ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

1523. “დია მძულს მეტი მოყვრისა შიში, კრძალვა და რიდობა, მძულს გაუწყვედლად კუშტობა, და სულ-მძიმობა, დიდობა თუ მოყვარეა გულისა, ჰქმნას ჩემკენ მონაზიდობა, და თვარა მე ჩემდა, იგ მისდა, დია სჯობს კიდის კიდობა.

1524. “მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყვარელისა, არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა. რადმცა რა ვკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა, და ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქვს სანატრელისა.

1525. “ამას ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეპოვნებით, რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით. რადგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით? და დააშვენეთ ერთმან ერთი, თავის-თავის ნუ დასსჭკნებით”.

1526. რა ავთანდილ ტარიასგან ჰსცნო, წასლვასა არ დაშლიდა, არა ჰკადრა შეცილება, საუბარსა ზედა ჰრთვიდა ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა, და თანა წაჰყვა, განაღამცა მასთანავე გზასა ვლიდა.

ტარიელისა ქვაბსავე მისვლა მეორედ და საჭურჭლეთ ნახვა

1527. ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს, ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს ავსა წამ-ერთ შეამოკლებს, კარგსა ხან-გრძლად გააკვლავდებს, და თავსა მისსა უკეთესსა უზადო ჰყოფს, არ აზადებს.

1528. ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი, იგი მზენი, თანა მიჰყავს პირი მზისა, ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი, ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი, დანათხზენი და მუნ ბადახშსა აშვენებდეს სინატიფე, სინაზენი.

1529. იგი მზე უჯდა კუბოსა და აგრე არონინებდეს, მინადირობდეს, ნადირსა მუნ სისხლსა მიადინებდეს, სადაცა დახვდის ქვეყანა, მჭვრეტელთა მოალხინებდეს, და მოეგებნიან, სძღვნობდიან, აქებდეს, არ აგინებდეს.

1530. მას ჰგვანდეს, თუმცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა, ბრძნად მოუბარეთა შიგან მათ დიდთა მინდორთა, ყოვლგნით კაცთ-მიუმწვდარეთა, და სად ყოფილ იყო ტარიელ, მიჰხვდეს მის კლდისა არეთა.

1531. ტარიელ ჰბრძანა: “მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა მუნ მივალ, სადა ყოფილ ვარ, მჭირდა სადამდის ხელობა მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უც ხორცისა ხმელობა, და მე რომე გიძღვნი ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა.”

1532. მივიდეს, შიგან გარდაჰხდეს ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა. ასმათს უც ხორცი ირმისა, იქმს მასპინძლობა-კვეთასა. ამხანაგობდეს, ლაღობდეს, წასლვასა მათ საქმეთასა და ღმერთსა ჰმადლობდეს შეცვლასა ლხინად ჭირისა დღეთასა.

1533. მოიარეს ქვაბოვანნი, თამაშობდეს მხიარულნი, პოვნეს იგი საჭურჭლენი, ტარიასგან დაბეჭდულნი, ვერცა ვისგან დანათვალნი, ვერცა ვისგან შეგებულნი და არ იტყვიან — არა გვაქვსო, იგ ამისთვის გულ-ნაკლულნი.

1534. უბოძა ტურფა მრავალი მათ მათი შესადარები. კვლავ ფრიდონისნი აავსნა, სპა ჰყვა თუ სპასალარები აივსო კაცი ყველაი მაშინ მათ თანა ნარები, და მაგრა ძეს რომე საჭურჭლე,ჰგვანდა კაც-დაუკარები.

1535. ფრიდონს უთხრა: “ვალი თქვენი ჩემგან ძნელად გარდიხდების, მაგრა თქმულა, “კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წაჰხდების აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების, და შენი იყოს ყველაკაი, შენ წაიღე, ვითა გხვდების.”

1536. ფრიდონ მდაბლად თაყვანი-ჰსცა,ჰკადრა მადლი მეტის-მეტი: “მე, მეფეო, რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი? მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი, და ჩემი ლხინი მუნამდის ა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი!”

1537. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად, სახლსა მისსა მისაღებლად მის ყველასა საჭურჭლისად აწ მუნითგან გაემართნეს არაბეთით წავლად გჰზისად, და ავთანდილი გალეული შესაყრელად, მთვარე, მზისად.

1538. მიჰხვდეს არაბთა საზღვარსა, რა ვლეს მრავალნი ხანები. დაჰხვდა სოფლები, ციხები, ხშირ-ხშირად თანის-თანები, მუნ შიგან მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები, და ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები.

1539. ტარიელ კაცი გაჰგზავნა წინაშე როსტან მეფესა შესთვალა: “გკადრებ, მეფეო, სურვილთა სიიეფესა მე მოვალ მეფე ინდოთა დარბაზსა თქვენსა სეფესა, და გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭვნელსა, მოუკრეფესა.

1540. “მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა, ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ, შემოტევება ცხენისა, მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა, და დავჴოცე მონა მრავალი, მსახურნი სრისა თქვენისა.

1541. “აწ ამად მოვალ წინაშე, დავყარენ ჩემნი გზანია, შემინდოთ, რაცა შეგცოდეთ, ჰქმნნეთ გაწყრომისა კმანია. ძღვენი არა მაქვს, მმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია, და ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთვის მომიტანია”.