ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

1582. ტარიელცა უთხრა ქებით იმედისა თავსა დება ქალსა უთხრა: “შემიყრიხართ, აღარა გწვავს ცეცხლთა დება, ქმარი შენი ძმაა ჩემი, აგრევე მწადს თქვენი დება. და ორგულთა და შემცილეთა თქვენთა მე ვჰქმნა გაფლიდება”.

ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან

1583. მას დღე ავთანდილ ხელმწიფედ ჰზის და ხელმწიფე ზენია, მასთანა მჯდომსა ტარიელს ჰშვენიან სინაზენია ნესტანჯარ ახლავს თინათინს, ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია, და ჰგავს თუ, ცა მოდრკა ქვეყანად, შეყრილან ორნი მზენია.

1584. დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა, ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი ხავსისა, შეიჰქმნა ძღვნობა ძღვენისა, მათისა შესამზგავსისა, და მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა, მზისა მზგავსისა.

1585. იაგუნდისა ჯამები იყვის, ლალისა ჭიქები, კვლავ უცხო ფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო-უცხო სიქები, მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები, და მჭვრეტელო, გულსა ეტყოდი: “ნუ აეხსნები, იქ ები!”

1586. მუტრიბნი მოჰსდგეს ყოველგნით, ისმოდის ხმა წინწილისა, შეყრით ძეს გორი ოქროსა და ბადახშისა თლილისა, მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან დის, მზგავსი მილისა, და ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდაჰხდა ჟამი დილისა.

1587. არა დარჩა უსაბოძვრო არ კოჭლი და არ საპყარი, მოდიოდა მარგალიტი მოფანტული, მონაყარი, გაბედითდა წასაღებლად ატლასი და ოქრო მყარი და სამ დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი

1588. ხვალისად მეფე არაბთა კვლავ პურობს, არ ღაფალია ტარიელს უთხრა: “შენი მზე საჭვრეტლად სატურფალია. მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია და ჰხამს, ყურსა გვეგდოს საყურად ჩვენ თქვენი ნატერფალია”.

1589. “აწ, მეფეო, არ ეგების ჩვენი სხდომა თქვენად სწორად”. სახელმწიფო საჯდომი და სხვა დაუდგა ტახტი შორად. ქვემოდ დასხნა ავთანდილ და ცოლი მისი მათად სწორად. და პირველ ძღვენი ტარიასთვის მოიღიან, იდვის გორად.

1590. არაბთა მეფე მასპინძლობს, იქმს ოდენ არიფობასა, ზოგჯერ მათ ახლავს, ზოგჯერ მათ, არ იხმობს ხელმწიფობასა, გასცემს და უქებს ყოველნი უხვობა-იეფობასა, და ფრიდონ ჰზის ახლოს ავთანდილს, ჩვეული ვით მეფობასა.

1591. მეფესა ქმრითურთ პატივი ჰქონდა ინდოთა ქალისა, სიყვარული და ჩუქება, ვით სიძისა და სძალისა რომე სძღვნა, არა ეგების თქმა არცა ნაათალისა, და თვითო სკიპტრა და პორფირი და გვირგვინები თვალისა.

1592. კვლავ უძღვნა ძღვენი ორთავე, მზგავსი მათისა ბედისა, ათასი თვალი, ნაშობი რომანულისა დედისა, კვლავ მარგალიტი ათასი, მართ ვითა კვერცხი ტრედისა, და ათასი ცხენი ტაიჭი, სიდიდით მზგავსი ქედისა.

1593. ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავ-შედგმული, ცხრა ტაიჭი, ძვირფასისა უნაგრითა შეკაზმული. ინდოთ მეფე თაყვანსა სცემს ლაღი, ბრძენი, არ-მახმული, და მადლი ჰკადრა ფხიზელურად, თუცა იყო ღვინო-სმული.

1594. რას ვაგრძელებდე, გარდაჰხდეს დღენი ერთისა თვისანი. თამაშობდიან, არ იყვნეს ყოლა გაყრანი სმისანი. ტარიელს სძღვნიან უცხონი თვალნი ლალისა ქვისანი, და მათ ყოვლთა მათნი ელვანი ჰფარვენ მართ ვითა მზისანი.

1595. ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და იყვის ფიფქისა მთოველად, ავთანდილ როსტანს წინაშე გაჰგზავნა დასათხოველად შესთვალა: “შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოველად, და მტერთა აქვს ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად”.

1596. “უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან, ვეჭვ, მოქცეს თქვენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან წავიდე, ავი არ მიყოს მე აქა დაჰყოვნებამან, და ადრე კვლავ გნახნე მორჭმულნი, ინებოს ღმრთისა ნებამან”.

1597. როსტევან ჰკადრა: “მეფეო, რად ხართ რასაცა რიდითა, რაცა გიჯობდეს, იქმოდით, გასჭვრეტდით, გაიცდიდითა, ავთანდილ თანა წამოგყვეს,წადით ლაშქრითა დიდითა. და თქვენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით, დაცასჭრიდითა“.

1598. ავთანდილ უთხრა ტარიელს ესე სიტყვები ორები მან უთხრა: “აგრე ნუ უბნობ, შეცევ ბროლისა ყორები, ახლად შეყრილსა მთვარესა, მზეო, ვით მოეშორები?” და ავთანდილ უთხრა: “მაგითა შენგან არ მოვიღორები”.

1599. “არ დია გინდა დამაგდო, წახვიდე ჩემად მზრახავად, “ცოლი უყვარსო, გამწირა» იყო ამისად მსახავად მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მევაგლახავად, და კაცსა მოყვრისა გაწირვა, ახ, მოუხდების, ახ ავად!”

1600. ტარიელს უგავს სიცილი ბროლისა ვარდთათ ფრქვევასა, უბრძანა: “ვიტყვი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა რადგან გწადიან, წამომყევ, დამწამებ ნურას თნევასა”. და ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მისთანა წვევსა.