ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა

1407. რა გათენდა, გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა. ნურადინის ქვეყანამდის შეისვიან მათ უკანა, მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა, არ უძღვანა, და ავთანდილ კმა ყოლაოზად, სხვამცა ვინღა წაიტანა.

1408. იარეს და ზედან შეჰხდეს ნურადინის მეჯოგეთა ჯოგი ნახეს, მოეწონა ფრიდონისთვის ეაგეთა. მუნ ავთანდილს ინდო ეტყვის: “გაქნევ კარგთა სიშმაგეთა, და მოდი, ფრიდონს ველაღობნეთ, ჯოგსა მისსა მოვადგეთა.

1409. “ჯოგი წაუღოთ, მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად, გამოემართვის საომრად, ველთა სისხლისა დაღებად, ანაზდად გვიცნობს, გაკრთების, გულსა შეჰლამის დაღებად, და ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შეველიქმს ლაღებად”.

1410. დაიწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა. მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეეჰქმნა, ეკრა კვესებსა უყივლეს: “ვინ ხართ, მოყმენო, ვინ იქმთ საქმესა ზესებსა? და ჯოგი მისია, ვინ მტერსა ჰკრავს ჴმალსა, არ აკვნესებსა”.

1411. მათ მშვილდები დაიწვადეს, მეჯოგეთა გაეკიდნეს. მეჯოგენი მიიზახდეს, ხმანი მათნი გაადიდნეს: “გვიშველეთო, გვიშველეთო, მეკობრეთა ამოგვწყვიდნეს!” და ხმა შეიჰქმნა, შეიყარნეს, ფრიდონს ჰკადრეს, არ დარიდნეს.

1412. შეეკაზმა ფრიდონ, შესჯდა, შეკაზმული გამოვიდა. ხმა შეიჰქმნა, შეიყარნეს, რაზმი ველთა დაჰფარვიდა. იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაჰზვრიდა და დაეხურა ზარადები, პირსა მათსა უფარვიდა.

1413. რა ტარიელ ფრიდონ იცნა, “აწ ვნახეო, ვინცა მინა”. მუზარადი მოიხადა, გაიღიმა, გაიცინა ფრიდონს უთხრა: “რასა ჰლამი, ჩვენი მოსლვა რას გეწყინა? და პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა.”

1414. ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა, დავარდა და თაყვანი-ჰსცა. იგინიცა გარდაუხდეს, მოეხვივნეს, აკოცისცა. ფრიდონ ღმერთსა ხელ-აპყრობით უსაზომო მადლი მისცა, და დიდებულნი აკოცებდეს, იცნობდიან იგი ვისცა.

1415. ფრიდონ უთხრა: “რასა სდეგით, მოგელოდი უწინარე, მე მზა ვარო, სამსახური თქვენი რამცა დავიზარე” ჰგვანდა, თუცა შეყრილ იყვნეს ორნი მზენი, ერთი მთვარე, და ერთმან ერთი დააშვენეს, გაემართნეს, იქცეს გარე.

1416. ფრიდონის სახლსა გარდაჰხდეს ორნივე, ტურფად გებულსა! ახლოს დაისვამს ავთანდილს, მისსა ძმად შეფიცებულსა. ტარიელ დაჰჯდა საჯდომსა, ოქსინო გარდაგებულსა; და მათ უძღვნეს იგი აბჯარი ფრიდონს, ჭაბუკად ქებულსა.

1417. უთხრეს: “ჯერ ჟამად არა გვაქვს სხვა შენთვის არმაღანია, მაგრა ტურფანი მრავალნი ქვე სადმე გვისხენ სხვანია”. მან დასდვა პირი მიწასა, არ დაიყოვნა ხანია: და “ჩემთვის ამისი ბოძება არს თქვენი შესაგვანია”.

1418. გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა,– აბანოს ჰბანა, აავსნა შესამოსლისა ძღვნობითა, დამოსნა ტურფა ტურფითა, ერთმან ერთისა მჯობითა, და თვალ-მარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა.

1419. უთხრა თუ: “ესე სიტყვაა ავისა მასპინძელისა, — ჰგავს, მოსწყენოდეს სტუმრობა თქვენ ბრძნისა, ვითა ხელისა, მაგრა აწ ყოვნა არ ვარგა, წავლა სჯობს გჰზისა გრძელისა, და თუ ქაჯნი მოგვესწრებიან, საეჭვი არს სიძნელისა.

1420. “დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა, კარგნი გვინდა და ცოტანი სამასი კაცი გვეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად დავაგნეთ ჴმალთა კოტანი, და მას ადრე ვპოებთ, ვისიცა მოგვკლავს ალვისა, ამო ტანი.

1421. “ქაჯეთს ერთხელ კვლავც ყოფილვარ, ჰნახავთ, თქვენცა გემაგრების, ყოვლგნით კლდეა, გარეშემო მტერი ვერა მოადგების თუ იდუმალ არ შევუვალთ, ცხადად შებმა არ ეგების, და მით ლაშქარი არად გვინდა, რაზმი მალვით ვერ მოგვყვების”.

1422. იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა. მუნ დააგდეს ქალი ასმათ ფრიდონ მისცემს საჩუქარსა. თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს, გმირთა დარსა და ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა, პირველ შენაზარსა.

1423. ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა ფრიდონ გზა იცის, იარეს, დღისით და ღამით რებულთა. ფრიდონ სთქვა: “ვახლავთ არეთა ჩვენ, ქაჯეთს მიახლებულთა და აქათგან ღამით ვლა გვინდა, მით არას გამჟღავნებულთა”.

1424. ამა ფრიდონის თათბირსა სამნივე ერთგან ჰზმიდიან: რა გაუთენდის, დადგიან და ღამით ფიცხლად ვლიდიან მივიდეს, აჩნდა ქალაქი, მცველთა ვერ დასთვალვიდიან, და გარე კლდე იყო, გუშაგთა ხმა ჯარვით გაადიდიან.

1425. გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია მათ ლომთა ნახეს ქალაქი, მთვარე დგას მუნ ნათელია სთქვეს:”ვითათბიროთ, ვითა ვჰქმნათ, აწ გამორჩევა ძნელია და ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია”.