ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

1911. “მამიდაი ქაჯი იყო, გრძნეულობა იცის კარგა; მით შემართა საშინელი, მზე ხმელეთსა დაუკარგა; თვითცა მოკვდა უბედური, მართ საცოცხლოდ არად ვარგა, იგი ქალი დაიკარგა, ალვა მორჩი სხვაგან დარგა.

1912. “ცნა ამირბარმან, წავიდა ლომი მის მზისა მძებნელად; იგიცა წახდა, ჰინდოეთს გახდა მთვარე და მზე ბნელად; ორნივე წახდეს, პოვნაღა მათი არს აწ საგებნელად, მეფემან ბრძანა: “ჰე, ღმერთო, რად ცეცხლსა მომიდებ ნელად?”

1913. “მეფე გაშმაგდა მათისა უღონო-ქმნილი ძებნისა; ვად შეიცვალა ჰინდოეთს ხმა წინწილისა, ებნისა; ცოტასა ხანსა გავეძლო დება სახმილთა გზნებისა, აწ თვითცა მოკვდა, შეექნა ბოლო სრისა და ტკებნისა”.

1914. რა ვაჭარმან ესე სიტყვა თქვა, საქმენი გააკვლადნა. ქალმან დიდნი დაიკივლნა, ფიცხლა თავსა მოიხადნა. ტარიელცა დაიზახნა, დაფარულნი გააცხადნა, ნარგისთაგან ნაწვიმარი ღვარი ადგა, თოვლი გადნა.

1915. მომკალ, ქალსა თავ -მოხდილსა თუ მზე ვითა ეურჩოსა; სული ვარდსა დავამსგავსე, თავ-შიშველი ყაყაჩოსა; თუ ბრძენიცა მაქებარი მისი იხმობს ვირებ “ჩოსა”, ჰგავს, თუ ტყუბი მარგალიტი ზის ბროლისა ხარხანჩოსა.

1916. ქალი საბრალოდ მამასა სტირს, ბულბულისა მსგავსია. თმა გაიგლიჯა, გაყარა, ღაწვი ცრემლითა ავსია, ვარდი შექნილა ზაფრანად, ლალი მართ ვითა მხავსია, მზესა ღრუბელი ეფარვის, ამად ნათელი დავსია.

1917. იხოჭს და იგლეჯს, ზახილით ტირს სიტყვა-ხაფი უარე; სისხლი და ცრემლი თვალთაგან ჩამოსდის გარე უარე: “ მოვჰხეო, შენთვის მამაო, შვილი ყოველთა უარე, ვერა გმსახურე ასულმან, ვერცა რა შეგაგუარე.

1918. “ჩემთვის ბნელ-ქმნილო მამაო, ნათელო თვალთა ჩემთაო; ჩემთა რა გაცნევს ამბავსა, გულისა მონაცემთაო; მზეო, რად ღა გაქვს სინათლე, რადღა ანათობ თემთაო, რად არ დაიქეც, ქვეყანავ, რადღა ჰმართიხარ ზე მთაო?”

1919. ტარიელ მოსთქვამს: “გამზრდელო, ჰა, ჰა, რა საქმე მსმენია. მიკვირს, თუ მზეღა რად ჰნათობს, რად არა დაუჩენია? მზე მოჰკვე ყოვლთა სულდგმულთა, სოფელი აღარ შენია, ღმერთსა მოჰმადლე, შემინდევ, რაცა შენ ჩემგან გწყენია”.

1920. მაშინ გაჰხდეს ყველაკანი მტირალად და ცრემლთა მღვრელად; დიდი ხანი მოიტირეს თავის- თავის გაუყრელად; ავთანდილ და ფრიდონ ტირან გულ- სადაგად, არ თუ ჭრელად მაგრა ექმნნეს სულსა მღებელ, კათოლიკოს - მაწყვერელად.

1921. ზე ადგეს და მოახსენეს: .. ჰე მნათობნო, ცისა მზენო, დასთმეთ, გული დაიწყნარეთ, ქენით, რაცა მოგახსენო; იგი ღმერთმან გაამაღლა, ვითა ორბი, მისნო ფრთენო. აქ ყოფნა არა გვმართებს, არცაღა გვცალს გლოვად ჩვენო”.

1922. მადლი უბრძანეს, აწვივნეს, ქვე დასხეს ზე ადგომილნი მუნვე დგეს იგი ვაჭარნი, პირსა ფერ- ჰაერ - კრთომილნი; გაკვირვებულნი საბრალოდ, მართ ვერას ვერ მიხდომილნი; ებრძანა:,, ძმაო, რა გიკვირს, ჩვენ იგი ვართ წახდომილნი.

1923. კვლა უბრძანებდეს: “გვიამბეთ ამბავი დანარჩომია”. მათ მოახსენეს: “პატრონო, ჰინდოეთს დიდი ომია, მოსულა ხათა ლაშქარი, ქალაქსა შემოსდგომია, რამაზ არს ვინმე ხელმწიფე, მათად პატრონად მჯდომია.

1924. “ჯერთ დედოფალი ცოცხალ-ა, მკვდართაგან უფრო მკვდარია; იბრძვის ლაშქარი ჰინდოთა, თუც იმედ-გარდამწყდარია; გარეთ ციხენი წაუხვმან, ყველაი გარდამხდარია, მზეო, თქვენ შუქნი მიჰფინეთ, ჰაი, რა ავი დარია!

1925. “მუნა მყოფსა ყველაკასა შეეკერა, ჩვენცა, შავი; რამაზს წინა გამოვედით, მისრულად ვთქვით ჩვენი თავი; მეფე ჩვენი დიდი არის, მათ ეწადა მისი ზავი, გამოგვიშვა, წაედითო, არა გვიყო ყოლა ავი”.

1926. რა ტარიელს ესე ესმა, მეტად ფიცხლად აიყარა; ეჯი სამ-დღე წასავალი ერთსა დღესა წაიარა; დროშა მისი აიმართა, წინა არა მოიფარა, აწ ნახე, თუ გოლიათი გული ვითა ამაგარა!

ტარიელისაგან ჰინდოეთს მისვლა და ხატაელთ დამორჩილება

1927. ჰინდოეთს ზედა წაადგა, მუნ მთა და დიდი ქედია; აჩნდა ლაშქარი უსახო, ესაკვირველა, ჰე, დია; ტარიელ ბრძანა: “მოყმენო, აწ თქვენგან რა იმედია? ადრე მოვიცლი ჩემთაგან, ღმერთი და ჩემი ბედია!

1928. “იმა ლაშქართა უნახვან კვლავ ხრმალთა ჩემითა კვეთანი; ერთხელ შემებნეს, დავჰხოცენ, შევქნენ აბჯართა ფეთანი”. ავთანდილ ჰკადრა: “რად უნდა თქმანი სიტყვათა მძლეთანი? მართ ვითა მტვერთა წავიხვამთ, მიხვდეს ფერხითა ცვეთანი”.

1929. დაეკაზმნეს საომარად, გაამაყდეს, გაჩაუქდეს, ცხენთა შესხდეს უკეთესთა, სახედარნი ასუბუქდეს; ერთმანერთსა აჯობინეს, მჭვრეტელთაგან არ გაუქდეს, იგი ქედი ჩაიქროლეს, ბუქისაცა უფრო ბუქდეს.