.... (H-1759), XIX ს.

157. ჴელთა ჰქონდა მშვილდი ისარი, მათკენ მივა მხიარული ორთა კაცთა წვეროსანთა, ყმა მოჰყვანდა უწვერული თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული სტიროდეს და იჭიროდეს, ცოტა ედგა მას გლახ სული

158. უყივლა თუ ძმანო ვინ ხართ, მეკობრეთა დაგამსგავსე მათ მიუგეს დაგვიწყნარდი, გვიშველე რა ცეცხლნი ავსე ვერა გვარგო მოგვიმატენ, ჭირი ჭირთა მოგვისავსე სატირელი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსე

159. ავთანდილ მიდგა ეუბნა, მათ კაცთა გულ მდუღარეთა მათ უთხრეს მათი ამბავი, ტირილით მოუბარეთა ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა დიდი გვაქვს ციხე ქალაქი, ხატაეთს არე მარეთა

160. კარგი გვესმა სანადირო, ნადირობად წამოვედით გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით ვხოცეთ მხეცი უსაზომო, მინდორით და მთით და ქედით

161. ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა, მესროლნი დავაწბილენით მით ერთმანერთსა სამნივე, ჩვენ კიდე დავეცილენით მე უკეთ მოვჰკლავ მე გჯობო, სიტყვანი ვავაქილენით ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ ვითაკილენით

162. დღეს ავყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა ვთქვით გავაჩინოთ მართალი, ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა თავსა ვიახლნეთ მარტონი, დავსდგეთ თავის თავითა თვით დანახულსა მოვკულიდეთ, ნუ ვესვრით დამნახავითა

163. ჩვენ ვიახლენით სამთავე, სამნივე მეაბჯრენია ლაშქართა წასვლა უბრძანეთ, მით არას მოაზრენია მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია დავხოცეთ მხეცნი ფრინველი, რაც ზედა გარდაგვფრენია

164. ანაზდად მოყმე გამოჩნდა, კუშტი პირ გამქუშავია ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, მერანი რამე შავია თავსა და ტანსა ემოსა, გარე თმა ვეფხის ტყავია ჯერ მისი მსგავსი შვენება, კაცთაგან უნახავია

165. უჭურიტეთ მისთა ელვათა, შუქნი ძლივ გავიცადენით ვთქვით თუ მზეაო ქვეყნად, ნუ ვეუბნებით ცად ენით მისი მოგვინდა შეპყრობა, ვკადრეთ და შევეცადენით ასრე სულთქმით და ვაებით, მით ვართ ცრემლისა დადენით

166. მე უხუცესმან უმცროსსა, კაცი დავსთხოვე ქენებით ჩემმან შედეგმან ტაიჭი, მისი თვით აქო ხსენებით ამან მართ ოდენ მორევნა, გვითხრა უალეთ ჩვენებით მივმართეთ იგი აგრევე, წყნარად მივა და შვენებით

167. ბროლმან ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა იგი ტკბილნი გონებანი, ჩვენთვის მეტად გაამყიფნა არ აგვიხვნა არცა დაგვსხნა, ყოლე არად ამოგჰვკრიფნა მისნი მკვახედ მოუბარნი, მათრახითა დაგვამწიფნა

168. უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსსა დავეზიდენით ჴელი მოჰკიდა დადეგო, ესეცა ჰკადრა კიდ ენით მან ჴრმალსა ჴელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით თავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით

169. მით ერთითა მათრახითა, თავი ასრე გარდაფრიწა ვითა მკვდარი უსულო ქმნა, ვითა მიწა დაამიწა მისი რასმე მკადრებელი, მოამდაბლა მოამიწა თვალთა წინა წაგვივიდა, ლაღი კუშტი ამაყი წა

170. აღარ დაბრუნდა წავიდა, წყნარად და აუჩქარებლად აგერა მივა ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად შორს უჩვენებდეს ავთანდილს, მტირალნი გაუხარებლად ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი, მისი მის მზისა მარებლად

171. აჰა მიხვდა ავთანდილსა, ღაწვთა ცრემლით არ დათოვნა რადგან ცუდად არ წაუხდა, მას ეზომი გარეთ ყოვნა კაცსა მიხვდეს საწადელი, რას ეძებდეს მისი პოვნა მაშინ მისგან აღარა ჴამს, გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა

172. უთხრა თუ ძმანო ვარ ვინმე, ღარიბი უადგილოსა მე იმა ყმისა საძებრად, მოვშორდი საგაზრდილოსა აწ თქვენგან მივხვდი საქმესა, ყოლა არ საადვილოსა ღ~თიმცა ნურას ნუღარ იქმს, თქვენსა დასაღრეჯილოსა

173. ვითა მე მივხვდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა აგრემცა ღ~თი ნურას იქს, ძმისა თქვენისა ვნებასა უჩვენა მისი სადგომი, მიდითო ნება ნებასა ჩრდილსა გარდასვით მაშურალნი, მიეცით მოსვენებასა

174. ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა ვითა გავაზი გაჰფრინდა, არ გაშვებული ხეზითა ან მთვარე მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა დაივსო ცეცხლი შემწველი, მისითა მან მიზეზითა

175. მიეწურა იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს საუბარმან უმეცარმან, შმაგი უფრო გააშმაგოს ჴამს თუ კაცმან გონიერმან, ძნელი საქმე გამოაგოს არ სიწყნარე გონებისა, მოიძულოს მოიძაგოს

176. რადგან ისი არის სადმე, უცნობოდ და ისრე რეტად რომე კაცსა არ მიუშვებს, საუბრად და მისად ჭვრეტად მივეწევი შევიყრებით, ერთმანერთის ცემა ჟლეტად ანუ მომკლავ ანუ მოვკლავ, დავიკარგეთ მეტის მეტად