ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

1661. რა გათენდა, გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა. ნურადინის ქვეყანამდის შეისვიან მათ უკანა; მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა, არ უძღვანა, ავთანდილ კმა ყოლაოზად, სხვამცა ვინღა წაიტანა.

1662. იარეს და ზედა შეჰხდეს ნურადინის მეჯოგეთა; ჯოგი ნახეს, მოეწონა ფრიდონისთვის იაგეთა. მუნ ავთანდილს ჰინდო ეტყვის: “გაქნევ კარგთა სიშმაგეთა, მოდი, ფრიდონს გავლაღობნეთ, ჯოგსა მისსა მოვადგეთა.

1663. “ჯოგი წაუღოთ, მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად, გამოემართვის საომრად, ველთა სისხლისა დაღებად, ანაზდად გვიცნობს, გაჰკრთების, გულსა შეელმის დაღებად, ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შევეიქს ლაღებად”.

1664. დაუწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა. მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექნა, ეკრა კვესებსა; უყივლეს: “ვინ ხართ, მოყმენო, ვინ იქთ საქმესა ზესებსა? ჯოგი მისია, ვინ მტერსა ჰკრავს ხრმალსა, არ აკვნესებსა”.

1665. მათ მშვილდები დაიწვადეს, მეჯოგეთა გაეკიდნეს. მეჯოგენი მიიზახდეს, ხმანი მათნი გაადიდნეს: “გვიშველეთო, გვიშველეთო, მეკობრეთა ამოგვწყვიტნეს!” ხმა შეიქნა, შეიყარნეს, ფრიდონს ჰკადრეს, არ დარიდნეს.

1666. შეეკაზმა ფრიდონ, შეჯდა, შეკაზმული გამოვიდა. ხმა შეიქნა, შეიყარნეს, რაზმი ველთა დაჰფარვიდა. იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაზვრიდა; დაეხურა ზარადები, პირსა მათსა უფარვიდა.

1667. რა ტარიელ ფრიდონ იცნა, თქვა: “ვნახეო, ვინცა მინა”. მუზარადი მოიხადა, გაიღიმნა, გაიცინა; ფრიდონს უთხრა: “რასა ჰლამი, ჩვენი მოსლვა რას გეწყინა? პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა!”

1668. ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა, დავარდა და თაყვანის- სცა. იგინიცა გარდაუხდეს, მოეხვივნეს, აკოცესცა. ფრიდონ ღმერთსა ხელ-აბყრობით უსაზომო მადლი მისცა, დიდებულნი აკოცებდეს, იცნობდიან იგი ვისცა.

1669. ფრიდონ უთხრა: “რასა სდეგით? მოგელოდი უწინარე, მე მზა ვარო, სამსახური თქვენი რამცა დავიზარე!” ჰგვანდა, თუცა შეყრილ იყვნეს ორნი მზენი, ერთი მთვარე, ერთმანერთი დააშვენეს, გაემართნეს, იქცეს გარე.

1670. ფრიდონის სახლსა გარდახდეს ორნივე, ტურფად გებულსა. ახლოს დაისვამს ავთანდილს, მისსა ძმად-შეფიცებულსა. ტარიელ დაჯდა საჯდომსა, ოქსინო-გარდაგებულსა, მათ უძღვნეს იგი აბჯარი ფრიდონს, ჭაბუკად ქებულსა.

1671. უთხრეს: “ჯერთ ჟამად არა გვაქვს სხვა შენთვის არმაღანია, მაგრა ტურფანი მრავალნი ქვე სამე გვისხენ სხვანია”. მან დასდვა პირი მიწასა, არ დაიყოვნა ხანია: “ჩემთვის ამისი ბოძება არს თქვენი შესაგვანია”.

1672. გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა; აბანოს ბანნა, აავსნა შესამოსლისა ძღვნობითა, დამოსნა ტურფა-ტურფითა, ერთმანერთისა მჯობითა, თვალ-მარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა.

1673. კვლავ ფრიდონ ჰკადრა:,,რაც გინდეს ჩემგან თქვენ ნუ გაქვთ რიდია ეს თავი ჩემი თქვენისა ფერხისა გზა და ხიდია; თვალ- მარგალიტი აიღეთ, ორნივ სალაროს მიდია; ესეცა ბრძანეთ, ლაშქარი მცირე გვინდა თუ დიდია?

1674. უთხრა თქვა: “ესე სიტყვაა ავისა მასპინძელისა, — ჰგავს, მომწყენოდეს სტუმრობა თქვენ ბრძნისა, ვითა ხელისა, მაგრა აწ ყოფნა არ ვარგა, წავლა სჯობს გზისა გრძელისა, თუ ქაჯნი მოგვესწრებიან, საეჭვი არს სიძნელისა.

1675. “დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა? კარგნი გვინდან და ცოტანი; სამასი კაცი გვეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი; ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად დავაგნეთ ხრმალთა კოტანი, მას ადრე ვჰპოებთ, ვისიცა მოგვკლავს ალვისა, მო-, ტანი.

1676. “ქაჯეთს ერთხელ მეც ვყოფილვარ, ნახავთ, თქვენცა გემაგრების, ყოვლგნით კლდეა, გარეშემო მტერი ვერა მოადგების; თუ იდუმალ არ შეუვალთ, ცხადად შებმა არ ეგების, მით ლაშქარი არად გვინდა, რაზმი მალვით ვერ მოგვყვების”.

1677. იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა. მუნ დააგდეს ქალი ასმათ; ფრიდონ მისცემს საჩუქვარსა. თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს, გმირთა დარსა; ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა, პირველ შენაზარსა.

1678. ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა; ფრიდონ გზა იცის, იარეს, დღისით და ღამით რებულთა. ფრიდონ თქვა: “ვახლავთ არეთა ჩვენ, ქაჯეთს მიახლებულთა; აქათგან ღამით ვლა გვინდა, მით არას გამჟღავნებულთა”.

1679. ამა ფრიდონის თათბირთა სამნივე ერთგან ზმიდიან: რა გაუთენდის, დადგიან და ღამით ფიცხლა ვლიდიან; მივიდეს, აჩნდა ქალაქი, მცველთა ვერ დასთვალვიდიან, გარე კლდე იყო, გუშაგთა ხმა ჯარვით გაადიდიან.

1680. ყოვლგნით მრგვალი, შეუვალი, არსით იყო ყოლა პირი; სამთა კართა ცხრა ათასი ზედა სცვიდა მოყმე გმირი; შუა ციხე ამართული, კლდე კეკლუცი, არ დუხჭირი, გვირაბითა შესავალი ახვრეტილი, ვითა სტვირი.