ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

ტარიელისაგან ქვაბსავე მისვლა მეორედ ნესტან-დარეჯანითურთ

1795. ამ საქმესა დაფარულსა ბრძენ დიონოს გააცხადებს, ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს ავსა წამ-ერთ შეამოკლებს, კარგსა ხან-გრძლად გააკვლადებს, თავსა მისსა უკეთესსა უზადო -ჰყოფს, არ აზადებს.

1796. ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი, იგი მზენი, თანა მიჰყავს პირი მზისა, ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი, ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი, დანათხზენი მუნ ბადახშსა აშვენებდეს სინატიფე, სინაზენი.

1797. იგი მზე უჯდა კუბოსა და აგრე არონინებდეს; მინადირობდეს, ნადირსა მუნ სისხლსა დაადინებდეს; სადაცა დახვდეს ქვეყანა, მჭვრეტელთა მოალხინებდეს, მოეგებნიან, სძღვნობდიან, აქებდეს, არ აგინებდეს.

1798. მას ჰგვანდეს, თუმცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა; იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა, ბრძნად მოუბარეთა; შიგან მათ დიდთა მინდორთა, ყოვლგნით კაც-მიუმცვდარეთა, სად ყოფილ იყო ტარიელ, მიხვდეს მის კლდისა არეთა.

1799. ტარიელ ბრძანა: “მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა; მუნ მივალ, სადა ყოფილ ვარ, მჭირდა სადამდის ხელობა; მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უც ხორცისა ხმელობა, მე რომე გიძღვნი ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა.”

1800. მივიდეს, შიგან გარდახდეს ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა. ასმათს უც ხორცი ირმისა, იქს მასპინძლობა-კვეთასა. ამხანაგობდეს, ლაღობდეს, წასლვასა მათ საქმეთასა; ღმერთსა ჰმადლობდეს შეცვლასა ლხინად ჭირისა დღეთასა.

1801. მოიარეს ქვაბოვანი, თამაშობდეს მხიარულნი, პოვნეს იგი საჭურჭლენი, ტარიასგან დაბეჭდულნი, ვერცა ვისგან დანათვალნი, ვერცა ვისგან შეგებულნი; არ იტყვიან თუ არა გვაქვსო, იგ ამისთვის გულ-ნაკლულნი.

1802. უბოძა ტურფა მრავალი მათ მათი შესადარები. კვლა ფრიდონისნი აავსნა, სპა ჰყვა თუ სპასალარები, აივსო კაცი ყველაი მაშინ მათ თანა ნარები, მაგრა ძეს რომე საჭურჭლე,ჰგვანდა კაც-დაუკარები.

1803. ფრიდონს უთხრა: “ვალი თქვენი ჩემგან ძნელად გარდიხდების, მაგრა თქმულა: «კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების»; აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების, შენი იყოს ყველაკაი, შენ წაიღე, ვითა გხვდების.”

1804. ფრიდონ მდაბლად თაყვანი სცა,ჰკადრა მადლი მეტის-მეტი: “მე, მეფეო, რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი? მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი, ჩემი ლხინი მუნამდის ა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი!”

1805. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად, სახლსა მისსა მისაღებლად მის ყველასა საჭურჭლისად; აწ მუნითგან გაემართნეს არაბეთით წავლად გზისად, ავთანდილ ა გალეული შესაყრელად, მთვარე, მზისად.

1806. მუნიდგან ვლეს შექცევითა, რომე მეტი არ იქნების, ასრე რომე ყოველ დღივა ნადირობა არ აკლდების; გაცემა და წყალობანი დიდსა, მცირეს, რაც შეხვდების, ერთმანეთის ახლო ყოფით ვითა ვარდნი აყვავდების.

1807. მიხვდეს არაბთა საზღვარსა, რა ვლეს მრავალნი ხანები. დახვდა სოფლები, ციხები, ხშირ-ხშირად თანის-თანები, მუნ შიგა მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები, ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები.

1808. ავთანდილ იცნეს, გაისმა ხმა მათგან სიხარულისა დაიწყეს ყოვლგნით ლაშქართა ქნა მათკენ სიარულისა თაყვანის- სცემდა სიმრავლე სპისა პირ- მხიარულისა, ქალი ნახიან: შვენება, თქვიან, არს მზისა სრულისა.

1809. ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა; შესთვალა: “გკადრებ, მეფეო, სურვილთა სიიეფესა; მე მოვალ მეფე ჰინდოთა დარბაზსა თქვენსა სეფესა, გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭვნელსა, მოუკრეფესა.

1810. ,,მე ვით ვიმართლო თქვენს წინა შემცოდე ჩემი თავია? მქონდა მე მაშინ ხელ -მქნილსა გული ცეცხლ-შენართავია; ლაშქარი ვნახე, მამეცა ჭირი ჭირს დანართავია, აწ ლხინით ვნახოთ მგოსანნი და ჩანგთა გამმართავია.

1811. “მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა, ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ, შემოტეობა ცხენისა; მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა, დავჰხოცე მონა მრავალი, მსახურნი სრისა თქვენისა.

1812. “აწ ამად მოვალ წინაშე, დავყარენ ჩემნი გზანია, შემინდოთ, რაცა შეგცოდე, ჰქმნნეთ გაწყრომისა კმანია. ძღვენი არა მაქვს, გვმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია, ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთვის მომიტანია”.

1813. რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა, ვით გაეხარნეს, ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა; თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა, ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ-წამწამისა.