყაოსანი (H-248), XIX ს.

255. იტყვის თუ ამა სიტყჳთა მას ფერი შეეცვალების ვისთვისმე ხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების კვლა უთხრა დაო მიჯნური მტერთაცა შეებრალების ესეცა იცი სიკვდილსა თვით ეძებს არ ეკრძალების

256. ვარ მიჯნური ხელი ვინმე გაუძლებლად სულთა დგმისად ჩემან მზემან გამომგზავნა საძებარად ამა ყმისად ღრუბელიცა ვერ მიხვდების მე მისრულვარ სადა ვლისად გული შენი მიპოვნია მისი შენდა შენი მისად

257. მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე მისთჳს ჴელმან გამოჭრილმან ლხინი ჩემი ვაალქატე ორისაგან ერთი მიყავ ტყვე მყავ ანუ მააზატე ან მაცოცხლე ანუ მამკალ ჭირი ჭირსა მამიმატე

258. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი ეგე საქმე მოიგონე დია რამე უკეთესი წეღან სიტყვა მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი აწ მოყვარე გიპოვნივარ დისაგანცა უფრო დესი

259. მაშა რადგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე არ ეგების ამას იქით თუმცა თავი არ გამონე არ შენ მოგცე თავი ჩემი დაგაბნიე დაგაღონე შენთვის მოვჰკვდე ამისებრივ მემცა საქმე რა ვიღონე

260. აწ რაცა გითხრა თუ ამა საქმესა დამორჩილდები რასაცა ეძებ მიხვდები უცილოდ არ ასცილდები თუ არ მამისმენ ვერ ჰპოებ რაზომმცა ცრემლსა მილდები მოგხვდების მდურვა სოფლისა მოჰკვდები გაცასწბილდები

261. ყმამან უთხრა ეგე საქმე ამას გავსო არა სხვასა ორნი კაცნი მოვიდოდეს სადაურნი სადმე გზასა უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა ზედ მიადგა ჩაჰყიოდა ტირს იზახის ვაგლახ ვასა

262. ეგრე უთხრა ამხანაგო იყავ მანდა მამიცადე წავალ თოკთა მოსახმელად მწადსო თუმცა ამოგზიდე მას ქვეშეთსა გაეცინა გაუკვირდა მეტად კიდე შემოჰყივლა არ გელოდე სად გაგექცე სად წავიდე

263. აწ დაო შენთა ხელისაა ჩემი საბელი ყელისა სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აპყრობა ხელისა რასაცა მიზამ შენ იცი შენ ხარ წამალი ხელისა თვარა ვისმც ექმნა გორლითა შეკვრა თავისა მრთელისა

264. ქალმან უთხრა მამეწონა ყმაო შენი ნაუბარი ხარ უცილოდ კარგი ვინმე მოყმე ბრძენთა საქებარი ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი რაცა გითხრა მამისმინე გიპოვნია საძებარი

265. იმა მოყმისა ამბავი არსად არა იპოვების თჳთ თუ არ გითხრობს არ ითქმის არ ვისგან დაიჯერების მოილოდინე მოვიდეს რაზომცა დაგეყოვნების დაჰდუმდი ვარდსა ნუ აზრობ ცრემლითა ნუ ითოვნდების

266. გითხრა თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა ტარიელ არის სახელი ამა მოყმისა ხელისა მე ასმათ მქჳან რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა სულთქმა სულთქმისა ბევრისა მაშა თუ არ ერთხელისა

267. ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა მე მაჯანსა ვჰსჭამ გლახ მარტო ნადირისას მისგან ხორცსა მონატანსა აწვე მოვა არა ვიცი თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა

268. ამას გვედრებ მოიცადო თავი სხვაგან არსად არო რა მოვიდეს შევეხვეწო ნუთუ ვით რა მოვაგვარო ერთმანერთსა შეგამეცნე თავი შენი შევაყვარო თჳთ გიამბოს საქმე მისი საყვარელსა გაახარო

269. ქალსა ყმამან მოუსმინა დამორჩილდა დართო ნება ამა ზედა მოიხედეს ხევით ესმა ჩხაპუნება მთვარე წყალსა გამოსრული ვნახე შუქთა მოვანება უკუირდეს და აღარა ჰქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება

270. ქალმან უთხრა ყმაო ღმერთმან მოგცა ჟამი რაცა გინა მაგრა თავი უჩინოდ ჰყავ დამალული იყავ შინა იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინა ნუთუ ვით რა მოვაგვარო შენი ნახვა არ ეწყინა

271. ავთანდილ ქვაბსა დამალა ქალმან მალვითა მალითა იგი ყმა ცხენსა გარდაჰხდა შვენოდა კაპარჭ ხრმალითა იტირეს მაღლად ცრემლითა ზღვათაცა შესამალითა ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა

272. ამარტის ფერად შეჰსცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან შეხსნა შეიღო აბჯარი ცხენიცა შეიყვანა მან დადუმდეს ცრემლნი მოჰკვეთეს შავმან გიშრისა დანამან

273. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ტყვე საკნით ნააზატები მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები მას ზედან დაჰსჯდა იგი ყმა სულთქვამს ჭირ მონამატები სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები

274. მან ქალმან ხელჰყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა შეუქნელისა მიუპყრა ერთი ახლიჩა ჰქმნაა საქმისა ძნელისა ძალი არ ჰქონდა დაუწყო გამოყრა უცოხნელისა