ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

1681. გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია. მათ ლომთა ნახეს ქალაქი, მთვარე დგას მუნ ნათელია; თქვეს:”ვითათბიროთ, ვითა ვთქვათ, აწ გამორჩევა ძნელია; ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია”.

1682. მათ არჩივეს, ვითა უნდათ, ერთმანერთსა უბნობდიან; ყველამ თითოს გამორჩევით იგონებენ, არჩევდიან ; ზოგი რასა, ზოგი სხვასა გამორჩევას იძახდიან; ვითა მათგან იქნებოდა, თვითოს მხარეს ეძახდიან. *96

1683. ,,მო და მოვყვეთ თათბირსა ყველამ თავის გამორჩევით,“ სხვადასხვასა არჩევნითა გზას ეძებდნენ ყოვლის ზენით. თქვეს:,, ყველა გზანი ვარჩიოთ, რომელიც ა რჩევით ჩვენით, უკეთესი რაცა ვნახოთ, ჩვენ მო და იგივე ვქენით.“ *97

თათბირი ნურადინ-ფრიდონისა

1684. ფრიდონ თქვა: “ვიტყვი სიტყვასა, ვეჭვ, ჩემი არ დამცდარია. ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქი დიდთაგან საომარია; პირის–პირ ომი არ ძალ–გვაქვს, არ-ჟამი საკვეხარია, ათას წელ ვერსით შევუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია.

1685. “ჩემსა სიმცროსსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან, მასწავლნეს მათი საქმენი, მახლტუნებდიან, მწვრთიდიან; ასრე გავიდა საბელსა, რომ თვალნი ვერ მომკიდიან, ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან.

1686. “აწ ვინცა ვიცით უკეთუ შეტყორცა საგდებელისა, მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა, მას ზედა გავლა ადვილად, მიჩანს, მართ ვითა ველისა, თქვენ ჭირად გაყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა.

1687. “საბლითა გავლა არად მიჩს ჭირად გატანა ფარისა; შიგან ჩავხტები კისკასად, ვეცემი მსგავსად ქარისა, ლაშქართა დავჰხოც, გავახვამ, ნახოთ გაღება კარისა! თქვენცა მუნ მოდით, სადაცა გესმას ზრიალი ზარისა”.

თათბირი ავთანდილისა

1688. ავთანდილ უთხრა: “ჰე, ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან; ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვ, არა წყლულნი გტკივიან; სთათბირობ ძნელთა თათბირთა, მტერთა ივაგლახ–ივიან, მაგრა თუ გესმის, გუშაგნი რა ახლო–ახლო ყივიან?!

1689. “რა გახვიოდე, გუშაგთა ესმას აბჯრისა ჩხერება, გიგრძნობენ, თოკსა მოჰკვეთენ, ამისი ხამს დაჯერება; წაგიხდეს ცუდად ყველაი, დაგრჩეს ცუდიღა ფერება, ეგე თათბირი არ ვარგა, სხვაებრ ვქნათ თავის ტერება.

1690. “სჯობს, დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა, ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა, ქალაქს შემავალსა, სავაჭროდა მოვეკაზმი, ვიქ საქმესა მე მუხთალსა, ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა, ჯაჭვსა, ხრმალსა.

1691. “სამთავე შესვლა არ ვარგა, თუ გვიგრძნან, არს სათუები; მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები, მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები, გავეცრუები, ღმერთმან ქნას, უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები.

1692. “შიგნითა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად, თქვენ გარეთ კართა ეცენით, ყოველნი, მსგავსად გმირისად; კლიტეთა დავლეწ, გავახვამ, ნახოთ გაღება კარისად, თუ რა სხვა გვიჯბს, თქვენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად”.

თათბირი ტარიელისა

1693. ტარიელ უთხრა: “მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა, თქვენსა ძალ–გულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა, პირობა; ვიცი, გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ხრმალთა ღირობა, კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს, რა ომმან ქნას გაჭირობა.

1694. “მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა: ხმა ესმას ჩემსა ხელ-მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს, მზე ვითა, თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა? ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა.

1695. ,, როს ვიყვნეთ ორნივ შვებით, გვქონდის ლხინი უკლებელად, მისთვის ვლეწენ სამეფონი და ავწყვიტენ მხეცი ველად; აწე თვის წინ საომარსა ვით ვყო თავი უკუ-მვლელად; არ ვაჩვენო, ვით ვყოფილვარ ანუ ახლა, ან პირველად.“

1696. ,,არა მნახოს თქვენთან ომსა, უკუ ვიყო დამალული, არ იტყვის თუ, თვით რა ქმნილა იგი პირველ მოქადული; ამა დღესა ვერ ვეჩვენო, მაშ, სად მნახოს ომს შესული? გამიგონეთ, ნუთუ სჯობდეს სიტყვა აწე ჩემგან თქმული.“

1697. “მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქმნათ ჩემი მონახსენები: გავიყოთ კაცი ას–ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები, სამთავე სამგნით მივმართოთ, ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები; მოგვეგებვიან, ვემცრობით, ჩვენ ხრმალსა მივსცემთ მძლედ ნები.