ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

თათბირი ფრიდონისა, ავთანდილისა და ტარიელისა ქაჯეთის ციხეს რომ მოადგნენ

1426. ფრიდონ სთქვა: “ვიტყვი სიტყვასა, ვეჭვ, ჩემი არ დამცდარია. ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქი დიდთაგან საომარია პირის-პირ ომი არ ძალგვაქვს, არ ჟამი საკვეხარია, და ათას წელ ვერსით შევუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია.

1427. “ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან, მასწავლნეს მათი საქმენი, მახლტუნებდიან, მრზდიდიან ასრე გავიდა საბელსა, რომ თვალნი ვერ მომკიდიან, და ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან.

1428. “აწ ვინცა ვიცით უკეთუ შეტყორცა საგდებელისა, მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა, მას ზედა გავლა ასრე მიჩნს, ვითა გარბენა ველისა, და თქვენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა.

1429. “აბჯრითა გავლა არად მიჩნს ჭირად გატანა ფარისა შიგან ჩავხლტები კისკასად, ვეცემი მსგავსად ქარისა, ლაშქართა დავჰჴოც, გავახვამ, ნახოთ გაღება კარისა, და თქვენცა მუნ მოდით, სადაცა გესმას ზრიალი ზარისა”.

1430. ავთანდილ უთხრა: “ჰე, ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან, ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს, არა წყლულნი გტკივიან; სთათბირობ ძნელთა თათბირთა, მტერთა ივაგლახივიან, და მაგრა თუ გესმის, გუშაგნი რა ახლო ახლო ჰყივიან!

1431. “რა გახვიოდე, გუშაგთა ესმას აბჯრისა ჩხერება, გიგრძნობენ, თოკსა მოჰკვეთენ, ამისი ჰხამს დაჯერება,– წაგიხდეს ცუდად ყველაი, დაგრჩეს ცუდიღა ფერება, და ეგე თათბირი არ ვარგა, სხვაებრ ვჰქმნათ თავის ტერება.

1432. “სჯობს, დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა, ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა, ქალაქს შემავალსა სავაჭროდა მოვეკაზმი, საქმესა ვიქმ მე მუხთალსა, და ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა, ჯაჭვსა, ჴმალსა.

1433. “სამთავე შესვლა არ ვარგა, თუ გვიგრძნან, არს სათუები მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შეველტყუები, მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები, გავეცრუები, და ღმერთმან ჰქმნას, უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები.

1434. “შიგნითა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად, თქვენ გარეთ კართა ეცემით, ყოველნი, მსგავსად გმირისად კლიტეთა დავლეწ, გავახვამ, დამიდგამს ვერ ქვიტკირი სად, და თუ რა სხვა ჰსჯობდეს, თქვენ ჰბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად”.

1435. ტარიელ უთხრა: “მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა, თქვენსა ძალ-გულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა, პირობა; ვიცი, გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ჴმალთა ღირობა, და კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს, რა ომმან ჰქმნას გაჭირობა.

1436. “მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა: ხმა ესმას ჩემსა სულ-ქმნილსა, ზედა გარდმოჰსდგეს, მზე ვითა, თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა! და ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა.

1437. “მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვჰქმნათ ჩემი მონახსენები: გავიყოთ კაცი ას-ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები, სამთავე სამგნით მივჰმართოთ, ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები და მოგვეგებვიან, ვემცრობით, ჩვენ ჴმალსა მივსცემთ მძლე ნები.

1438. ფიცხლად შეველბნეთ, შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა, სამთაგან ერთი შევუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა, მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა, და ხელი კვლავ ვჰხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა.

1439. ფრიდონ უთხრა: “შემიგია, გამიგია, ვიცი მე რა, მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრობენ კარსა ვერა, ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა, და თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა.”

1440. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს საუბართა ესოდენთა. ამაზედან გაიცინეს მათ წყლიანთა, სიტყვა-ბრძენთა, ერთმანეთსა ელაღობნეს ლაღობათა, მათთა მშვენთა, და გარდაჰხდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შეჰსხდეს ცხენთა.

1441. კვლავ ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირ-მკვახები, დაასკვნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები: გაიყვეს კაცი ას-ასი, ყველაი გმირთა სახები, და ცხენებსა შეჰსხდეს, აიღეს მათ მათი ჩაბალახები.

1442. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა ტარიელ შავსა ზედან ჰზის ტანითა მით წერწეტითა, და დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.

1443. ჩემი აწ ესე ნასთქვამი მათი სახე და დარია, რა ზედა წვიმდეს ღრუბელნი და მთათა ატყდეს ღვარია, მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია, და მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.

1444. თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე-მიუწდომნია, მაგრა ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ხომნია, და აწ იყურებდით, მსმენელნო, გესმნეს ფიცხელი ომნია.