ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

1930. წინ მავალნი დარაჯათა მათთა ზედა გარდეკიდეს; ტარიასთა გააქცივნეს, მიეწივნეს, ჩამოჰყრიდეს, მოაგებნეს მხარ-დაკრულნი, მათ წინაშე მოასხმიდეს, აიზიდნეს; “ვისნი ხართო?” — ჰკითხეს, ხანსა დარეზმიდეს.

1931. მათ მოახსენეს: “მეფეო, ჩვენ ცუდად დაღორებულნი, რამაზის ხელმწიფისანი აქა დარაჯად რებულნი”. უბრძანა: “წადით, რეგვენნო, თქვენ ჩვენგან გაფიცხებულნი, აცნობეთ თქვენსა პატრონსა, — მოვლენ გულითა ქებულნი”.

1932. “უთხარით: «ბრძანებს ტარიელ, მეფე ლაღი და ჯანია, იგი ხელმწიფე მაღალი, მებრძოლთა მემაჯანია; ჩემსა ამბავსა გაცნევენ შენნივე დარაჯანია, შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა ცუდნიღა დაღრეჯანია.

1933. «დია დიდთა დამაჯნება უშმაგომან ვით გააგო! ჰინდოეთსა ვით მოადეგ, შმაგთაგანცა უფრო შმაგო? აჰა, მოველ იგი ცეცხლი, რომე სრულად ამოგდაგო, ხრმალი ჩემი მოლესული შენს ზედა დავაბლაგო.

1934. «აწ დაემზადე, მოპარვა მე თქვენი არა მწადიან; შემები, რაზმი გარდმაწყევ, წინასვე გამიცხადიან: პირ-ბოზო, ჩემი მორევნა რა დია დაგიქადიან? მე ჩაბალახათ გახმარნე რაცა გიმუზარადიან»

1935. დარაჯანი წავიდეს და ერთმანერთსა მიუსწრობდეს. რამაზს უთხრეს ყველაკაი, დამალვასა ვერა ჰსთმობდეს: “მოვიდაო ჰინდოთ მეფე, ლაშქარნიცა კარგნი ჰყმობდეს, ვინცა ვითა გარდეხვეწოს, იგი ერთი ორთა სჯობდეს”.

1936. ჰინდოთა დროშა ტარიელს აქვს და ალამი უბია; დროშა არაბთა მეფისა მასსა თანავე ჰყუდია; არაბთა, იცის ყველამან, მათი აბჯარი შუბია, ფრიდონ-მზე მოყმე, რომელმან შექნა სისხლისა გუბია.

1937. ცოტაი წავლეს, გმოჩნდა ხუთასი ცხენოსანანი; შეტეობასა ჰლამობდეს ყმანი არაბთა თანანი: ტარიელ გაწყრა: “ნუ იქთო”, მისცა სიტყვისა ნანანი, მოვიდეს, აჩნდა უაბჯროდ, არცა თუ ჰქონდა დანანი.

1938. უბრძანა:,,ერთხელ კვლავც ვნახე რამაზის სიმუხთალია, იმათი ისრე მოდენა ჩვენზედა არ მართალია, ფიცი არა სწამს დღე - კრულსა, არცა მაჰმადის რჯულია, ღალატს ეცდების უცილოდ, ეს მათგან გაზრახულია.

1939. აწ შეუტიოთ, ნუ ვარჩევთ, მათ გუცუდოთ ფლიდობა” ავთანდილ ბრძანა:,, ვაცალოთ, ქნან ჩვენკენ მონაზიდობა; ჩვენცა ცოტანი ვეჩვენნეთ, ვსცნათ მათი ხმალთა დიდობა, გამოაცხადეთ უცილოდ, სადა ჰყავს ლაშქართ ყრილობა.

1940. რამაზ ბრძანა:,, შევეხვეწნეთ, შევეტყუვნეთ საქმით ჩვენით, ვერას უზამთ გოლიათთა, თუ არ ხერხით, თვალთა ჩვენით, შეგვანანებს აქ მოსლვასა, ამოგვაგდებს ლაშქრით ჩვენით, შევეხვეწნეთ ნუ დაგვხოცო, მოუვიდეთ ნებით ჩვენით.”

1941. აღარ აცალეს მათ გმირთა მათ ხერხთა გამამრჩევლობა, შესძახეს:,, ნახეთ აწ, რამაზ, ამ ჩვენთა ხმალთა მკვეთლობა ცოტა წინარე წამოდეგ, არას გიშველის დედლობა, ფრიდონის სიკისკასობა, შენს ლაშქარზედა ქველობა.”

1942. მართ ამაზედა შეიქნა შეტევებ- შემოტევება; ხატაელთ ღმერთი შერისხდა, შეექნა გამომჟღავნება; ლაშქარნი სრულად მოვიდეს, რაც რამაზს გულში ენება; ავთანდილ ბრძანა:,, ამითი მე ესე ასრე მენება.”

1943. აქეთ არაბნი გაუხდეს და შეუტივეს ცხენები, ტარიელ ხელთა აიღო, შუბსა ახმარა მძლე ნები უკრა და ცხენსა გაავლო იგ სიკვდილისა მქენები; რამაზს შეჰყარა აწ ღმერთმან სამთა გმირთაგან სენები.”

1944. უბრძანა თუ : სიმუხთალე ორჯელ შენი შემიტყვია არ გაგიშვებ თუ ცოცხალსა, ესე ჩემგან შეგიტყვია, არც გაუშვებ ხატაელთა, რაცა ჩვენთა ხელთა ტყვეა, შიში მოჰკლავს უსაცილოდ რამაზს, ესე შემიტყვია.”

1945. ცხენთა ფერხთა მოეხვია, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა; მოახსენა: “შემიბრალე, მისსა ძალსა ვინცა გხვეწა! ნუ დამარჩენ, ნუ მაცოცხლებ და წამიღონ მკვდარი მე, წა! გული თქვენი სასაკუთრო ბედმან ასრე დამილეწა.

1946. “დაიკარგენით, წაჰხვედით თქვენ, წელნი მეათენია, გახდეს მფრინველნი უმეფოდ, არწივსა მოსტყდეს ფრთენია; ამად შევმართენ საქმენი ჩემნი საკამათენია, ადრე გამიტყდა სოფელი, მართ ვითა კაბათენია.

1947. შინა წავიდეს, გარდახდეს, ეს თურე არ ლაყაბია; რამაზ ჰყავს ორთა დედათა, ყელსა მანდილი აბია. შეშინებული, საბრალოდ დუღდა, მართ ვითა ქვაბია; ,,შეგცოდე, მომკალ მე ხვალემ, რამცა ვინ მიასაბია.”

1948. “ვიაჯი, მომკალ მე ხვალემ, ყველაი ჩემი ბრალია; მერმე ხუთასი ვაზირი მყავს აქათ წაუვალია; თავები დასჭერ, ადინე, სისხლი მართ ვითა ღვარია, სპა უბრალოა, ნუ დაჰხოც, ამად ვტირ გულ-მხურვალია”.

1949. ყოვლთა მისცეს ზენაარი, მიუყარნეს მუხლნი წინა; ნუ დაგვხოცო მისსა ძალსა, ვინცა აგრე დაგარჩინა! ტარიელ დგას დაყმუნვებით, რამაზ წინა მოეფინა. ღმერთი ალხენს მონანულთა, არ შეუნდობს კაცი ვინა.