ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

59. თავსა ზის პირმზე ავთანდილ, მჭურეტთათვის მოსანდომია სპათა სპასპეტი ჩაუქი, ვითა ვეფჴი და ლომია ვეზირი ბერი სოგრატი, თვით მასთანავე მჯდომია თქუეს თუ რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია

60. თქუეს თუ მეფე ცუდსა, რასმე გონებასა ჩავარდნილა თვარა აქა სამძიმარი, მათი ყოლა არა ქმნილა ავთანდილ თქვა სოგრატ ვკითხოთ, გვითხრას რამცა შეგვეცილა ვკადროთ რამე სალაღობო, რასათვისმცა გაგვაწბილა

61. ადგეს სოგრატ და ავთანდილ, ტანითა მით ხენარითა თვითო აიღეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა წინა მიუსხდეს მუჴლ მოყრით, პირითა მოცინარითა ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბარითა

62. დაგიღრეჯია მეფეო, აღარ გიცინის პირიო მართალ ხარ წახდა საჭურჭლე, თქუენი მძიმე და ძვირიო ყველასა გასცემს ასული, თქვენი საბოძვარ ხშირიო ყოლემცა მეფედ ნუ დასვი, თავსა რად უგდე ჭირიო

63. რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოხედნა გაუკვირდა ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა კარგა ჰქენო დაუმადლა, ბრძანებანი უიმედნა ჩემი ძრახვა სიძუნწისა, ტყუვის ვინცა დაიყბედნა

64. ეგე არ მიმძიმს ვაზირო, ესეა რომე მწყენია სიბერე მახლავს დავლივენ, სიყმაწვილისა დღენია კაცი არ არის სითგანცა, საბრძენებელი ჩვენია რომე მას ჩემგნით ესწავლნეს, სამამაცონი ზნენია

65. ერთაი მიზის ასული, ნაზარდი სათუთობითა ღ~თმან არ მომცა ყმაშვილი ვარ, საწუთროსა თმობითა ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კულავ ბურთაობითა ცოტასა შემწევს ავთანდილ, ჩემგანვე ნაზარდობითა

66. ყმა მეფისა ბრძანებასა, ლაღი წყნარად მოისმენდა თავმოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა თეთრთა კბილთათ გამამაკრთალსა, შუქსა ველთა მოაფენდა მეფე ჰკითხავს რას იცინი, ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა

67. კულავ უბრძანა თავსა ჩემსა, რას იცინი რა დამგმეო ყმამან ჰკადრა მოგახსენებ, და ფარმანი მიბოძეო რაცა კადრო არ გეწყინოს, არ გარისხდე არ გასწყრეო არ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამადზეო

68. უბრძანა რამცა ვიწყინე, თქუმა შენგან საწყინარისა ვფიცამ მზე თინათინისა, მის მზისა მოწუნარისა ავთანდილ იტყვის დავიწყო, კადრება საუბნარისა ნუ მოკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა

69. მიწაცა თქვენი ავთანდილ, თქვენს წინა მშვილდოსანია ნაძლევი დავდვათ მოვასხნეთ, მოწმად თქვენივე ყმანია მოასპარეზედ ვინ მგავსო, ცუდნიღა უკუთქმანია გარდამწყვედელი მისიცა, ბურთი და მაედანია

70. მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა, მაგისა დაცილებასა ბრძანე ვისროლოთ ნუ ვიქთო, შედრეკილობაკლებასა კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ, მოწმად ჩვენთანა ხლებასა მერმე გამოჩნდეს მაედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა

71. ავთანდილცა დამორჩილდა, საუბარი გარდაწყვიდეს იცინობდეს ყმაწვილობდეს, საყუარლად და კარგად ზმიდეს ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს ვინცა იყოს უარესი, თავშიშველი სამ დღე ვლიდეს

72. კულავ ბრძანეს მონა თორმეტი, შევსხათ ჩვენთანა მარებლად თორმეტი ჩემად ისრისა, მამრთმევლად მოსახმარებლად ერთაი შენი შერმადინ, არს მათად დასადარებლად ნასროლ ნაკრავსა დასთვლიდენ, უტყუვრად მიუმცდარებლად

73. მონადირეთა უბრძანა, მინდორნი მოიარენით დასცევით ჯოგი მრავალთა, თავნი ამისთვის არენით ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს, მოდით და მოიჯარენით გაყარეს სმა და ნადიმი, მუნ ამაოდ გავიხარენით

74. დილასა ადრე მოვიდა, იგი ნაზარდი სოსანი ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ ბალახშოსანი პირ ოქრო რიდე ეხვია, შვენოდა ქარქაშოსანი მეფესა გასვლად აწვევდა, მოდგა თეთრტაიჭოსანი

75. შეეკაზმა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს მრგულივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყას გარე შემოჰკრვიდეს ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს ნაძლევისა მათისათვის, ისროდეს და ერთგან სრვიდეს

76. უბრძანა მონა თორმეტი, მოდით ჩვენთანა ვლიდითა შვილდსა ფიცხელსა მოგუცემდით, ისარსა მოგვართმიდითა ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა დაიწყო მოსლვა ნადირმან, ყოვლთა მინდორთა კიდითა

77. მოვიდა ჯოგი ნადირთა, ანგარიშ მიუწდომელი ირემი თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლა მხლდომელი მას პატრონ ყმანი გაუხდნენ, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი აჰა მშვილდი და ისარი, და მკლავი დაუშრომელი

78. ცხენთა მათთა ნატერფალნი, მზესა შუქთა წაუხმიდეს მიხოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს რა ისარი დაელივის, მონანიყე მოართმიდეს მჴეცნი მათგან დაკოდილნი, ბიჯსა წაღმა ვერ წასდგმიდეს