ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

1834. “მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვჰპოვებ ვერა; თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც, აქვს და მას ეფერა; ვარდი ახლად იფურჩნების, მე ყვავილი დამებერა, რამცა ვჰკადრე შეცილება, რასაც ოდენ იგი ჯერა!

1835. ,,ქალსაცა ჰკითხეთ, აცნობეთ, იქს თქვენსა გაგონებასა; მათ ერთმანერთი უნდოდეს, მეცა ღმრთით დავრთავ ნებასა; მემცა ნუ ვნახავ ცოცხალი მე რასმე მათსა ვნებასა, რადგან შეყარაა მიზეზი, რა მოაქვს დაყოვნებასა!“

1836. თინათინს ჰკადრეს ყოველი მეფეთა ნაუბარია; ,,გწადიან, მიგცე ავთანდილს პირ-ბრძენთა საქებარია? ინდოთა მეფე შექნილა, ჩვენს შუა დამწყობარია, აწყა გათავდეს ყველაი, გული, გულს შენებარია.“

1837. ქალმან ჰკადრა, თუ:,, მეფეო, რადღა ვიხმარებ ენასა მაგრამ მოველი მშობლურად თქვენგან არავე წყენასა; თუ თქვენ გაწყინო, ნუმც ოდეს მოველი ზეცით ლხენასა, ბრზანებას ვექმე მორჩილი, ესე თურე სწადს ზენასა.“

1838. “თუ შეგერთო ერთი მონა, თქვენთვის არცა მაშინ მშურდა. ვინმცა გკადრა შეცილება, უშმაგომცა ვით მოგმდურდა! თუ ავთანდილ არ მიყვარდა, ასრე მისთვის რად მომსურდა? დია, ღმერთო,წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა”.

1839. რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყვა მოისმინა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, პირსა ზედან დაეფინა. კვლა მეფემან თაყვანი- სცა, წამორევლო, წადგა წინა, ერთმანერთი მოიმადლეს, მათ ერთსაცა არ ეწყინა.

1840. ტარიელ ფრიდონ გაგზავნა მის ყმისა მოსაყვანელად; შესთვალა;,,მოდი, გიბრძანებს იგი, შენ ვისად სჩანს ელად; ჭირნი გარდახდეს, მოგაკლდა ცრემლი ღაწვისა მბანელად, ნუღარ ეშიშვი სახმილსა, შენი დამწველი-ა ნელად.“

1841. ფრიდონ შეჯდა, ავთანდილის მახარობლად გაექანა, — ესდენ დიდი სიხარული გაეხარნენ მასცა განა, — წავიდა და წამოუძღვა, მოიყვანა, მოჰყვა თანა, მაგრა ირცხვის მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა.

1842. მეფე ადგა,მოეგება; ყმა გარდახდა, რა მივიდა; ხელთა ჰქონდა ხელმანდილი, პირსა მითა იფარვიდა. მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა, ვარდსა ზრვიდა, მაგრა მისსა შვენებასა რამცა ვითა დაფარვიდა?!

1843. მეფე კოცნასა ჰლამობდა, აღარა ცრემლნი სდენიან; ავთანდილ ფერხთა ეხვევის, შუქნი ქვე დაუფენიან; უბრძანა: “ადეგ, ნუ ირცხვი, შენ ზნენი გამოგჩენიან, რათგან მერჩიო, ნუ მერცხვი, გაე, რასაღა გრცხვენიან!”

1844. მოეხვია, გარდაჰკოცნა მან პირისა არე-მარე: “დამივსეო ცეცხლი ცხელი, მაგრა წყალი არე მარე; ვინ გიშერი დააჯოგა და წამწმისა არემა -რე, გვალე, შეგყრი, ლომო, მზესა, თავი მისკენ არე მარე”.

1845. მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა, ახლოს უზის, ეუბნების, აკოცებს და უჭვრეტს პირსა; იგი მზეა ხელმწიფობა ასრე მიხვდა, ვითა ღირსა, მაშინღაა ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა.

1846. ყმა მეფესა მოახსენებს: “მიკვირს, სხვასა რად რას ბრძანებ, რად არ გინდა ნახვა მზისა, ანუ რად-ღა აგვიანებ? მიეგებვი მხიარული, სახლსა თქვენსა მოიყვანებ, შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ”.

1847. ტარიელსცა მოახსენა; შესხდეს, ქალსა მიეგებნეს, მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს, მიხვდეს მათსა საწადელსა, იგი პოვეს, რაცა ძებნეს, ხელი ჰხადეს ხრმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს.

1848. მეფემან ქალს უსალამა, მან შორით გარდახდომილმან. დაუყვნა თვალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან კრთომილმან; გამოეგება, აკოცა კუბოსა შიგან მჯდომილმან, დაუწყო ქება მეფემან, თვით ვერას ვერ-მიხვდომილმან.

1849. ეტყვის: “მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო, შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო, მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო, თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო”.

1850. გაჰკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა; ვით მზემან, დაყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა; მისგან დამწვარნი მისციან გულნი ჭვრეტითა ლხენასა, სითცა გამოჩნდის, იქმოდეს ჯარნი მუნითკენ რბენასა.

1851. შინა წავიდეს ყველანი, შინა თავისა მარებად, ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად, არ მიიხდომის სიტურფე, არს მათგან მიუმხვდარებად, ადრე მივიდეს მეფისა სახლად სამყოფად, არებად.

1852. შევიდეს, ნახეს თინათინ მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა; სკიპტროსან-გვირგვინოსანსა ჰშვენოდა ცმა პორფირისა; მისრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა, შევიდა მეფე ჰინდოთა, იგი მზე, მგზავსი გმირისა.

1853. ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს, მოეგებნეს, აკოცეს და საუბარი დააჰამეს, იგი სახლი გაანათლეს, არ ნათელი შეაღამეს, ბროლ-ბადახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს.