ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

1737. ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფა სიტყვითა, ენითა: “დიდად ვიამე, მეფეო, პირველ ნახვითა თქვენითა, მერმე აგვავსენ მრავლითა ტურფა ფერითა ძღვენითა, ვიცი, შორი-შორ არ-ჩავლა ჩვენ თქვენი კარგად ვქენითა”.

1738. ზღვათა მეფე მოახსენებს: “ხელმწიფეო, ლომო, ქველო, მოახლეთა სიცოცხლეო, ვერ მჭვრეტელთა შორით მკლველო, მსგავსი თქვენი რამცა მეძღვნა, შვენიერო სანახველო! რა მოგშორდე, რა მერგების, საჭვრეტელად სასურველო?!”

1739. ტარელ ფატმანს უბრძანა: “მე თავი შენი მიდია; დავ, გული შენი ჩემზედა გარდაუხდელი, დიდია; აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია, მომიცემია, წაიღე, არ კიდე მომიყიდია”.

1740. ფატმან ხათუნ თაყვანის- სცა, ჰკადრებს მადლსა მეტის მეტსა: “მე,მეფეო, შენი ნახვა მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა; რა მოგშორდე, რა ვიქნები? მე დამაგდებ, ვითა რეტსა. ახ, ნეტარძი მოახლეთა! ვაგლახ თქვენსა ვერა მჭვრეტსა!”

1741. ზღვათა მეფესა ეტყვიან ორნივე შუქთა მაფენი, კბილნი ბროლნი და ბაგენი, სადაფთა მოსადაფენი: “უთქვენოდ მყოფსა არ გვინდან ნიშანნი, საჩანგდაფენი, მაგრა გაგვიშვენ, ჟამია, წავიდეთ, ვართ მოსწრაფენი.

1742. ”შენ იყავ ჩვენი მშობელი ჩვენგან საესავიო, მაგრა ამასცა ვიაჯით გვიბოძოთ ერთი ნავიო”. მეფემან ბრძანა: “არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო, რადგან ისწრაფი, რა გკადრო? წა, გიწინამძღვრდეს მკლავიო”.

1743. მეფემან ნავი-ხომალდი მოჰკაზმა ზღვისა კიდესა. გამოემართა ტარიელ, გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა, თავსა იცემდეს, იგლეჯდეს, თმა-წვერსა გაიყრიდესა, ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა.

1744. ფატმან ავთანდილს თვალითა ტკბილითა შემხედველია; ავთანდილ უთხრა:,,მუხთალი სოფელი ეგრე მქმნელია; აღარვისად მცალს უმისოდ, გული ვისთვისმცა მწველია ბრძენთა თქმულია:,,მოყვარე არ გაიშვების ძველია.“

1745. კვლა ფატმან ჰკადრა სამთავე სიტყვები დასათხოველი; ავთანდილისგან გამოვა ქნად საქმე კარგი ყოველი; ნუ მოიშორვებთ, გიყვარდესთ, გაფიცო ღმერთი ცხოველი, რადგან გმსახურეთ, რაც ვჰქენით, ცოდვათ აღარას მოველი.“

1746. ტარიელ ბრძანა:,, ჰე ფატმან, ჩემთვის ხარ კარგის გულითა, შენ გაგვინათლე სიბნელე, ვსხედით შუქ- დაკარგულითა, ხარ ნიადაგმცა ყოვლითა საქმითა საკარგულითა, ვართ ჩვენის გულით შენისა გულთანა დანერგულითა“

ტარიელისაგან ფრიდონისას მისვლა ნესტან-დარეჯანითურთ

1747. გამოვლნეს ზღვანი სამთავე, ერთგან ძმად შენაფიცართა, კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა, მათ პირველ დანამტკიცართა; ჰშვენის მღერა და სიცილი მათ, მისთა არ-უვიცართა, ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა.

1748. მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად, კვლა ფრიდონის თავადთასა — ნაომართა მათთა მთხრობლად; “მანდა მოვა, მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად, ჩვენ, დამზრალნი აქანამდის, აწ გავხედით დაუზრობლად”.

1749. იგი მზე შესვეს კუბოსა, იარეს გზა ზღვის პირისა, მიყმაწვილობდეს, უხარის მათ გარდახდომა ჭირისა; მივიდეს, სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა, მოეგებნიან, ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა.

1750. მუნ მიეგება ყოველი ფრიდონის დიდებულები. ასმათი, სავსე ლხინითა, ვის აღარ აჩნდა წყლულები, ნესტან-დარიჯს ზედ მოიჭდნვა, რომე ვერ გახსნის ცულები, აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები.

1751. ნესტან-დარეჯან ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა; უბრძანა: “ჩემო, ვაგლახ მე, შენცა აგავსე ჭირითა, აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა, ვცან მისი არ-სიძვირით ა; მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი, გარდვიხდი რითა!”

1752. ასმათ ჰკადრა: “მადლი ღმერთსა, ვარდნი ვნახენ არ-დაზრულნი, ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი, სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩს, ოდეს გნახენ მხიარულნი, სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი”.

1753. დიდებულთა თაყვანის- სცეს, მოახსენეს დიდი ქება; “რომე ღმერთმან გაგვახარნა, კურთხეულა მისი ღმრთება! ჩვენ გვიჩვენნა პირი თქვენი, აღარა გვწვავს ცეცხლთა დება, წყლულსა, მისგან დაკოდილსა, მასვე ძალ-უც განკურნება”.

1754. მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს, აგრე გარდაჰკოცნეს. მეფე ეტყვის:”ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს, იგი შვებას საუკუნო ცხადად პოვეს, არ იოცნეს, ერთსა მიხვდეს საზიაროდ, დიდებანი იასოცნეს.

1755. “თუცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია, მაგრა მათ მიხვდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქვარია”. ესე თქვა, ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია, ნარგისთათ იძვრის ბორიო, ვარდსა ზრავს იანვარია.