ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

1445. სამთავე სამად გაიყვეს, თვითომან თვითო კარები თანა ჰყვა კაცი სამასი, ყველაი გმირთა დარები. მას ღამით უქმნეს სადარნო, უცრუო, ანაჩქარები, და გათენდა, გაჩნდეს, მიჰმართეს, თავის-თავ ჰქონდა ფარები.

1446. პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად, მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დახვდეს გულხმიერად გულსა შიში არა ჰქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად და მიდგეს გარე, მუზარადნი დაიხურეს ჟამიერად.

1447. ანაზდად ცხენი გაქუსლეს, მათრახმან შეჰქმნა წრიალი. რა ნახეს, კარნი გაახვნეს, ქალაქით გახდა ზრიალი. სამთავე სამგნით მიჰმართეს, თავსა მით უყვეს რიალი, და იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიჰქმნა ბუკთა ტკრციალი.

1448. მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა: კრონოს, წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო მზისა მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა, და ველნი მკვდართა ვერ იტევდა, გადიადდა ჯარი მკვდრისა.

1449. კაცსა უკრავად დაჰბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა, აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდის, სიმაგრე ჯავშან-ქაფისა. სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირნი არ ნახეს კაფისა, და რა ქალაქს შეჰხდეს, შეიჰქმნა სიხარკე ციხეს სწრაფისა.

1450. ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს, მტერნი სრულად აეწყვიდნეს, სისხლი მათნი მოეღვარნეს, უყივლეს და ერთმან ერთი ნახეს, დიდად გაეხარნეს, და სთქვეს: “ტარიელ რა იჰქმნაო?” მისად ჭვრეტად თვალნი არნეს.

1451. ერთმანცა არა იცოდა, ვერა ჰსცნეს ტარიერისა. ციხესა კარსა მიჰმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ჴმალთა წვერისა, და ათი ათასი ნობათი, უსულო, მზგავსი მტვერისა.

1452. ციხისა მცველნი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული, თავით ფერხამდი დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული, ციხისა კარნი განხმულნი, კართა ნალეწი სრეული, და ცნეს ნაქმრად ტარიელისად, სთქვეს: “საქმე არს მისეული”.

1453. გზანი დახვდეს შეკაფულნი, შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა, ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა, მუზარადი მოეხადა, ჰშვენის აკვრა თმისა ლელსა, და მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა.

1454. ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ჰღვარნენ,– ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნენ მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდენ და შუქნი არნენ, და აქანამდის ჭირნახულთა ამას იქით გაიხარნეს.

1455. მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელ-გარდაჭდობილნი. კვლავ შეეწებნეს ხშირ-ხშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი. აწ ესენიცა გავიდეს, შეკრბეს სამნივე ძმობილნი, და მას მზესა მისცეს სალამი, წარდგეს მართ ვითა ხმობილნი.

1456. მზე მოეგება პირითა ტურფითა, მოცინარითა, აკოცა მისთა მეშველთა ლაღმან ცნობითა წყნარითა, მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა, და ორივე ერთგან უბნობდეს ამოთა საუბარითა.

1457. ტარიელსცა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა ვით ხეს, მიულოცეს გამარჯვება, ერთმან ერთი მოკითხეს არა სჭირდა, არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს, და თავნი მათნი გაალომნეს, მათნი მბრძოლნი იშვლეს ითხეს.

1458. სამასისა კაცისაგან ას სამოცი შეჰყოლოდა ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, მაგრა ცალ-კერძ უხაროდა: მონახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დარჩომოდა, და რომე პოვნეს საჭურჭლენი, აწმცა თვალვა ვით ითქმოდა!

1459. მოჰკრიფეს ჯორი, აქლემი, რაცა ვით პოვეს მალები სამიათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები, თვალი ყველაი დათლილი, იაგუნდი და ლალები, და იგი მზე შეჰსვეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები.

1460. სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია, წამოიყვანეს იგი მზე, მათი-ღა წაგვრა ძნელია ზღვათა ქალაქსა დამართეს, თუცა გზა მუნით გრძელია, და სთქვეს: “ფატმან ვნახოთ, მუქაფა გვაც მისი გარდუხდელია”.

ტარიელისაგან ზღვათა მეფისასა და ფრიდონისას მისვლა

1461. ზღვათა მეფესა წინაშე გაჰგზავნა მახარობელი, შესთვალა: “მოვალ ტარიელ, მტერთა მძლე, მოსრვით მსპობელი ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი და მწადიან, გნახო პატივით, ვითა მამა და მშობელი.

1462. “აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია მეფეო, კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია, და მისად მუქაფად რა გიძღვნა, მძულს ცუდი ნაქადებია!

1463. “მოდი, გვნახენ, გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე, სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი, ჩემგან შეიწირე, კაცნი შენნი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე, და მე ვისწრაფი, ვერა გჰნახავ, შენ წამოდი, ჩემკერძ ირე.