ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

1484. მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად, კვლა ფრიდონის თავადთასა— ნაომართა მათთა მთხრობლად “მანდა მოვა, მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად, და ჩვენ, დამზრალნი აქანამდის, აწ გავხედით დაუზრობლად”.

1485. იგი მზე შეჰსვეს კუბოსა, იარეს გზა ზღვის პირისა, მიყმაწვილობდეს, უხარის მათ გარდახდომა ჭირისა მივიდეს, სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა, და მოეგებნიან, ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა.

1486. მუნ მიეგებნეს ყოველნი ფრიდონის დიდებულები. ასმათი, სავსე ლხინითა, ვის აღარ აჩნდა წყლულები, ნესტან დარიჯს ზედ მოეჭდო, რომე ვერ გაჰყრის ცულები, და აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები.

1487. ნესტან დარეჯან ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა უბრძანა: “ჩემო, ვაგლახ მე, შენცა აგავსე ჭირითა, აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა, ვცან მისი არ სიძვირით ა და მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი, გარდვიხდი რითა!”

1488. ასმათ ჰკადრა: “მადლი ღმერთსა, ვარდნი ვნახენ არ დაზრულნი, ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი, სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩს, ოდეს გნახენ მხიარულნი, და სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი”.

1489. დიდებულთა თაყვანი-სცეს, მოახსენეს დიდი ქება “რომე ღმერთმან გაგვახარნა, კურთხეულ არს მისი ღმრთება! ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი, აღარა გვწვავს ცეცხლთა დება, და წყლულსა, მისგან დაკოდილსა, მასვე ძალ-უძს განკურნება”.

1490. მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს, აგრე გარდაჰკოცნეს. მეფე ეტყვის:”ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიჴოცნეს, იგი შვებას საუკუნოს ცხადად პოვეს, არ იოცნეს, და ერთსა მიჰხვდეს საზიაროდ, დიდებანი იასოცნეს.

1491. “თუცა მე მათი დაჴოცა მტკივის და სატკივარია, მაგრა მათ მიხვდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქარია”. ესე სთქვა, ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია, და ნარგისთათ იბრძვის ბორიო, ვარდსა ზრავს იანვარია.

1492. მუნ ატირდეს ყველაკანი, რა ტირილად იგი ნახეს, რაცა ვისცა დაჰკლებოდა, მათ ტირილით, სულთქმით ახეს დაჰსდუმდესს და მოახსენეს: “რადგან ბრძენთა მზეებრ გსახეს, და თქვენთა მჭვრეტთა მღერა ჰმართებს, რასათვისმცა ივაგლახეს!

1493. “ვინ ღირსა თქვენსა ეგზომსა ტირილსა, შეჭირვებასა! თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა”. კვლავ ფრიდონ ჰკადრა მეფესა: “ნუ რად იქმ გამწარებასა, და ღმერთიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა!”

1494. ავთანდილცა მიუმტკივნა, იტყვის დიდსა სიმძიმილსა მათ შეასხეს ქება, უთხრეს: “მივსცნეთ თავნი აწ ღიმილსა, რადგან მიხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა, და აღარა ვტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა”.

1495. მივიდეს, სადა ქალაქი, დიდი მულღაზანზარია სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გახდა ზათქი და ზარია, დაბდაბისა და ქოსისა ხმა ტურფად შენათხზარია, და მოატყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია.

1496. შუკათა მოდგნეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია, შორს უარებდეს სარანგნი, ხელთა აქვს მათ აბჯარია. მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯარია, და მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან ნააჯარია.

1497. გადაჰხდეს ფრიდონისასა, სრა ნახეს მოსაწონები. გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები, ფერხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები, და თავსა აყრიდეს ოქროსა, ხვეტს ჯარი მუნ ნარონები.

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან

1498. მათ ქალ-ყმათათვის საჯდომი დაედგა თეთრ-ძოწეული, წითელ-ყვითლითა თვალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული ავთანდილისთვის — ყვითელი და შავი ერთგან რეული და მოვიდეს, დაჰსხდეს,– მჭვრეტელი ვცან მათი სულდალეული.

1499. მგოსნები მოჰსდგეს, ისმოდა ხმა სიმღერისა ტკბილისა ქორწილი ქმნეს და გამრავლდა ძღვნობა ლარისა ლბილისა, ფრიდონის პურად კარგისა, არ მასპინძლისა წბილისა და ნესტან-დარეჯანს უშვენის ღიმილი, ჩენა კბილისა.

1500. მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არალქატისა, ცხრა მარგალიტი, სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა, კვლავ ერთი თვალი სამსგავსო მზისა შუქ-მონამატისა, და მას წინა ღამით ძალ-ედვას მხატვარსა ხატვა ხატისა.

1501. კვლავ უძღვნა თვითო ფარღული,გარდასაყრელი ყელისა, მრგვლად დათლილისა თვალისა, იაგუნდისა მრთელისა კვლავ მოაქვს ერთი ტაბაკი, მძლედ საჭირავი ხელისა, და ავთანდილისთვის ლომისა ძღვენი ფრიდონის ქველისა.

1502. იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხვილითა. ავთანდილს უძღვნა ყველაი არა სიტყვითა წბილითა: აივსო სახლი სტვირითა და ოქსინოთა ლბილითა, და ტარიელ მადლი უბრძანა, ლაღმან სიტყვითა ტკბილითა.