... (H-741), XIX ს.

39. თუმცა ქალია ჴელმწიფედ: მართ ღ~თისა დანაბადია: არ გათნევთ იცის მეფობა: უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია: შუქთა მისთაებრ საქმეცა: მის მზეებრ განაცხადია: ლეკვი ლომისა სწორია: ძუ იყოს თუნდა ხვადია:

40. ავთანდილ იყო სპასპეტი: ძე ამისპასალარისა: საროსა მჯობი ნაზარდი: მსგავსი მზისა და მთვარისა: ჯერთ უწვერული სადარო: ბროლ მინა საცნობარისა: მას თინათინის შვენება: ჰკლევდის წამწამთა ჯარისა:

41. გულსა მისსა მიჯნურობა: მისი ჰქონდა დამალულად: რა მოშორდის ვერა მჭვრეტმან: ვარდი შექმნის ფერ ნაკლულად: ნახის ცეცხლი გაუახლდის: წყლული გახდის უფრო წყლულად: საბრალოა სიყვარული: კაცსა შეიქს გულ მოკლულად:

42. რა მეფედ დასმა მეფემან: ბრძანა მისისა ქალისა: ავთანდილს მიხვდა სიამე: ვსება სჭირს მისო ქალისა: თქვა ზედა ზედა მამხუდების: ნახვა მის ბროლ ფიქალისა: ნუთუ ვით ვპოო წამალი: მე ჩემი ფერ გამქრალისა:

43. არაბეთს გასცა ბრძანება: დიდმან არაბთა მფლობელმან: თინათინ ჩემი ხელმწიფედ: დავსვი მე მისმან მშობელმან: მან განანათლნეს ყოველნი: ვით მზემან მანათობელმან: მოდით და ნახეთ ყოველმან: შემსხმელმან შემამკობელმან:

44. მოვიდეს სრულნი არაბნი: ჯარი განმრავლდა ხასისა: ავთანდილ პირ მზე სპასპეტი: ლაშქრისა ბევრ ათასისა: ვეზირი სოგრატ მოახლე: მეფისა დასთა დასისა: მათ რომე დადგეს საჯდომი: თქვეს უთქმელია ფასისა:

45. თინათინ მიჰყავს მამასა: პირითა მით ნათელითა: დასვა და თავსა გვირგვინი: დასდგა თავისა ჴელითა: მისცა სკიპტრა და შემოსა: მეფეთა სამოსელითა: ქალი მზებრ უჭვრეტს ყოველთა: ცნობითა ზე მხედველითა:

46. უკუდგეს და თაყვანი სცეს: მეფემან და მისთა სპათა: დალოცეს და მეფედ დასვეს: ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა: ბუკსა ჰკრეს და წინწილანი: დაატკბობდეს ტკბილთა ხმათა: ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს: ხრის ყორნისა ბოლო ფრთათა:

47. მამისა ტახტსა საჯდომად: თავი არ ეღირსებოდა: ამად ტირს ბაღი ვარდისა: ცრემლითა აივსებოდა: მეფე სწურთის მამა ყოველი: ძისაგან ითავსებოდა: მისა ქნამდისა დამწველი: ცეცხლი არ დამევსებოდა:

48. უბრძანა ნუ სტირ ასულო: ისმინე ჩემი თხრობილი: დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს: ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი: აქათგან ესე სამეფო: მართ შენია მონდობილი: ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა: იყავ წყნარი და ცნობილი:

49. ვარდთა და ნეხვთა ვინათგან: მზე სწორად მოეფინების: დიდთა და წვრილთა წყალობა: შენმცა ნუ მოგეწყინების: უხვი ახსნილსა დააბამს: იგი თვით ების ვინ ების: უხვად გასცემდი ზღვათაცა: შესდის და გაედინების:

50. მეფეთა შიგან სიუხვე: ვით ედემს ალვა რგულია: უხვსა მორჩილობს ყოველი: იგინიც ვინ ორგულია: სმა ჭამა დიდად შესარგი: დება რა სავარგულია: რასაცა გასცემ შენია: რაც არა დაკარგულია:

51. ამა მამისა სწავლასა: ქალი ბრძნად მოისმინებდა: ყურსა უპყრობდა ისმენდა: წვრთასა არ მოიწყინებდა: მეფე სმასა და მღერასა: იქს მეტად მოილხინებდა: თინათინ მზესა სწუნობდა: მაგრა მზე თინათინებდა:

52. მოიხმო მისი გამზრდელი: ერთგული ნაერთგულევი: უბრძანა ჩემი საჭურჭლე: შენგან დანაბეჭდულევი: მომართვით ჩემი ყველაი: ჩემი ნაუფლისწულევი: მოართვეს გასცა უზომო: უანგარიშო ულევი:

53. მას დღე გასცემს ყველაკასა: სივაჟისა მოგებულსა: რომე სრულად ამოაგებს: მცირესა და დიდებულსა: მერმე ბრძანა ვიქ საქმესა: მამისაგან სწავლებულსა: ჩემსა ნუვინ ნუ დამალავს: საჭურჭლესა დადებულსა:

54. უბრძანა წადით გახსენით: რაცა სად საჭურჭლენია: ამილახორო მოასხი: რემა ცხენი და ჯოგნია: მოიღეს გასცა უზომო: სიუხვე არ მოსწყენია: ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი: მართ ვითა მეკობრენია:

55. ალაფობდეს საჭურჭლესა: მისსა ვითა ნათურქალსა: მას ტაიჭსა არაბულსა: ქუე ნაბამსა ნასუქარსა: რომე გვანდა სიუხვითა: ბუქსა ზეცით ნაბუქარსა: არ დაარჩენს ცარიელსა: არ ყმასა და არცა ქალსა:

56. დღე ერთ გარდახდა პურობა: სმა ჭამა იყო ლხილობა: ნადიმად მჯდომთა ლაშქართა: მუნ დიდი შემოყრილობა: მეფემან თავი დაჰკიდა: და ჰქონდა დაღრეჯილობა: ნეტარ რა უმძიმს რა სჭირსო: შექნეს ამისი ცილობა:

57. თავსა ზის პირ მზე ავთანდილ: მჭვრეტთაგან მოსანდომია: სპათა სპასპეტი ჩაუქი: ვითა ვეფხი და ლომია: ვაზირი ბერი სოგრატი: თვით მასთანავე მჯდომია: თქვეს თუ რა უმძიმს მეფესა: ანუ რად ფერი ჰკრთომია:

58. თქვეს თუ მეფე ცუდსა რასმე: გონებასა ჩავარდნილა: თვარა აქა სამძიმარი: მათი ყოლა არა ქნილა: ავთანდილ თქვა სოგრატ ვჰკითხოთ: გვითხრას რაცა შეგვეცილა: ვკადროთ რამე სალაღობო: რასათვისმცა გაგვაწბილა: