... (Q-296), XVIII ს.

1483. იგი მზე უჯდა კუბოსა და აგრე არონინებდეს მინადირობდეს ნადირსა მუნ სისხლსა დაადინებდეს სიდაცა დახვდის ქვეყანა მჭვრეტელთა მოალხინებდეს მოეგებნიან სძღვნობდიან აქებდეს არ აგინებდეს

1484. მას გვანდეს თუცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა ბრძნად მოუბარეთა შიგან მათ დიდთა მინდორთა ყოვლგნით კაც მიუმხვდარეთა სად ყოფილიყო ტარიელ მიხვდეს მის კლდისა არეთა

1485. ტარიელ ბრძანა მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა მუნ მივალ სადა ყოფილ ვარ მჭირდა სადამდის ხელობა მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან მას უც ჴორცისა ჴმელობა მე რომე გიძღვნი ტურფათა აქოთ ლარისა ჭრელობა

1486. მივიდეს შიგან გარდახდეს ქუაბსა მას დიდსა კლდეთასა ასმათს უც ჴორცი ირმისა იქს მასპინძლობა კვეთასა ამხანაგობდეს ლაღობდეს წასლვასა მათ საქმეთასა ღმერთსა მადლობდეს შეცვლასა ლხინად ჭირისა დღეთასა

1487. მოიარეს ქვაბოვანი თამაშობდეს მხიარულნი პოვნეს იგი საჭურჭლენი ტარიასგან დაბეჭდულნი ვერცა ვისგან დანათვალნი ვერცა ვისგან შეგებულნი არ იტყვიან არა გვაქვსო იგ ამისთვის გულნაკლულნი

1488. უბოძა ტურფა მრავალი მათ მათი შესადარები კვლავ ფრიდონისნი აავსნა სპა ჰყვა თუ სპასალარები აივსო კაცი ყველაი მაშინ მათთანა ნარები მაგრა ძეს რომე საჭურჭლე გვანდა კაც დაუკარები

1489. ფრიდონს უთხრა ვალი შენი ჩემგან ძნელად გარდიხდების მაგრა თქმულა «კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წაჴდების» აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების შენი იყოს ყველაკაი შენ წაიღე ვითა გხვდების

1490. ფრიდონ მდაბლად თაყვანისცა ჰკადრა მადლი მეტის მეტი მე მეფეო რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს ვინმცა იყო ვითა კეტი ჩემი ლხინი მუნამდისცა ვირე ვიყო შენი მჭვრეტი

1491. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად სახლსა მისსა მისაღებლად მის ყუელასა საჭურჭლისად აწ მუნითგან გაემართნეს არაბეთით მივლად გზისად ავთანდილა გალეული შესაყრელად მთვარე მზისად

1492. მიხვდეს არაბთა საზღვარსა რა ვლეს მრავალნი ხანები დახვდა სოფლები ციხები ხშირ ხშირად თანის თანები მუნ შიგან მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები ავთანდილისთვის ყუელაი ცრემლითა არს ნაბანები

1493. ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა შესთვალა გკადრებ მეფეო სურვილით სიიეფესა მე მოვალ მეფე ინდოთა დარბაზსა თქვენსა სეფესა გიჩვენებ ვარდსა კოკობსა უფრჭვნელსა მოუკრეფესა

1494. მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა ცდა შეპყრობისა ავი ჰქენ შემოტევება ცხენისა მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა დავზოცე მონა მრავალი მსახური სრისა თქვენისა

1495. აწ ამად მოვალ წინაშე დავყარენ ჩემნი გზანია შემინდოთ რაცა შეგცოდე ჰქენთ გაწყრომისა კმანია ძღვენი არა მაქვს გვოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენ მამიტანია

1496. რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა ვით გაეხარნეს ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ წამწამისა

1497. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა სიცილი თქართქარებისა ლაშქარნი რბოდეს მიდამო ქნა სწადდა მათკე რებისა დაიწყეს მოსხმა ცხენისა მოღება უნაგრებისა შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავ ფიცხელ გულ მაგრებისა

1498. მეფე შეჯდა გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი ვისცა ესმის მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი ყველაკაი ღმერთსა მადლობს გაამაღლნეს მათნი ხმანი თქვეს ბოროტსა უმყოფოა კეთილნია შენთვის მზანი

1499. რა ერთმანერთი აუჩნდა მიგებულ მოსაგებავთა ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა აგერა ხედავ მინდორთა მტვერითა შენაღებავთა ამად მედების სახმილი გულსა ეცხება ებავთა

1500. ისია ჩემი გამზრდელი და ჩემი მოგებებულა იქი ვერ მივალ მრცხვენიან გულსა სახმილი დებულა ჩემად არაკად სულდგმული კაცი არ გაწბილებულა რასაცა მიზამთ თქვენ იცით ფრიდონ თქვენდავე ხლებულა

1501. ტარიელ უთხრა კარგსა იქ შენ პატრონისა კრძალვასა აწ იქი ნუ მოხვალ იქმცა უჩემოდ ხალვასა მე მივალ უთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა ვეჭვ ღმრთითა ადრე შეგყარო მზესა მას ტანად ალვასა

1502. მუნ დადგა ლომი ავთანდილ დაიდგა მცირე კარავი ნესტან დარეჯან მუნვე დგას იგია მჭვრეტთა მზარავი მისთა წამწამთა ნიავი ქრის ვითა ქარი არავი წავიდა მეფე ინდოთა მისრული მიუპარავი