ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

1542. რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა, ვით გაეხარნეს, ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა, და ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ-წამწამისა.

1543. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა ხმა მაშინ თქართქარებისა. ლაშქარნი რბოდეს მიდამო, ჰქმნა სწადდა მათკე რებისა. დაიწყეს მოსხმა ცხენისა, მოღება უნაგრებისა, და შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავ-ფიცხელ, გულ-მაგრებისა.

1544. მეფე შეჰსჯდა, გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი. ვისცა ესმის, მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი. ყველაკაი ღმერთსა ჰმადლობს, გაამაღლეს მათნი ხმანი, და სთქვეს: “ბოროტსა უმყოფოა, კეთილნია, შენთვის მზანი!”

1545. რა ერთმან ერთი აუჩნდა მიგებულ-მოსაგებავთა, ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა: “აგერა ჰხედავთ მინდორთა, მტვერითა შენაღებავთა, და ამისთვის ვიწვი, სახმილი გულსა ეცხელა, ებავთა.

1546. “ისია ჩემი გამზრდელი და თქვენდა მოგებებულა. იქი ვერ მივალ, მრცხვენიან, გულსა სახმილი დებულა, ჩემად არაკად სულ-დგმული კაცი არ გაწბილებულა, და რასაცა მიზამთ, თქვენ იცით, ფრიდონ თქვენდავე ხლებულა”.

1547. ტარიელ უთხრა: “კარგსა იქმ შენ პატრონისა კრძალვასა. აწ დადეგ, იქი ნუ მიხვალ, იქმცა უჩემოდ ხალვასა. მე მივალ, ვუთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა, და ვეჭვ, ღმრთითა ადრე შეგყარო მზესა მას, ტანად ალვასა”.

1548. მუნ დადგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი. ნესტან-დარეჯან მუნვე დგას, იგია მჭვრეტთა მზარავი, მისთა წამწამთა ნიავი ჰქრის, ვითა ქარი არ ავი და წავიდა მეფე ინდოთა მისრული, მიუპარავი.

1549. ტარიელცა თაყვანი სცა, მივა კოცნად, სასალამოდ მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ, გაკვირვებით ეუბნების, არის მისგან სათამამოდ: და “შენ მზე ხარო, შენი გაყრა არის დღისა შესაღამოდ”.

1550. გაეკვირვა მეფე მისსა თვალადობა-სიტურფესა, პირსა უჭვრეტს გაკვირვებით, უქებს მკლავთა სიალფესა კვლავ ფრიდონცა უსალამა, თაყვანი-ჰსცა მან მეფესა, და მას მეფესა, ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა.

1551. მეფე ტარიას ქებასა დაჰკრთების, დაეღონების. ტარიელ ეტყვის: “მეფეო, აწ გული შენ გემონების, მიკვირს, თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების! და რადგან ავთანდილ შენია, სხვა რად ვინ მოგეწონების.

1552. ნუ გიკვირსთ მისი ვერ ნახვა და დაჰყოვნება ხანისა, მოდი და დავსხდეთ, მეფეო, ამოა კორდი მწვანისა, გკადრო მიზეზი მისისა თქვენს წინა ვერ მოტანისა, და ვიაჯ რასამე, აწ მმართებს მოთხოვა მე ფარმანისა”.

1553. დაჰჰსხდეს მეფენი, მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა. ტარიელს პირსა ციმციმი ათქს, უნათლესი ბაზმისა, ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა, ყოფა ქცევისა და ზმისა, და დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა, ბრძნად ნაკაზმისა:

1554. “მეფეო, თავი მემცრობის მე მისად მოსახსენებლად, მაგრა მოსული თქვენს წინა ვარ შემომხვეწლად მქენებლად. თვით იგი იაჯს, რომელიც ჰსჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად, და ვინ არის ჩემად სინათლედ და ჩემად გამათენებლად.

1555. “აწ ამას გკადრებთ ორნივე ხვეწნით და შემუდარებით, ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დადებით, დავიწყდეს, რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთავე დარებით, და არ გაწყენ, გრძელი ამბავი არს ჩვენგან მიუმხვდარებით.

1556. “თქვენთა უყვარს ერთმან ერთი, ქალი მას და იგი ქალსა, მით ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერ-ნამკრთალსა მუხლ-მოყრილი გეაჯები, ნუღარ აწვევ იმათ ალსა, და რომე მისცე ქალი თქვენი მკლავ-მაგარსა, გულ-ფიქალსა.

1557. “ამის მეტსა არას გკადრებ, არ მოკლესა, არცა გრძელსა”. ამოიღო ხელ-მანდილი, მოინასკვა ზედან ყელსა, ადგა, მუხლნი მიუყარნა, იაჯების ვითა მზრდელსა, და გაუკვირდა ყოვლსა კაცსა, მის ამბისა მომსმენელსა.

1558. რა ტარიელ მუხლ-მოყრილი ჰნახა, მეფე შეუზარდა, შორს უკუ-დგა, თაყვანის სცა, ქვე მიწამდის დაუვარდა; მოახსენა: “ხელმწიფეო, ლხინი ყოვლი უკუქარდა, და თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქვენი ჩამადარდა.

1559. “ვით ეგების, რაცა გწადდეს, რომე კაცი არ მოგთმინდეს, ანუ მშურდეს ქალი ჩემი, საკლავად და ტყვედცა გინდეს გებრძანამცა სახლით თქვენით, ცრემლი არცა მაშინ მდინდეს და სხვა მისებრი ვერა პოოს, ცათამდისცა აღცაფრინდეს!

1560. “მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვჰპოვებ ვერა თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც, აქვს და მას ეფერა,– ვარდი ახლად იფურჩნების, მე ყვავილი დამებერა და რამცა ვკადრე შეცილება, რასაც იგი ოდენ სჯერა!

1561. “თუ შეგერთო ერთი მონა, თქვენთვის არცა მაშინ მშურდა. ვინმცა გკადრა შეცილება უშმაგომცა ვით მოგმდურდა, თუ ავთანდილ არ მიყვარდა, ასრე მისთვის რად მომსურდა?! და დია, ღმერთო,წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა”.