ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

1893. სამთავე ვლეს, – ღმერთსა მათებრ სხვა ნურა ნუ დაჰბადოსა! მოეგებნიან; მტერობა ვერავინ დაიქადოსა! მინდორსა შიგან სადილად გარდახდეს უდელადოსა, ვითა მართებდათ, პურობდეს, ღვინოსა სმიდეს, არ დოსა.

1894. მუნით გაგზავნეს ინდოეთს კაცნი ჰამბავთა მცნეველად; შეჰსთვალეს:,,მოვალს ტარიელ, მოჰყავსცა თვისი მზე ველად, ვის ვერა ჰგავსო სარო და ვერცა კინამო მრხეველად, წინ მოგვეგებეთ, იყვენით დღისით და ღამის მთეველად.“

1895. ოდეს ინდოთ იგი მეფე შვილთა თვისთა მწუხარებით საწუთოსა გასალმობა, სოფლის ბრუნვის ჩვეულებით სრულ ინდონი ათვრამეტ თვე იყვნენ გლოვით, ვალალებით, არსით უჩნდათ სანუგეშო, დედოფლისა ჰყმობდენ კრებით.

1896. რა მისულიყო ინდოეთს ჰამბავი ტარიელისა, შეჰქმნოდათ სიხარულითა დენა ცრემლისა ცხელისა, დედოფალს ჰკადრეს:,, მოგვეცა შორად განდევნა ბნელისა, მოგვხედა ღმერთმან წყალობით, ჟამი გვხვდა სანატრელისა.

1897. შეკრბა სიმრავლე სპათა და თავადთა დიდებულებთა; ისწრაფეს, გასხდენ ტაიჭთა ტურფადრე დაკაზმულებთა; უსწრობდეს ერთი მეორეს, მიეცნენ სიხარულებთა, გაისმა სრულად ინდოელთ მიეცა შვება გულებთა.

1898. დედოფალმან პალატისა დიდებულნი ხასნი სრულად მათ მეფეთა დასახვედრად მიაგება მხიარულად, საჭურჭლენი უთვალავნი წინა უძღვნა დატვირთულად, უბრძანა თუ ;,, ნურას ზოგავთ, რადგან ვარდნი არ არს ზრულად.“

1899. გასცა ინდოეთს ბრძანება ახდად შავისა სრულისა, შემოსვა ძოწეულისა და ზარქაშისა მკულისა: ,,გვეღირსა ზესთა წყალობით პოვნა ჩვენ დაკარგულისა, განსდევნეთ ჭმუნვა ყოველთა, დღე გვაქვს აწ სიხარულისა.”

1900. მოვიდეს სრული ინდონი, ტარიელს ესალმოდიან, ფერხთა და ხელთა ჰკოცნიდეს, ცრემლითა უსურვოდიან, ნესტან-დარეჯანს ვით ვარდსა ბულბულებრ გარ ეტრფოდიან. იგ დიდებითა დიდითა მათ მეფეთ წინ უძღოდიან.

1901. მივიდნენ ქალაქს შეიქმნა ხშირად საკრავთა ტკბილობა, მოქალაქეთა შეექმნათ ქვე სტავრათ დაფენილობა, აყრიდნენ ზედა თვალ - გოჰარს, არვის აქვს მოწყენილობა, სრასა შევიდნენ: დედოფალს თვალად ჰსჩანს ცრემლის ნილობა.

1902. მაშინ ყოვლთა მეფისათვის აატირეს გული ჩვილი, მოსთქვეს: გმირი სიუხვისა, ვა, მოგვშორდა ნილოს ქმნილი! ტარიელცა ცრემლსა აფრქვევს, - მისგან იყო ტკბილად ზრდილი: დავჰკარგეო მზისა სწორი, მომდგომია ბნელი ჩრდილი.”

1903. დედოფალი გარდეხვია მათ ორთავე თვისსა შვილთა, აკოცებს და ეუბნების გულ- სადებთა სიტყვა ტკბილთა; ,,ვა, გიმუხთლათ საწუთრომან თქვენ ედემის ალვა- ზრდილთა, ნურღა ჰსწუხხარ, აწ დასხედით მეფობისა ტახტ- ადგილთა.”

1904. მიუძღვნა და ტახტსა დასხნა, ერთიბილნი ულოცვიდეს, დედოფალსა სხვასა ტახტსა შემკობილსა ცალკე სმიდეს, ავთანდილს და ფრიდინს მრავლად უსასყიდლოდ ძღევსა ძღვნიდეს, შეჰქმნეს სმა და სიხარულით მათ შვენბანი განადიდეს.

ტარიელისაგან ჰინდოთა მეფისა სიკვდილის ცნობა

1905. ქედსა ზედა გარდამოდგა მეტად დიდი ქარავანი; კაცები და სახედრები ერთობ იყო შაოსანი; გარეშემო მოეკვეცნეს უკანამო დალალანი; მეფე ბრძანებს: “მოასხითო, ჩვენ დავყოვნოთ აქა ხანი”.

1906. მოასხნეს იგი ვაჭარნი და მათი უხუცესია; უბრძანეს:”ვინ ხართ, შავითა რად ტანნი შეგიბლესია?” მათ მოახსენეს:”სით მოვალთ, იქ ასრე დანაწესია, ჰინდოეთს ნისრით მოსრულთა გვივლია გზა უგრძესია”.

1907. გაეხარნეს მათ ვაჭართა ინდოეთით მომავლობა, მაგრა თავი უმეცარ ყვეს, არა მისცეს ყოლა გრძნობა; უცხოურად ეუბნების, მათ ვერა ცნეს მათი ცნობა, არ ესმოდა ჰინდოური, არაბულად ყვეს უბნობა.

1908. უბრძანეს:”გვითხარ, ვაჭარნო, ამბავი ჰინდოეთისა”. მათ ჰკადრეს: “ზეცით მოსრულა ჰინდოეთს რისხვა ზეცისა; დიდსა და წვრილსა ყველასა ცრემლი სდის მსგავსი წვეთისა, მუნ შიგან მყოფსა ბრძენსაცა ცნობა აქვს ვითა შეთისა”.

1909. თვით მათვე მათსა ამბავსა უამბობს, არის წყლიანი: “ფარსადან მეფე ჰინდოთა, იყო ხელმწიფე სვიანი, მას ესვა ქალი, მნათობი მზისაცა უფრო მზიანი, კბილ-მარგალიტი, ტან-ალვა, ღაწვ-ბადახშ, ყორან-თმიანი.

1910. “მას ქალსა და ამირბარსა ერთმანერთი შეუყვარდა. ამირბარმან სიძე მოკლა, ხმა მეფესა დაუვარდა; იგი ქალი პატარაი მამის დასა გაეზარდა, ბუქთა მისგან მონაქროლთა ჰინდოეთი გარდაჰქარდა.

აქა ტარიელ დიდვაჭართა ჰინდუსტნის ამბავსა ჰკითხავს