ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

1562. რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყვა მოისმინა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, პირსა ზედან დაეფინა კვლავ მეფემან თაყვანი-ჰსცა, წამორევლო, წადგა წინა, და ერთმან ერთი მოიმადლეს, მათ ერთსაცა არ ეწყინა.

1563. ფრიდონ შესჯდა, ავთანდილის მახარობლად გაექანა, ესდენ დიდი სიხარული გაეხარნენ მასცა განა,— წავიდა და წამოუძღვა, მოიყვანა, მოჰყვა თანა, და მაგრა ირცხვის მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა.

1564. მეფე ადგა,მოეგება ყმა გარდაჰხდა, რა მივიდა ხელთა ჰქონდა ხელ-მანდილი, პირსა მითა იფარვიდა,– მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა, ვარდსა ზრვიდა, და მაგრა მისსა შვენებასა რამცა ვითა დაფარვიდა!

1565. მეფე კოცნასა ჰლამობდა, აღარა ცრემლნი სდენიან ავთანდილ ფერხთა ეხვევის, შუქნი ქვე დაუფენიან უბრძანა: “ადეგ, ნუ ირცხვი, შენ ზნენი გამოგჩენიან, და რადგან მერჩიო, ნუ მერცხვი, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან?”

1566. მოეხვია, გარდაკოცნა მან პირისა არე-მარე: “დამივსეო ცეცხლი ცხელი, მაგრა წყალი არემარე ვინ გიშერი დააჯოგა და წამწმისა არე-მარე, და ხვალე, შეგყრი, ლომო, მზესა, თავი მისკე არე მარე”.

1567. მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა, ახლოს უზის, ეუბნების, აკოცებს და უჭვრეტს პირსა იგი მზე და ხელმწიფობა ასრე მიხვდა, ვითა ღირსა, და მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა.

1568. ყმა მეფესა მოახსენებს: “მიკვირს, სხვასა რად რას ჰბრძანებ, რად არ გინდა ნახვა მზისა, ანუ რადღა აგვიანებ? მიეგებვი მხიარული, სახლსა თქვენსა მოიყვანებ, და შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ”.

1569. ტარიელსცა მოახსენა შეჰსხდეს, ქალსა მიეგებნეს, მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს, მიჰხვდეს მათსა საწადელსა, იგი პოვეს, რაცა ძებნეს, და ხელი ჰხადეს ჴმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს.

1570. მეფემ ქალს უსალამა, მან შორით გარდახდომილმან. დაუყვნა თვალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან კრთომილმან გამოეგება, აკოცა კუბოსა შიგან ჯდომილმან და დაუწყო ქება მეფემან, თვით ვერას ვერ-მიხვდომილმან.

1571. ეტყვის: “მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო, შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო, მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო! და თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო”.

1572. გაკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა ვით მზემან, დაყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა სითცა გამოჩნდის, იქმოდეს ჯარნი მუნითკენ რბენასა, და მისგან დამწვარნი მისციან გულნი ჭვრეტითა ლხენასა.

1573. შინა, წავიდეს ყველანი, შინა თავისა დარებად, ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად, არ მიიხდომის სიტურფე, არს მათგან მიუმხვდარებად, და ადრე მივიდეს მეფისა სახლად სამყოფად, არებად.

1574. შევიდეს, ნახეს თინათინ მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა, სკიპტროსან-გვირგვინოსანსა ჰშვენოდა ცმა პორფირისა, მოსრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა, და შევიდა მეფე ინდოთა, იგი მზე, მზგავსი გმირისა.

1575. ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს, მოეგებნეს, აკოცეს და საუბარი დააამეს, იგი სახლი გაანათლეს, არ ნათელი შეაღამეს, და ბროლ-ბადახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს.

1576. თინათინ ზედა აწვივა ტახტსა მეფეთა ზეთასა ტარიელ უთხრა: “შენ დაჯე, სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა, დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა, და მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ მზესა მზეთასა”.

1577. ორთავე ხელი მოჰკიდეს და დაჰსვეს ტახტსა თავისსა გვერდსა დაუჰსვეს ავთანდილ, სურვილსა მოეკლა ვისსა უნახავსა და ნახულსა სჯობს ყოვლსა სანახავისსა, და ნუ ეჭვ მიჯნურად მათებრსა, ნუცა თუ რამინს და ვისსა.

1578. ქალსა შესწბა, გაუკვირდა ავთანდილის გვერდსა ჯდომა, ფერი ჰკრთა და გაუფიცხა შე-და-გამო გულმან კრთომა მეფე ეტყვის: “შვილო, ჩემგან გაქვს სირცხვილი თუ რა ზომა, და ბრძენთა უთქვამს სიყვარული, ბოლოდ მისი არ წახდომა”.

1579. “აწ, შვილო, ღმერთმან თქვენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა, სვე, სვიანობა, დიდობა, კვლავ ჭირთა გარდუხდელობა, ცამცა ნუ შეგცვლის, მოგხვდების თვით მისებრ შეუცვლელობა, და თქვენისჴელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა!”

1580. მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყვანება: “ესეაო მეფე თქვენი, ასრე იჰქმნა ღმრთისა ნება, დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი, მე სიბერე, ვითა სნება, და ჩემად სწორად მსახურებდით, დაიჭირეთ ჩემი მცნება”.

1581. ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს, მდაბლად ეთაყვანეს, მოახსენეს: “მიწად ვექმნეთ, ვინცა მიწად მიგვიყვანეს, მორჩილ-ქმნილნი დაგვადიდრეს, ურჩნი მკვდართა დაგვაგვანეს, და მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს, გულნი ჩვენნი აგულვანეს.”