ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

1642. ქვაბისა კარსა ასმათი მარტო ზის, არ-ბარგოსანი. შეხედნა, იცნა ტარიელ, თანა ყმა ჭარმაგოსანი. ორნივე ტურფად იმღერდეს, ვით იადონი მგოსანი, მაშინვე იცნა, ავარდა მოშლილი პერანგოსანი.

1643. აქამდის მიწყივ ენახა ქვაბს მისლვა მოტირალისა, აწ გაუკვირდა დანახვა სიცილით მომღერალისა. ზარ-აღებული ავარდა, ცნობა უც, ვითა მთრვალისა, არ იცის სმენა ამბისა ჯერთ მისგან სასურვალისა.

1644. მათ რა ნახეს, შემოჰყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით: “ჰე, ასმათო მოგვივიდა მოწყალება ღმრთისა ზენით; ვჰპოვეთ მთვარე დაკარგული, რაცა გწადდა, იგი ვქენით; აწ გავხედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით, ჭირთა ლხენით!”

1645. ავთანდილ ცხენსა გარდახდა ასმათის მოსახვეველად. მან მიჰყო ხელი ალვასა, შტო მოჰყვა მოსარხეველად, ყელსა და პირსა აკოცებს, არის ცრემლისა მფრქვეველად; “რა სცანო, რა ჰქენ მიამბე, ვტირ შენი მოაჯე ველად”.

1646. ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა, ალვისა შტო-დამჭნარისა, მთვარისა ფერ-მიხდილისა; უთხრა თუ: “ნახე ნაწერი მის პატიჟ-გარდახდილისა; მზე მოგვეახლა, მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა”.

1647. ასმათ რა ნახა უსტარი, ცნა მისი დანაწერობა, გაჰკვირდა, ზარმან აიღო, ათრთოლებს, ვითა ხელობა, ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკვირველობა; იტყვის: “რა ვნახე, რა მესმის, არსცა ამისი მრთელობა!”

1648. ავთანდილ უთხრა: “ნუ გეშის, ეგე ამბავი მრთელია; ლხინი მოგვეცა, მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია, მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია, ბოროტსა სძლია კეთილმან, — არსება მისი გრძელია!”

1649. ჰინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა; ერთმანერთსა ეხვეოდეს, სიხარული ატირებდა; ვარდსა ზედა ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა. კაცსა ღმერთი არ გასწირავს, თუცა კაცი შეიგებდა.

1650. ღმერთსა მისცეს დიდი მადლი, თქვეს: “ გვიყოო, რაცა სჯობდა; აწყა ვცანით, უარესსა პირი თქვენი არ გაჰბრჭობდა”. ჰინდოთ მეფე ხელ-განპყრობით მხიარული ამას ხმობდა. ქვაბს შევიდეს მხიარული, ასმათ რასმე მასპინძლობდა.

1651. ტარიელ ეტყვის ავთანდილს: “ისმინე სიტყვა ასები, გიამბობ რასმე ამბავსა, მოამბვედ ნუ გენასები: მე ოდეს ქვაბნი წაუხვენ, დავხოცე დევთა დასები, მას აქათ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები”.

1652. მე აგრე არა მინახავს, მართ ვითა არა მდომია; მოდი და გავხსნათ, შევიგნეთ, საჭურჭლე თუ რა ზომია”. იამა, ადგეს ორნივე, არცა ქვე ასმათ მჯდომია, დალეწეს კარი ორმოცი, მათგან არ ზედა ომია.

1653. პოვეს საჭურჭლე უსახო, კვლა უნახავი თვალისა, მუნ იდვა რიყე თვალისა, ხელ-წმიდად განათალისა, ჩნდის მარგალიტი ოდენი ბურთისა საბურთალისა; ვინმცა ქნა რიცხვი ოქროსა, ვერვისგან დანათვალისა!?

1654. იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი. პოეს ერთი ზარადახანა, აბჯრისათვის ახლად ქნილი; მუნ აბჯარი ყოვლი-ფერი ასრე იდვა, ვითა მწნილი, შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდილი, არ-გახსნილი.

1655. ზედა ეწერა: “აქა ძეს აბჯარი საკვირველიო, ჯაჭვ-მუზარადი, ალმასი, ხმალი ბასრისა, მჭრელიო; თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, დღე იყოს იგი ძნელიო; უმისჟამისოდ ვინც გახსნას, არის მეფეთა მკვლელიო”.

1656. კიდობანი გახსნეს, პოვეს მუნ აბჯარი სამი ტანი, რასაცა ვით შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი, ჯაჭვი, ხრმალი, მუზარადი, საბარკული მათი გვანი, ზურმუხტისა ბუდებითა იყვნეს ვითა ლუსკუმანი.

1657. თვითომან თვითო ჩაიცვეს, თავის თავს გამოსცდიდიან, ჯაჭვ-მუზარადსა, აბჯარი მართ ვერა ვერ დაჰკიდიან; ხმალი რკინისა მოჰკრიან, ვით ბამბის მკედსა სჭრიდიან, მათ უღირს ყოვლად ქვეყანად, შევატყევ, არ გაჰყიდიან.

1658. თქვეს: “ესე ნიშნად გვეყოფის, ვართო კარგითა ბედითა; ღმერთმან მოგვხედნა თვალითა, ზეგარდმო მონახედითა”. აიღეს იგი აბჯარი თავის თავისა ქედითა, თვითო მათ, ერთი ფრიდონის საძღვნობლად შეკრეს ღვედითა.

1659. ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები; გამოვიდეს, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები. ავთანდილ თქვა: “ამას იქით დავამაგრო ხრმალსა ნები, ამას ღამე არსად წავალ, რა გათენდეს, არ დავდგები”.

1660. აქა, მხატვარო, დახატე, ძმად უმტკიცესნი ძმობილნი, იგი მიჯნურნი მნათობთა, სხვისა ვერვისგან სწრობილნი, ორნივე გმირნი, მოყმენი, მამაცობისა ცნობილნი, რა ქაჯეთს მივლენ, გასინჯეთ ომი ლახვართა სობილნი.

ტარიელისა და ავთანდილისა წასვლა ფრიდონისასა