ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

20. შაირობა პირველადვე, სიბრძნისაა ერთი დარგი საღმთო საღთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი კულა აქაცა იამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი

21. ვინცა ცხენსა შარა გრძელი, და გამოსცდის დიდი რბევა მობურთალსა მოედანი, მართლად ცემა მარჯვედ ქნევა მართ აგრევე მელექსეთა, ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა რა მისჭირდეს საუბარი, და დაუწყოს ლექსმან ლევა

22. მაშინღა ნახეთ მელექსე, და მისი მოშაირობა რა ვეღარ მიხუდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა არ შეამოკლოს ქართული, არა ქნას სიტყვამცირობა ჴელმარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იჴმაროს დიდი გმირობა

23. მოშაირე არა ჰქვიან, თუ ვინმე თქვას ერთი ორი თავი ყოლე ნუ ჰგონია, მელექსეთა კარგთა სწორი განაღა თქვას ერთი ორი, უმსგზავსო და შორიშორი მაგრა იტყუის ჩემი სჯობსო, უცილობლობს ვითა ჯორი

24. მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა არ ძალუც სრულ ქმნა სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა ვამსგზავსე შვილდი ბედითი, ყმაწვილთა მონადირეთა დიდსა ვერ ჰკვლენ ხელად აქვს, ჴოცა ნადირთა მცირეთა

25. მესამე ლექსი კარგია, სანადიმოდ სამღერელად სააშიკოდ სალაღობოდ, ამხანაგთა სათნეველად ჩვენ მათიცა გვიამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყუის ვინცა გრძელად

26. ხამს მელექსე ნაჭირვებსა, მისსა ცუდად არ აბრკმობდეს ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს მას ამკობდეს მისგან კიდე ნურა უნდა, მისთვის ენა მუსიკობდეს

27. ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ ვინცა მიქია ესე მიჩნს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია მისი სახელი შეფარვით, ქვემორე მითქუამს მიქია

28. ვთქუა მიჯნურობა პირველი, და ტომი გვართა ზენათა ძნელად სათქმელი საჭირო, გამოსაგები ენათა იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა ვინცა ეცდების თმობათა, ჰქონდა მრავალთა წყენათა

29. მას ერთსა მიჯნურობასა, ჭკვიანნი ვერ მიხუდებიან ენა დაშვრების მსმენლისა, ყურნიცა დავალდებიან ვთქვნე ჴელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ხვდებიან მართ მასვე ჰბაძვენ თუ ოდენ, არ სიძვენ შორით ბნდებიან

30. მიჯნური შმაგსა გვიქუიან, არაბულითა ენითა მით რომე შმაგობს მისისა, ვერ მიხდომისა წყენითა ზოგთა აქვს სამღთო სიახლე, დაშვრების აღმა ფრენითა კვლავ ზოგთა ქვე უც ბუნება, კეკლუცთა ზედან ფრფენითა

31. მიკვირს კაცი რად იფერებს, საყვარლისა სიყვარულსა ვინცა უყვარს რად აყივნებს, მისთვის მკვდარსა მისთვის წყლულსა თუ არ უყვარს რად არა სძულს, რად აყივნებს რაცა სძულსა ავსა კაცსა ავი სიტყვა, ურჩევნია სულსა გულსა

32. თუ მოყვარე მოყვრისათვის, ტირს ტირილსა ემართლების სიარული მარტოება, შვენის გაჭრად დაეთულების იგონებდეს მისგან კიდე, ნურად ოდეს მოეცლების არ დააჩნდეს მიჯნურობა, ჰსჯობს თუ კაცსა იახლების

ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა

33. იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი მაღალი უხვი მდაბალი, ლაშქარ მრავალი ყმიანი მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული განგებიანი თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი

34. სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული მან მისთა მჭურეტთა წაუღის, გული გონება და სული ბრძენი ხამს მისად მაქებრად, და ენა ბევრად დასული

35. მისი სახელი თინათინ, არს ესე საცოდნარია რა გაიზარდა გაივსო, მზე მისგან საწუნარია მეფემან იხმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია გვერდსა დაისხნა დაუწყო, მათ ამო საუბნარია

36. უბრძანა გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბაროსა რა ვარდმან მისი ყვავილი, გაახმოს დაამჭნაროსა იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა მზე ჩაგვისვენდა ბნელსა ვსჭვრეტთ, ღამესა ჩვენ უმთვაროსა

37. მე გარდასრულვარ სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია დღეს არა ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია ჩემი მზე დავსვათ ჴელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია

38. ვაზირთა ჰკადრეს მეფეო, რად ჰკადრეთ თქვენი ბერობა ვარდი თუ გახმეს ეგრეცა, გვმართებს აზომცა ჯერობა მისივე ჰმეტობს ყოველსა, სული და ტურფა ფერობა მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმა, ვითამცა ჰკადრა მტერობა