ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

1814. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა ხმა მაშინ თქართქარებისა. ლაშქარნი რბოდეს მი და მო, ქნა სწადდა მათკენ რებისა. დაიწყეს მოსხმა ცხენისა, მოღება უნაგრებისა, შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავ-ფიცხელ, გულ-მაგრებისა.

1815. მეფე შეჯდა, გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი. ვისცა ესმის, მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი. ყველაკაი ღმერთსა ჰმადლობს, გაამაღლნეს მათნი ხმანი, თქვეს: “ბოროტსა უმყოფოო, კეთილნია, შენთვის მზანი!”

1816. რა ერთმანერთი აუჩნდა მიგებულ-მოსაგებავთა, ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა: “აგერა ხედავთ მინდორთა, მტვერითა შენაღებავთა? ამად მედების, სახმილი გულსა ეცხელა, ებავთა.

1817. “ისია ჩემი გამზრდელი და თქვენდა მოგებებულა. იქი ვერ მივალ, მრცხვენიან, გულსა სახმილი დებულა, ჩემად არაკად სულ-დგმული კაცი არ გაწბილებულა, რასაცა მიზამთ, თქვენ იცით, ფრიდონ თქვენადვე ხლებულა”.

1818. ტარიელ უთხრა: “კარგსა იქ შენ პატრონისა კრძალვასა. აწ დადეგ, იქი ნუ მიხვალ, იქმცა უჩემოდ ხალვასა. მე მივალ, უთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა, ვეჭვ, ღმრთითა ადრე შეგყარო მზესა მას, ტანად ალვასა”.

1819. მუნ დადგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი. ნესტან-დარეჯან მუნვე დგას, იგია მჭვრეტთა მზარავი, მისთა წამწამთა ნიავი ქრის, ვითა ქარი არავი, წავიდა მეფე ინდოთა მისრული, მიუპარავი.

1820. ფრიდონ წაჰყვა; გაღანამცა გავლეს ველი დიდსა ხანსა; ცნა მეფემან, ტარიელა მარტო მოვა, მოხრის ტანსა; გარდახდა და თაყვანი სცა მას უკადრსა, ლომებრ ჯანსა, სდებს პატივსა ინდოთ მეფეს, მართ მამისა შესაგვანსა.

1821. მუნით როსტან მოეგება, არ ჰყოფს ზრდილობის კლებასა, ცხენით გარდახდნენ, იქმოდნენ შეყრის მოსწრაფებასა; არაბთა მეფე სალამსა ჰკადრებს ტარიელს, ქებასა, შეტრფობით უმზერს, მიეცა როსტენ მუნ დიდსა შვებასა.

1822. ტარიელცა თაყვანი სცა, მივა კოცნად, სასალამოდ; მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაჰამოდ, გაკვირვებით ეუბნების, არის მისგან სათამამოდ: “შენ მზე ხარო, შენი გაყრა არის დღისა შესაღამოდ”.

1823. გაეკვირვა მეფე მისსა თვალადობა-სიტურფესა, პირსა უჭვრეტს გაკვირვებით, უქებს მკლავთა სიალფესა; კვლა ფრიდონცა უსალამა, თაყვანი -სცა მან მეფესა, მას მეფესა, ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა.

1824. მეფე ტარიას ქებასა დაჰკრთების, დაეღონების. ტარიელ ეტყვის: “მეფეო, აწ გული შენ გემონების; მიკვირს, თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების! რათგან ავთანდილ შენია, სხვა რად ვინ მოგეწონების?

1825. კვლა მეფე ჰკითხავს:,, რა უყავ თქვენი უღირსი ძმობილი? თან რად არ გახლავსთ, ეს მიკვირს, სჭირს რამე დასაგმობილი? შენთა წამალთა ძებნითა გულსა ლახვარი სობილი, ამა ლაშქართა თავადი, ჩემგან ძეობით ხმობილი.“

1826. ნუ გიკვირს მისი ვერ ნახვა და დაყოვნება ხანისა! მოდი და დავსხდეთ, მეფეო, ამოა კორდი მწვანისა, გკადრო მიზეზი მისისა თქვენს წინა ვერ მოტანისა, ვიაჯ რასმე, აწ მმართებს მოთხოვა მე ფარმანისა”.

1827. დასხდეს მეფენი, მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა. ტარიელს პირსა ციმციმი ათქს, უნათლესი ბაზმისა, ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა, ყოფა ქცევისა და ზმისა, დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა, ბრძნად ნაკაზმისა:

1828. “მეფეო, თავი მემცრობის მე მისად მოსახსენებლად, მაგრა მოსრული თქვენს წინა ვარ შემომხვეწლად მქენებლად. თვით იგი იაჯს, რომელიც ჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად, ვინ არის ჩემად სინათლედ და ჩემად გამათენებლად.

1829. “აწ ამას გკადრებთ ორნივე ხვეწით და შემუდარებით, ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დადებით, დაჰვიწყდეს, რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთავე დარებით, არ გაწყენ, გრძელი ამბავი არს ჩვენგან მიუმხვდარებით.

1830. “თქვენთა უყვარს ერთმანერთი, ქალი მას და იგი ქალსა, მით ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერ-ნამკრთალსა; მუხლ-მოყრილი გიაჯები, ნუღარ აწვევ იმათ ალსა, რომე მისცეთ ქალი შენი მკლავ-მაგარსა, გულ-ფიქალსა.

1831. “ამის მეტსა არას გკადრებ, არ მოკლესა, არცა გრძელსა”. ამოიღო ხელ-მანდილი, მოინასკვა იგი ყელსა, ადგა, მუხლნი მიუყარნა, იაჯების ვითა მზრდელსა, გაუკვირდა ყოვლსა კაცსა, მის ამბისა მომსმენელსა.

1832. რა ტარიელ მუხლ-მოყრილი ნახა, მეფე შეუზარდა, შორს უკუდგა, თაყვანის- სცა, ქვე მიწამდის დაუვარდა. მოახსენა: “ხელმწიფეო, ლხინი ყოვლი გაუქარდა, თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქვენი ჩამადარდა.

1833. “ვით ეგების, რაცა გწადდეს, რომე კაცი არ მოგთმინდეს, ანუ მშურდეს ქალი ჩემი, საკლავად და ტყვედცა გინდეს; გებრძანამცა სახლით თქვენით, ცრემლი არცა მაშინ მდინდეს; სხვა მისებრი ვერა პოვოს, ცათამდისცა გაცაფრინდეს!