ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

1698. ,, ვინცა შეუსწრას, ჰფარავსმცა მას ღმრთისა საფარველია! კარნი დალეწნეს, დახოცნეს ყოველი კართა მცველია; სამთავე იქით მივმართოთ, მაშინ აღარა ძნელია, ძლევა მან მოგვცეს, რომელი სათქმლადცა საზარელია.

1699. ფიცხლად შევებნეთ, შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა, სამთაგან ერთი შევუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა, მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა, ხელი კვლა ვჰხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა.

1700. ფრიდონ უთხრა: “შემიგიან, გამიგია, ვიცი მე რა, მაგა ცხენსა ჩემეულსა წამოასწრობს კართა ვერა; ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა, თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა.”

1701. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს საუბართა ესოდენთა. ამაზედან გაიცინნეს მათ წყლიანთა, სიტყვა-ბრძენთა, ერთმანეთსა ელაღობნეს ლაღობათა, მათთა მშვენთა, გარდახდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა.

1702. კვლავ ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირ-მკვახები, დაასკვნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები: გაიყვეს კაცი ას-ასი, ყველაი გმირთა სახები, ცხენებსა შესხდეს, აიღეს მათ მათი ჩაბალახები.

1703. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა; მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა; ტარიელ შავსა ზედა ზის ტანითა მით წერწეტითა, დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.

1704. ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია: რა ზედა წვიმდეს ღრუბელნი და მთათა აღტყდეს ღვარია, მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია, მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.

1705. თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე მიუწდომნია, მაგრა ტარიას შემბმელნი არვისგან მოსანდომნია; მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ხომნია, აწ იყურებდით, მსმენელნო, გესმნენ ფიცხელი ომნია.

1706. სამთავე სამად გაიყვეს, თვითომან თვითო კარები; თანა ჰყვა კაცი სამასი, ყველაი გმირთა დარები. მას ღამით უქნეს სადარნო, უცრუო, ანაჩქარები, გათენდა, გაჩნდეს, მიმართეს, თავის-თავ ჰქონდა ფარები.

1707. პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად, მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დახვდეს გულ–ხმიერად; გულსა შიში არა ჰქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად, მიდგეს გარე, მუზარადნი დაიხურნეს ჟამიერად.

1708. ანაზდად ცხენი გაქუსლეს, მათრახმან შექნა წრიალი. რა ნახნეს, კარნი გაახვნეს, ქალაქით გაჰხდა ზრიალი. სამთავე სამგნით მიჰმართეს, თავსა მით უყვეს რიალი, იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქნა ბუკთა ტკრციალი.

1709. მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა: კრონოს, წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო მზისა; მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა, ველნი მკვდართა ვერ იტევდა, გადიადდა ჯარი მკვდრისა.

1710. კაცსა უკრავად დაბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა, აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდა, სიმაგრე ჯავშან-ქაფისა. სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირი არ ნახეს კაფისა, რა ქალაქს შეჰხდეს, შეიქმნა სიხარკე ციხეს სწრაფისა.

1711. ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს, მტერნი სრულად აეწყვიდნეს, სისხლი მათნი მოეღვარნეს, უყივლეს და ერთმანერთი ნახეს, დიდად გაეხარნეს, თქვეს: “ტარიელ რა იქნაო?” მისად ჭვრეტად თვალნი არნეს.

1712. ქაჯეთს მოუხდეს საომრად იგ სამნი გმირნი ლომები; კაცსა უნახავს, ეგზომნი მათ ქონდა ბრძოლა-ომები? კარნი დალეწეს, დახოცეს, გავს, იყვნეს დაუშრომები. ტარიელ გავა, სად იყო იგ მაღლა ასაძრომები!

1713. ფრიდონ შეუტყვა, ეს იყო თათბირი ტარიელისა; ყველას მიუსწრა, შეიჭრა, მის მზისა შეყრას ელისა; ჭირნი გაჰქარდა, დაივსო ცეცხლი მათისა მწველისა, აწ შეიყარნეს, შერეშრა ნაკადი ცრემლთა სველისა.

1714. ერთმანცა არა იცოდა, ვერა ცნეს ტარიერისა. ციხესა კარსა მიჰმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა; მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ხრმალთა წვერისა, ათი ათასი ნობათი, უსულო, მსგავსი მტვერისა.

1715. ციხისა მცველნი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული, თავით ფერხამდი დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული, ციხისა კარნი განხმულნი, კართა ნალეწი სრეული, ცნეს ნაქმრად ტარიელისად, თქვეს: “საქმე არს მისეული”.

1716. გზანი დახვდეს შეკაფულნი, შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა, ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა, მუზარადი მოეხადა, ჰშვენის აკვრა თმისა ლელსა, მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა.

1717. ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს; ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს; მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდენ და შუქნი არნენ, აქანამდის ჭირ-ნახულთა ამას იქით გაიხარნეს.