ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

1622. ტარიელ უთხრა: “ჰე, ძმაო, კმა არს, დღეს რაცა მლხენია, ყოველი ჩემი სალხინო მინახავს, ნახვა შენია; სხვად ნუ ყოს ღმერთმან წამალი, არცა რა მოგისმენია: კაცმანმცა სოფელს ვით პოვა, რაცა რა საქმე ზენია!”

1623. რა ტარიელ არ შესჯერდა, ავთანდილცა არ დასწყნარდა, მის ამბისა დაყოვნება ვეღარ გასძლო, აუჩქარდა, გამოიღო რიდე მისი, ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა, რა ტარიელ ნახა, იცნა, გამოუღო, შემოვარდა.

1624. წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გაცაშალა მან, პირსა დაიდვა, დაეცა, ვარდმან ფერითა მკრთალამან, სულნი გაიქცნეს, მოდრიკა თავი გიშრისა ტალამან, მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი ვერ კაენ, ვერცა სალამან.

1625. ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს, უსულოდ ქვე-მდებარესა; შეფრინდა, შველად მიმართა მას, ტკბილად მოუბარესა; ვერა, ვერ არგო დამწვარსა, სრულად ცეცხლ-ნადებარესა, მისთა ნიშანთა სიცოცხლე მართ მისი მიებარესა.

1626. ავთანდილ დაჯდა ტირილად, ტირს ხმითა შვენიერითა, ყორანსა გაგლეჯს ხშირ-ხშირად, აფრთხობს ბროლისა ჭერია; გახეთქა ლალი, გათლილი ანდამატისა კვერითა, მუნით წყარონი გამოჰხდეს, ძოწსა ვამსგავსე ფერია.

1627. ტარიელს ეგრე გასულა მზე დასტირს, იტყვის:,,ახა ვა! ღმერთო, ნუ მოჰკლავ ჯერ ჟამად! თქვა: ბრალ არს დასამარხავა.“ ნუ გვწვავ ცეცხლითა ცხელითა, ნუ გაგვხდი სხვათა მზრახავა,“ სოფელო, მოგვეც სიახლე, ვისთვის გვაქვს გული მჭმახავი.“

1628. პირსა იხოკს, ღაწვთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა; “რაცა ვქენო, არ უქმნია არცა შმაგსა, არცა რეტსა; წყალი სწრაფით რას დავასხი ცეცხლსა, ძნელად დასაშრეტსა! ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის-მეტსა.

1629. “მე მოვკალ ჩემი მოყვარე, რა მმართებს გაწბილებულსა? თავსა ვაბრალობ საქმესა, არ დასმით გაგონებულსა! ცრუ კაცი კარგად ვერა იქს საქმესა გაძნელებულსა, თქმულა: სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა”.

1630. უცნობო ქმნილი ტარიელ ძეს მსგავსად ნატუსალისად, ავთანდილ ადგა, გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად, მან პოვა სისხლი ლომისა, მოაქვს სავსებლად ალისად, მკერდსა დაასხა, გავეხდა ლაჟვარდი ფერად ლალისად.

1631. ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა; ტარიელ შეჰკრთა, შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა; თვალნი აახვნა, მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა, ლურჯათ ჩანს შუქი მთვარისა, მზისგან შუქ-ნაკრთომისა.

1632. ზამთარი ვარდთა გაახმობს, ფურცელნი შთამოსცვივიან, ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს, გვალვასა სჩივიან, მაგრა მას ზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ჰყივიან, სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯელვე სტკივიან.

1633. აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია, ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედა, მართ ვითა ხელია, მიწყივ წყლულდების, საწუთრო მისი აროდეს მრთელია. იგი მიენდოს სოფელსა ვინცა თავისი მტერია!

1634. ტარიელ ნახა ნაწერი კვლაცა მკვლელისა მისისა; იკითხავს, თუცა აშეთებს კითხვა წიგნისა მისისა; დაუყვის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა, ავთანდილ ადგა, დაუწყო, თხრობა სიტყვისა მქისისა.

1635. მიკვირს, თუ რად ნამუსად გიჩს, ცრემლნი მიდგიან მორევად; მზე პატიმრად გყავს, სოფელილ იჭირვის ჩვენდა მორევად; ფრიდონ მოვიხმოთ ლომ -გულო, ძმად- ფიცი ჩვენდა სწორევად, მან მოგაშველოს ლაშქარი მათ გრძნეულთათვის მორევად.“

1636. იტყვის თუ: “ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლილისად, აწ რადღა გვმართებს ტირილი? ხამს დავსხდეთ ქმნად ღიმილისა; ადეგ, წავიდეთ საძებრად მის მზისა წახდომილისა! ადრე მიგიყვან, მიყვანა არს შენგან მონდომილისა.

1637. ტარიელ, მითხარ სიმღერა, მო ხმითა მოგვრინავითა, ამ ჩემს ასულსა ზღვას შევრთავ, მზესა შინ მოგვრი ნავითა. სულ ქაჯთა პირქვე დავამხობ გველებრივ მოგვრინავითა, თუ ჩემი მოსვლა გრძნებისა მოვალ და მოგვრი ნავითა

1638. “ვითა გვმართებს გახარება, პირველ აგრე გავიხარნეთ, მერმე შევსხდეთ, გავემართნეთ, ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ, ხრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ, მათნი ზურგით დავიყარნეთ, უჭირველნი შემოვიქცეთ, იგი მძორთა დავადარნეთ”.

1639. მერმე ტარიელ ამბავსა ჰკითხავს, აღარა ბნდებოდა. შეხედნის, თვალნი აჰმართნის, შავ-თეთრი ელვა ჰკრთებოდა, მართ ვითა ლალსა მზისაგან მას ფერი ეზარდებოდა; ვინ ღირს ა, თუმცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა!

1640. ავთანდილს მადლი უბრძანა, ქნა უყო საუბარისა: “მე შენი ქება ვითა ვთქვა, ბრძენთაგან საქებარისა! ვითა ზე-მთისა წყარომან, მომრწყე ყვავილი ბარისა, დამწყვიტე დენა ცრემლისა, ნარგისთა ნაგუბარისა”.

1641. “მე ვერა გიყო ნაცვალსა, ღმერთი გარდგიხდის ციერი, ზეგარდმო მისით შემოგზღოს მუქაფა ჩემმაგიერი!” შესხდეს და შინა წავიდეს, მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი; აწ გავეაძღო სოფელმან ასმათ, ადრითგან მშიერი.