ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

1503. ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა ყოვლთა დღეთა მიართმიდეს უფასოსა ძღვენსა მზასა დღე და ღამე არ გასწყვედდის ჩაღანა და ჩანგი ხმასა, და აჰა, მიჰხვდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა.

1504. ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღე ერთ სიტყვები გულისა: “არს გული თქვენი საჩემოდ უფროსი ძმისა სრულისა, არ გემუქფების სიცოცხლე, არცა მოცემა სულისა, და მე თქვენგან ვპოვე მოკვდავმან ჩემი წამალი წყლულისა.

1505. “ავთანდილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება, აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა მოხმარებისა წადება: შენ მიდი, ჰკითხე, რა უნდა, მან ჰქმნას ამისი ცხადება, და ვითა დამივსო სახმილი, ეგრე მისიცა კმა დება.

1506. “უთხრა: “ძმაო, რა გარდიხდის შენგან ჩემსა ჭირნახულსა! ღმერთი მოგცემს წყალობასა, მისგან ზეცით შესახულსა! თუ ვერა ვიქმ საწადელსა შენსა, შენთვის გაზრახულსა, და არა ვნახავ სახლსა ჩემსა, არ დარბაზსა, არცა ხულსა.

1507. “აწ მითხარ, ჩემგან რა გინდა, ანუ რით მოგეხმარები? ვარჩევ, წავიდეთ არაბეთს, იყავ ჩემიცა მარები ტკბილის სიტყვითა გავმართოთ და ხრმლითა საომარები, და თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები”.

1508. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა, მას გაეცინეს, გაღიმდა, ჰშვენოდა მხიარულობა სთქვა, თუ: “მეშველი რად მინდა, მჭირს არავისგან წყლულობა! და ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს, არცა სჭირს ლხინ-ნაკლულობა.

1509. “ჩემი მზე ტახტსა ზედა ჰზის მორჭმული ღმრთისა ნებითა, საკრძალავი და უკადრი, ლაღი, არვისგან ვნებით-ა, არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა, და მასზედა შველა რად მინდა, რად მეჭვ რასაცა თნებითა!

1510. “რა მოვა ჩემთვის განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი, ღმერთი იწადებს, მომივლენ გულის სახმილთა ლხენანი მაშინღა მომხვდენ მოკვდავსა მზისა ელვათა ფენანი, და უმისჟამისოდ ცუდია ჩემგან მიდამო რბენანი.

1511. “მიდი და ჰკადრე ტარიელს პასუხი, ჩემგან თხრობილი: “მადლი რად უნდა, მეფეო, ხარ რაზომ გინდა ლმობილი, ვარ მუცლითგანვე დედისა თქვენად სამონოდ შობილი, და ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი.

1512. “გებრძანა, “შეყრა მწადიან საყვარელისა შენისა, ეგე არს მზგავსი გულისა ლმობიერისა თქვენისა მუნა მე ხმალი არ მიკვეთს, არცა სივრცელე ენისა, და მიჯობს მოლოდნა საქმისა მის განგებისა ზენისა.

1513. “ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე: ინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედა მჯდომარე, გვერდსავე გიჯდეს მნათობი პირი ელვათა მკრთომარე, და მებრძოლნი თქვენნი მოგესრნეს, არვინ ჩნდეს მუნ მეომარე.

1514. “რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი, მაშინღა მივალ არაბეთს, მომხვდენ მის მზისა ხლებანი ოდესცა ჰსწადდეს, დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი, და სხვა თქვენგან არა არ მინდა, მძულან ცუდნიღა თნებანი.

1515. რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი, მან ბრძანა: “მაგას არა ვიქმ, ამას არ უნდა მისანი. ვითა მან პოვნა მიზეზნი ჩემისა სულთა დგმისანი, და ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალ-გულნი ძმისანი.

1516. “მიდი, უთხარ ჩემმაგიერ სიტყვა ჩემგან არ ნათნები: “მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები. ვეჭვ, მრავალი დამეჴოცოს მონა მისგან საყვარლები, და ვითხოვ ხოლე შენდობასა, ეგეთი ღა მოვბრუნდები».

1517. “ესე უთხარ: ამის მეტსა ჰმოციქულობ ნურას ნუო, ხვალე წასლვა არ დავშალო, არცა საქმე გავათუო მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე სიტყვა გავაცრუო, და ამოდ ვსთხოვო ქალი მისი, შევეხვეწო, შევაგუო».

1518. უამბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა: “არ დადგებისო, ცუდია შენგან ცდისა ღა თქმულობა”. მას დაუმძიმდა, მოედვა კვლავ გულსა კვამლ-ალმულობა. და ასრე ჰხამს რიდი მეფეთა ყმათაგან მოკრძალულობა.

1519. ავთანდილ მივა მუხლ-მოყრით ტარიას შესახვეწელად. ფერხთა ეხვევის, აკოცებს,აღარ შეხედავს ზე წელად ეტყვის: “კმა, რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად, და კვლავ ნუ მიქმ ერთგულობისა გამტეხლად, დაცამლეწელად.

1520. “რასაცა ჰლამი, არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია, გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო მე საქმე სამუხთალია! მე მისთვის ხელი ვით გავძრა, ვინ ჩემთვის ფერ-ნამკრთალია, და ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ხმალია!

1521. “ეგე საქმე მე და ჩემსა საყვარელსა შეგვამდურვებს, ვა თუ გაწყრეს, გაგულისდეს, კუშტი გულსა შეაურვებს, ამბავსაცა დამიძვირებს, ჭვრეტისათვის მომასურვებს, და შენდობასა ხორციელი კაცი ვერა დამიურვებს”.

1522. ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქ-ნაფენამან, ხელი მოჰკიდა ავთანდილს, ამაჰრთა, ააყენა მან: “მიყოო კარგი ყველაი მომართებამან შენამან, და მაგრა სჯობს, შენცა გალხინოს ჩემმან შენითა ლხენამან.