ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

1775. “ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის მორჭმული ღმრთისა ნებითა, საკრძალავი და უკადრი, ლაღი, არვისგან ვნებით-ა, არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა, მას ზედა შველა რად მინდა, რად მეჭვ რასაცა თნებითა!

1776. “რა მოვა ჩემთვის განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი, ღმერთი იწადებს, მომივლენ გულის სახმილთა ლხენანი; მაშინღა მომხვდენ მოკვდავსა მზისა ელვათა ფენანი, უმისჟამისოდ ცუდია ჩემგან მი-და-მო რბენანი.

1777. “მიდი და ჰკადრე ტარიელს პასუხი, ჩემგან თხრობილი: “მადლი რად უნდა, მეფეო, ხარ რაზომ გინდა ლმობილი, ვარ მუცლითგანვე დედისა თქვენად სამონოდ შობილი, ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი.

1778. “გებრძანა: “შეყრა მწადიან საყვარელისა შენისა”. ეგე არს მგზავსი გულისა ლმობიერისა თქვენისა; მუნა მე ხრმალი არ მიკვეთს, არცა სივრცელე ენისა, მიჯობს მოლოდნა საქმისა მის განგებისა ზენისა.

1779. «ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე: ჰინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედა მჯდომარე, გვერდსავე გიჯდეს მნათობი პირი ელვათა მკრთომარე, მებრძოლნი თქვენნი მოგესრნეს, არვინ ჩნდეს მუნ მეომარე.

1780. «რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი, მაშინღა მივალ არაბეთს, მომხვდენ მის მზისა ხლებანი; ოდისცა სწადდეს, დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი. სხვა თქვენგან არა არ მინდა, მძულან ცუდნიღა თნებანი».

1781. რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი, მან ბრძანა: “მაგას არა ვიქ, ამას არ უნდა მისანი. ვითა მან პოვნა მიზეზნი ჩემისა სულთა დგმისანი, ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალ-გულნი ძმისანი.

1782. “მიდი, უთხარ ჩემაგიერ სიტყვა ჩემგან არ ნათნები: «მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები. ვეჭვ, მრავალი დამეხოცოს მონა მისგან საყვარლები, ვითხოვ ხოლო შენდობასა, ეგეთი ღა მოვბრუნდები».

1783. “ესე უთხარ: «ამის მეტსა ჰმოციქულობ ნურას ნუო, ხვალე წასლვა არ დავშალო, არცა საქმე გავათუო; მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე სიტყვა გავაცრუო, ამოდ ვსთხოვო ქალი მისი, შევეხვეწო, შევაგუო».

1784. უამბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა: “არ დადგებისო, ცუდია შენგან ცდისაღა თქმულობა”. მას დაუმძიმდა, მოედვა კვლა გულსა კვამლ-ალმულობა. ასრე ხამს რიდი მეფეთა ყმათაგან მოკრძალულობა.

1785. ავთანდილ მივა მუხლ-მოყრით ტარიას შესახვეწელად. ფერხთა ეხვევის, აკოცებს,აღარ შეხედავს ზე წელად; ეტყვის: “კმა, რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად, კვლა ნუ მიქ ერთგულობისა გამტეხლად, დაცამლეწელად.

1786. “რასაცა ჰლამი, არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია, გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო მე საქმე სამუხთალია! მე მისთვის ხელი ვით გავსძრა, ვინ ჩემთვის ფერ-ნამკრთალია, ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ხრმალია!

1787. “ეგე საქმე მე და ჩემსა საყვარელსა შეგვამდურვებს, ვა თუ გაწყრეს, გაგულისდეს, კუშტი გულსა შეაურვებს, ამბავსაცა დამიძვირებს, ჭვრეტისათვის მომასურვებს, შენდობასა ხორციელი კაცი ვერა დამიურვებს”.

1788. ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქ-ნაფენამან, ხელი მოჰკიდა ავთანდილს, აჰმართა, ააყენა მან: “მიყოო კარგი ყველაი მომართებამან შენამან, მაგრა სჯობს, შენცა გალხინოს ჩემმან შენითა ლხენამან.

1789. “დია მძულს მეტი მოყვრისა შიში, კრძალვა და რიდობა, მძულს გაუწყვედლად კუშტობა, და სულ-მძიმობა, დიდობა; თუ მოყვარეა გულისა, ქნას ჩემკენ მონაზიდობა, თვარა მე ჩემდა, იგ მისდა, დია სჯობს კიდის კიდობა.

1790. “მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყვარელისა, არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა. რადმცა რა ვჰკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა! ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქვს სანატრელისა.

1791. “ამას ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეპოვნებით, რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით. რათგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით? დააშვენეთ ერთმანერთი, თავის-თავის ნუ დასჭკნებით”.

1792. რა ავთანდილ ტარიასგან ცნა, წასლვასა არ დაშლიდა, არა ჰკადრა შეცილება, საუბარსა ზედა ჰრთვიდა; ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა, თანა წაჰყვა, განაღამცა მას თანავე გზასა ვლიდა.

1793. მივლენ უცხოს შექცევითა, რაცა უნდა უხაროდათ, ერთმანერთსა ულოცვიდენ, ვითა რიგათ წესი ჰქონდათ. გზასა კეთილს მიდიოდნენ, შველა ღმრთისა სხვა რა უნდათ? იგონებდნენ ჭირნახულსა, ახლა ლხინი კარგი უნდათ.

1794. მივიდოდნენ სიხარულით გზათა შინა, რაცა უნდათ, ნადირობდნენ, მხეცთა სვრიდენ, ანგარიში არა უნდა, კაცნი რასაც ღმერთსა სთხოვენ, წყალობანი მისგან უნდათ, რადგან ბოლო კარგა მოვა, უკეთესი სხვა რა უნდათ!