ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

1367. ტარიელს ლომი მოეკლა, მით ჴმალსა სისხლი სცხებოდა შამბისა პირსა ქვეითი დგა, ცხენი არა ჰხლებოდა ყივილი ავთანდილისა ესმოდა, ეოცებოდა, და შეჰხედნა, იცნა, გაიქცა, მისკე მირბოდა, ხლტებოდა.

1368. ხმალი გასტყორცა ტარიელ, მიჰმართა მისსა ძმობილსა, ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა. მათ ერთმანერთსა აკოცეს, ჰგვანან ყელ-გარდაჭდობილსა, და ხმა შაქრის ფერად გაუხდა ვარდსა, ხშირ-ხშირად პობილსა.

1369. ტარიელ მოჰსთქვა ტირილით სიტყვა ნატიფი, მჭევრები: სისხლისა ღვარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები, ალვასა წყარო ცრემლისა მორწყავს, ნაკადი ბევრები: და “რადგან შენ გნახე, რა მგამა, პატიჟი მჭირდეს მე რები.”

1370. ტარიელ ჰსტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა გაღიმდის, ძოწი გააპის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა ეტყოდა: “ვცანო ამბავი, შენ რომე გეამებოდა, და აწ გაახლდების ყვავილი, ვარდი აქამდის სჭკნებოდა”.

1371. ტარიელ უთხრა: “ჰე, ძმაო, კმარის, დღეს რაცა მლხენია, ყოველი ჩემი სალხინო მიჰნახავს, ნახვა შენია სხვად ნუ ყოს ღმერთმან წამალი, არცა რა მოგისმენია: და კაცმანმცა სოფელს ვით ჰპოვა, რაც არა საქმე ზენია!”

1372. რა ტარიელ არ შესჯერთა, ავთანდილცა არ დაწყნარდა, მის ამბისა დაჰყოვნება ვეღარ გასძლო, აუჩქარდა, გამოიღო რიდე მისი, ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა, და რა ტარიელ ნახა, იცნა, გამოუღო, შემოვარდა.

1373. წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გაცაშალა მან, პირსა დაიდვა, დაეცა, ვარდმან ფერითა მკრთალამან, სულნი გაიქცნეს, მოდრიკა თავი გიშრისა ტალამან, და მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი ვერ კაენ, ვერცა სალამან!

1374. ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს, უსულოდ ქვე-მდებარესა შეფრინდა, შველად მიმართა მას, ტკბილად მოუბარესა ვერა, ვერ არგო დამწვარსა, სრულად ცეცხლ-ნადებარესა, და მისთა ნიშანთა სიცოცხლე მართ მისი მიიბარესა.

1375. ავთანდილ დასჯდა ტირილად, სტირს ხმითა შვენიერითა, ყორანსა გაჰგლეჯს ხშირ-ხშირად, აფრთხობს ბროლისა ჭერითა გახეთქა ლალი, გათლილი ანდამატისა კვერითა, და მუნით წყარონი გამოჩნდეს, ძოწსა ვამსგავსე ფერითა.

1376. პირსა იხოკს, ღაწვთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა “რაცა ვქმენო, არ უქმნია არცა შმაგსა, არცა რეტსა: წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა, ძნელად დასაშრეტსა,– და ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის-მეტსა.

1377. “მე მოვკალ ჩემი მოყვარე, რა მმართებს გაწბილებულსა? თავსა ვაბრალობ საქმესა, არ დასმით გაგონებულსა! ცრუ კაცი კარგად ვერა იქმს საქმესა გაძნელებულსა, და თქმულა: სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა”.

1378. უცნობო ქმნილი ტარიელ ძეს მსგავსად ნატუსალისად, ავთანდილ ადგა, გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად, მან ჰპოვა სისხლი ლომისა, მოაქვს სავსებლად ალისად, და მკერდსა დაასხა,– გავეხდა ლაჟვარდი ფერად ლალისად.

1379. ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა ტარიელ შეჰკრთა, შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა თვალნი აახვნა, მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა, და ლურჯად ჰსჩანს შუქი მთვარისა, მზისგან შუქ-ნაკრთომისა.

1380. ზამთარი ვარდთა გაახმობს, ფურცელნი ჩამოსცვივიან, ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს, გვალვასა სჩივიან, მაგრა მაზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ჰყივიან, და სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯელვე სტკივიან.

1381. აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია, ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედა, მართ ვითა ხელია, მიწყივ წყლულდების, საწუთრო მისი აროდეს მრთელია. და იგი მიენდოს სოფელსა ვინცა თავისი მტერია!

1382. ტარიელ ჰნახა ნაწერი კვლავცა მკვლელისა მისისა იკითხავს, თუცა აშეთებს კითხვა წიგნისა მისისა დაუყვის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა, და ავთანდილ ადგა, დაუწყო, თხრობა სიტყვისა მქისისა.

1383. იტყვის თუ: “ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლილისად, აწ რადღა გვმართებს ტირილი, ჰხამს დავსხდეთ ჰქმნად ღიმილისად; აღსდეგ, წავიდეთ საძებრად მის მზისა წარხდომილისად!, და ადრე მიგიყვან, მიყვანა არს შენგან მონდომილი სად.

1384. “ვითა გვმართებს გახარება, პირველ აგრე გავიხარნეთ, მერმე შევსხდეთ, გავემართნეთ, ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ, ჴმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ, მათნი ზურგით დავიყარნეთ, და უჭირველნი შემოვიქცეთ, იგი მძორთა დავადარნეთ”.

1385. მერმე ტარიელ ამბავსა ჰკითხავს, აღარა ბნდებოდა. შეჰხედნის, თვალნი ამართნის, შავ-თეთრი ელვა კრთებოდა, მართ ვითა ლალსა მზისაგან მას ფერი ეზარდებოდა და ვინ ღირსა, თუმცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა!

1386. ავთანდილს მადლი უბრძანა, ჰქმნა უყო საუბარისა: “მე შენი ქება ვითა ვსთქვა, ბრძენთაგან საქებარისა! ვითა ზემთისა წყარომან, მოჰრწყე ყვავილი ბარისა, და დამწყვიდე დენა ცრემლისა, ნარგისთა ნაგუბარისა”.