ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

1854. თინათინ ზედა აწვივა ტახტსა მეფეთა ზეთასა; ტარიელ უთხრა: “შენ დაჯე, სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა, დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა, მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ მზესა მზეთასა”.

1855. ორთავე ხელი მოჰკიდეს და დასვეს ტახტსა თავისსა; გვერდსა დაუსვეს ავთანდილ, სურვილსა მოეკლა ვისსა; უნახავსა და ნახულსა სჯობს ყოვლსა სანახავისსა, ნუ ეჭვ მიჯნურად მათებრსა, ნუცა თუ რამინს და ვისსა.

1856. ქალსა შესწბა, გაუკვირდა ავთანდილის გვერდსა ჯდომა, ფერი ჰკრთა და გაუფიცხა შე და გამო გულმან კრთომა; მეფე ეტყვის: “შვილო, ჩემგან გაქვ სირცხვილი თუ რა ზომა, ბრძენთა უთქვამს სიყვარული, ბოლოდ მისი არ -წახდომა”.

1857. “აწ, შვილო, ღმერთმან თქვენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა, სვე-სვიანობა, დიდობა, კვლა ჭირთა გარდუხდელობა, ცამცა ნუ შეგცვლის, მოგხვდების თვით მისებრ შეუცვლელობა! თქვენით ხელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა!”

1858. მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყვანება: “ესეაო მეფე თქვენი, ასრე იქმნა ღმრთისა ნება, დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი, მე სიბერე, ვითა სნება, ჩემად სწორად ჰმსახურებდით, დაიჭირეთ ჩემი მცნება”.

1859. ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს, მდაბლად ეთაყვანნეს; მოახსენეს: “მიწად ვექმნნეთ, ვინცა მიწად მიგვიყვანნეს, მორჩილ-ქმნილნი დაგვადიდნეს, ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს, მტერთა მკლავნი შეაძუტნეს, გულნი ჩვენნი აგულვანნეს.”

1860. ტარიელცა უთხრა ქებით იმედისა გათავება; ქალსა ეტყვის: “შემიყრიხართ, აღარა გწვავს ცეცხლთა დება, ქმარი შენი ძმაა ჩემი, მწადს ეგრევე თქვენი დება. ორგულთა და შემცილეთა შენთა მე ვქნა გაფლიდება”.

ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა ახ, სოფელო!

1861. მას დღე ავთანდილ ხელმწიფედ ზის და ხელმწიფე ზენია, მასთანა მჯდომსა ტარიელს ჰშვენიან სინაზენია; ნესტანჯარ ახლავს თინათინს, ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია, ჰგავს თუ, ცა მოდრკა ქვეყანად, შეყრილან ორნი მზენია.

1862. რომე გენახნეს ოთხინივ ერთად ტახტსა ზედა მსხდომნი ჯუფთად, აღზრდილიყო სარო ნორჩი, ყმა ახოვნად, ქალი სუფთად, მუნა მყოფთა მათთვის ეზღვნა უშურველად სულნი, მუფთად, წამწამთაგან დაჭრილიყო მჭვრეტელთ გული ყიმა ქუფთად.

1863. აბა ეს არის ლხინი და, თუ გინდა ერთა- ჭამება! მათთა შუქთა და ელვათა თვალი არ შეედგამება! მუნ შინა მყოფთა გაყრისა ნდომა არ დაეწამება, როსტან ლხინობს და მასპინძლობს, დღე არ მოუჩანს, ღამება.

1864. ქორწილი ავთანდილისა, იგ სხდომა ოთხთა მზეთასა; მუნ კრთომა ელვა-ქუშისა, ციერთ უზენე ზეთასა; ქალთა უტურფეს მნათობთა, ყმათა უმხნესთა მხნეთასა, როსტევან ფრიდონს მუხლ-მოყრით ხელთ ღვინით სავსე ათასა.

1865. დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა, ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი მხავსისა, შეიქმნა ძღვნობა ძღვენისა, მათისა შესამსგავსისა, მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა, მზისა მსგავსისა.

1866. იაგუნდისა ჯამები იყვის, ლალისა ჭიქები, კვლა უცხო ფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო-უცხო სიქები, მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები, მჭვრეტელო, გულსა ეტყოდი: “ნუ აიხსნები, იქ ები!”

1867. მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით, ისმოდის ხმა წინწილისა; შეყრით ძეს გორი ოქროსა და ბადახშისა თლილისა; მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან დის, მსგავსი მილისა, ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდაჰხდა ჟამი დილისა.

1868. არა დარჩა უსაბოძვრო არ კოჭლი და არ საპყარი; მოდიოდა მარგალიტი მოფანტული, მონაყარი; გაბედითდა წასაღებლად ატლასი და ოქრო მყარი; სამ დღე იყო ჰინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი;

1869. ხვალისად მეფე არაბთა კვლა პურობს, არ ღაფალია; ტარიელს უთხრა: “შენი მზე საჭვრეტლად სატურფალია. მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია; ხამს, ყურსა გვეგდოს საყურად ჩვენ თქვენი ნატერფალია”.

1870. “აწ, მეფეო, არ ეგების ჩვენი სხდომა თქვენად სწორად”. სახელმწიფო საჯდომი და სხვა დაუდგა ტახტი შორად. ქვემოდ დასხნა ავთანდილ და მისი ცოლი მათად სწორად. პირველ ძღვენი ტარიასთვის მოიღიან, იდვის გორად.

1871. არაბთა მეფე მასპინძლობს, იქს ოდენ არიფობასა, ზოგჯერ მათ ახლავს, ზოგჯერ მათ, არ იხმობს ხელმწიფობასა, გასცემს და უქებს ყოველნი უხობა-იეფობასა, ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს, ჩვეული ვით მეფობასა.

1872. მეფესა ქმრითურთ პატივი ჰქონდა ინდოთა ქალისა, სიყვარული და ჩუქება, ვით სიძისა და სძალისა; რომე სძღვნა, არა ეგების თქმა არცა ნაათალისა, თვითო სკიპტრა და პორფირი და გვირგვინები თვალისა.