ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

1553. გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა, ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ თავითა მეტად კარგითა, კაცი ორმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა, მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა.

1554. სამთავე ვლეს, ღმერთმან მათებრ სხვა ნურა ნუ დაჰბადოსა! – მოეგებნიან, მტერობა ვერავინ დაიქადოსა, მინდორსა შინა სადილად გარდაჰხდეს უდილადოსა, ვითა ჰმართებდა, ჰპურობდეს, ღვინოსა ჰსმიდეს, არ დოსა.

1555. ტარიელს და ცოლსა მისსა მიჰხვდა მათი საწადელი , შვიდი ტახტი სახელმწიფო საშვებელი, გაუცდელი, მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი, – ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი, ჭირთა გარდუხდელი.

1556. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდენ; ბუკსა ჰკრეს და მეფედ დაჰსვეს, ქოსნი ხმასა დაატკბობდეს, მისცეს კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს; “ესეაო მეფე ჩვენი! იზახდეს და ამას ჰხმობდეს.

1557. ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს, ზედა დასხდეს ხელმწიფურად, დიდებანი უდიადნეს, ღმერთმან სხვანი ხორციელნი მათებრნი-ღა რა დაჰბადნეს, ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს.

1558. სმა, პურობა, გახარება ჰქმნეს, ჯალაბი გაადიდეს, ვითარიცა ქორწინება ჰხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს, მათ ოთხთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს, გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს.

1559. სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ჰხადოდიან, “თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი,“ მართ ამას მოიტყოდიან, ვითა პატრონთა სჭვრეტდიან, რაც სწადდით, მას იქმოდიან, სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.

1560. ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკდომილსა: “რაცა შენ ჰქმენ, არ უქმნია არ გამზრდელსა, არცა ზდილსა, “აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა ერთსა წილსა “ზედან დაგსვამ, შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.

1561. “ვინცა გწადდეს, ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე:“ “მუნიდაღმა გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე;” ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: “შენგანაო ჩემი ღონე, “მონობისა უკეთესი რამც ვიშოვნე, რამც ვიქონე!”

1562. ერთგან სამთავე ძმობილთა დაჰყვნეს ცოტანი დღენია, თამაშობდიან, უსახო მოუდიოდეს ძღვენია, რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია! მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია.

1563. ტარიელ სცნა ამა ყმისა, ცოლისათვის მოესურვა, უბრძანებდა: “გული შენი განაღამცა მომემდურვა, “აწ ვაგლახ მე ჭირნი შენნი გონებამან შვიდი თუ რვა, “მოგშორდები, ლხინი ჩემი საწუთრომან დამიშურვა!

1564. კვლავ ფრიდონცა დაეთხოვა, “წავიდეო სახლსა ჩემსა, “ზედა-ზედა დავსტკებნიდე დარბაზსა და ამა თემსა, “სამსახურსა მიბრძანებდი, უხუცესი ვითა მრწემსა, “თქვენთვის ასრე მომსურდების; წყაროსათვის ვით ირემსა”.

1565. როსტევნისთვის წაატანა, ძღვნად ტურფები ჯუბაჩები, – კვლავ ჭურჭელი თვალთა თლითა, არ კოვზები, არ ჩამჩები, – “ჩემმაგიერ მიუტანე, წაო, ნურას მეურჩები;” ავთანდილ სთქვა: “ არა ვიცი მე უშენოდ ვით დავრჩები!

1566. ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე, რომე ჩაცმა-დაბურვასა ვინ ღირს-იყო მათგან კიდე! ერთი თვალი, წამღებელმან ვერა სთქვას თუ: “ცუდად ვზიდე,” ღამე მზეებრ განანათლის, ჩნდის, სადაცა შეჰხედვიდე,

1567. ავთანდილ შესჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა, იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეხლისა ალამა, სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა; ავთანდილ იტყვის: “მომკლაო სოფლისა მე სამსალამა!”

1568. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი, გზამან გაჰყარნა, წავიდეს თავის თავ ანატირენი; კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი; ავთანდილ მიჰხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი.

1569. გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან, ნახა მზე მისი, მიჰრიდა მისთა სურვილთა წყენამან, მისთანა ტახტზედ დავესჯდა, ალხინა მჭვრეტთა ლხენამან, განახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან.

1570. მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს, ერთმანერთსა ნახვიდიან, საწადელი გაუსრულდეს, ბრძანებისა შემცილენი მათდა ხმალთად დავეწყლულდეს, მოიმატნეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს.

1571. ყოვლთა სწორად წყალობასა, ვითა თოვლსა, მოათოვდეს, ობოლ ქვრივნი დაამდიდრეს და გლახაკნი არ ითხოვდეს. ავის მქმნელნი დააშინეს, კრავნი ცხვართა ვერა სწოვდეს, შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.

1572. გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა, გარდაჰხდეს, გავლეს სოფელი, – ჰნახეთ სიმუხთლე ჟამისა! – ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა, ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთავისა დაბისა.