... (H-741), XIX ს.

79. ერთმანერთსა თუ მე გჯობო: სიცილით ეუბნებოდეს: ამხანაგობდეს ლაღობდეს: იქით და აქათ დგებოდეს: მერმე მოვიდეს მონანი: რომელნი უკან ჰყვებოდეს: უბრძანეს თქვითო მართალი: ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს:

80. მონათა ჰკადრეს მართალსა: გკადრებთ და ნუ გემცდარებით: მეფეო ყოლა ვერ ვიტყვით: შენსა მაგისა დარებით: აწვე დაგვხოცო ვერა ჰგავ: ვერათ ვერ მოგეჴმარებით: ვისგან ნაკრავნი გვინახავნ: მჴეცნი ვერ წაღმა წარებით:

81. ორთავე ერთგან მოკლული: ყველაი ასჯერ ოცია: მაგრა ავთანდილს ოცითა: უფროსი დაუხოცია: არ დასცდომია ერთიცა: რაც ოდენ შეუტყორცია: თქვენი მრავალი მიწითა: დასვრილი დაგვიჴოცია:

82. მეფესა ესე ანბავი: უჩანს ვითა მღერა ნარდისა: უხარის ეგრე სიკეთე: მისისა განაზარდისა: აქვს მიჯნურობა ამისი: ვითა ბულბულსა ვარდისა: სიცილით ლაღობს მიეცა: გულით ამოსლვა დარდისა:

83. იგი ორნივე საგრილად: გარდახდეს ძირსა ხეთასა: ლაშქართა შექნეს მოდენა: მოდგეს უფროსი ბზეთასა: ახლოს უდგს მონა თორმეტი: უმხნესი სხვათა მხნეთასა: თამაშობდეს და უჭვრეტდეს: წყალსა და პირსა ხეთასა:

ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხის ტყაოსნისა:

84. ნახეს უცხო მოყმე ვინმე: ჯდა მტირალი წყლისა პირსა: შავი ცხენი სადავითა: ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა: ხშირად ესხა მარგალიტი: ლაგამ აბჯარ უნაგირსა: ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა: გულსა მდუღრად ანატირსა:

85. მას ტანსა კაბა ემოსა: გარე თმა ვეფხის ტყავისა: ვეფხის ტყავისა ქუდიცა: იყო სარქმელი თავისა: ხელთა ნაჭედი მათრახი: ჰქონდა უმსხოსი მკლავისა: ნახეს და ნახვა მოუნდა: უცხოსა სანახავისა:

86. მოვიდა მონა საუბრად: მის ყმისა გულ მდუღარისად: თავ ჩამოგდებით მტირლისა: არ ჭვრეტთა მოლიზღარისად: მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა: ჰგია გიშრისა ღარისად: ახლოს მივიდა მოსცალდა: სიტყვის თქმა აღარისად:

87. ვერა ჰკადრა საუბარი: მონა მეტად შეუზარდა: დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით: თუცა გული უმაგარდა: მოახსენა გიბრძანებსო: ახლოს მიდგა დაუწყნარდა: იგი სტირს და არა ესმის: მისგან გაუუმეცარდა:

88. მის მონისა არა ესმა სიტყვა: არცა ნაუბარი: მათ ლაშქართა ზახილისა: იყო ერთობ უგრძნობარი: უცხოდ რადმე ამოსკვნიდა: გული ცეცხლთა ნადებარი: ცრემლსა სისხლი ერეოდა: გასდის ვითა ნაგუბარი:

89. სხვაგან ჰქნის მისი გონება: მისმან თავისა წონამან: ესე მეფისა ბრძანება: ერთხელ კვლავ ჰკადრა მონამან: არცა დააგდო ტირილი: არცა რა გაიგონა მან: გახლიჩა ბაგეთათ არცა: თავი ვარდისა კონამან:

90. რა პასუხი არა გასცა: მონა გარე შემობრუნდა: როსტენს ჰკადრა შემიტყვია: იმას თქვენი არა უნდა: თვალნი მზეებრ გამირეტდეს: გული უფრო შემიწუხდა: ვერ ვასმინე საუბარი: მით დავყოვნე ხანი მუნ და:

91. მეფე გაჰკვირდა გაცაწყრა: გული უცს მისთვის მწყრომარე: გაგზავნა მონა თორმეტი: მისი წინაშე მდგომარე: უბრძანა ხელთა აიღეთ: აბჯარი თქვენ საომარე: მიდით და აქა მამგუარეთ: ვინ არის იქი მჯდომარე:

92. მონანი მიდგეს მივიდეს: გახდა აბჯრისა ჩხარია: მაშინღა შეკრთა იგი ყმა: ტირს მეტად გულ მდუღარია: თვალნი მოარნა ყოველგან: ნახა ლაშქართა ჯარია: ერთხელ ესე თქვა ვამეო: სხვად არას მოუბარია:

93. თვალთა ხელნი უკუივლო: ცრემლნი ცხელნი მოიწურნა: ხრმალ კაპარჭი მოიმაგრა: მკლავნი გაიმამაცურნა: ცხენსა შეჯდა მონათამცა: საუბარნი რად იყურნა: სხვასა მხარსა გაემართა: მათი ჭირნი არა განჰკურნა:

94. მონათა ხელი გამართეს: მის ყმისა შესაპყრობელად: მან გლახ იგინი დაჴადნა: მტერთაცა საწყალობელად: ჰკრა ერთმანერთსა დახოცნა: თავის ჴელ აუპყრობელად: ზოგსა გადაჰკრის მათრახი: მკერდამდის გასაპობელად:

95. მეფე გაწყრა გაგულისდა: მონანიცა შეუზახნა: მან მდევართა მიწევნამდის: არ უჭურიტა არცა ნახნა: რაზომნიცა მიეწივნეს: ყოვლნი მკვდართა დაასახნა: კაცნი კაცსა შემოსტყორცნა: როსტან ამად ივაგლახნა:

96. შესხდეს მეფე და ავთანდილ: მის ყმისა მისაწეველად: იგი ლაღი და უკადრი: მივა ტანისა მრხეველად: ტაიჭი მიუქს მერანსა: მიეფინების მზე ველად: შეიგნა მისვლა მეფისა: მისად უკანა მდეველად:

97. რა ცნა მეფე მოვიდაო: ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა: მასვე წამსა დაიკარგა: არ უნახავს თვალსა ჩვენსა: ჰგვანდა ქვესკნელს ჩანაძრომსა: ანუ ზეცად ანაფრენსა: ეძებდეს და ვერ ჰპოებდეს: კუალსა მისგან წანარბენსა: