... (H-1090), XIX ს.

1002. ყმა ფრიდონს ეტყჳს გესმოდეს, ჩემი აწ მონახსენები჻ მე თქვენი გაყრა სიკუდილად, მიჩნს და მით თავსა ვევნები჻ მაგრა არა მცალს დღე კრულსა, ცეცხლი მე სხვაცა მედების჻ გზა გრძელი საქმე სასწრაფო, მიძს დია დამეყოვნები჻

1003. მართალ არს შენი გამყრელი, თვალი თუ ცრემლსა ღვრიდესა჻ დღეს წამავალი ვერა ვარ, მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა჻ დგომა მგზავრისა ცთომაა, კარგსა იქმს თავსა ჰსწურთიდესა჻ სადა გინახავს იგი მზე, წამომყევ ზღვისა კიდესა჻

1004. ფრიდონ უთხრა დასაშლელი, ჩემგან არა არ გეთხრობის჻ ვიცი რომე აღარა გცალს, შენ ლახვარი სხვა გესობის჻ წადი ღ~თი გიწინამძღვრებს, შენი მტერი დაემჴობის჻ მაგრა თქვი თუ უშენობა, ჩემგან ვითა დაითმობის჻

1005. ამას გკადრებ არ ეგების, მარტოსაგან წასლვა შენი჻ თანა ყმათა ჩამოგატან, იმსახურენ იახლენი჻ აბჯარი და საქონელი, ერთი ჯორი ერთი ცხენი჻ არ წაიტან გაირჯები, ღაწვი ვარდი ცრემლთა მდენი჻

1006. მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელნი გულითა჻ სრული აბჯარი საკაცო, ქაფითა საბარკულითა჻ სამოცი ლიტრი წითელი, აწონით არ ნაკლულითა჻ ერთი ტაიჭი უებრო, მით უნაგრითა სრულითა჻

1007. ერთსა ჯორსა წჳვ მაგარსა, საგებელი აუკიდა჻ წავიდა და ფრიდონ შეჯდა, მასთანავე წამოვიდა჻ აწ გაყრისა მომლოდნესა, ედებოდა ცეცხლი ჰსწვიდა჻ მოჰსთქვამს თუმცა მზე გვეახლა, ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზვრიდა჻

1008. ზარი მის ყმისა გაყრისა, გახდა მიეცნა წუხილსა჻ მოატყდეს მოქალაქენი, ლარსა ვინ ჰყიდდა თუ ხილსა჻ ჴმა ზახილისა მათისა, გვანდა აერთა ქუხილსა჻ იტყოდეს მზესა მოვშორდით, მო თვალნი მივსცეთ წუხილსა჻

1009. ქალაქი გავლეს მივიდეს, პირსა დიდისა ზღჳსასა჻ მაშინ ფრიდონის ნახულსა, ნასაჯდომევსა მზისასა჻ მუნ დაადენდეს ნაკადსა, სისხლისა ცრემლთა ტბისასა჻ ფრიდონ უამბობს ამბავსა, მის მნათობისა ტყვისასა჻

1010. აქა მათ ორთა მონათა, მზე მოიყუანეს ნავითა჻ კბილ თეთრი ბაგე ბალახში, სახედავითა შავითა჻ ცხენი გავქუსლე გავაგე, წაგვრა ჴმლითა და მკლავითა჻ შორს მნახეს ადრე გამექცეს, ნავი მფრინველე ჰსჩნდა ვითა჻

1011. მოეხჳვნეს ერთმანერთსა, გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი჻ აკოცეს და გაუახლდეს, მათ ორთავე მათნი წვანი჻ გაიყარნეს გაუყრელნი, ძმად ფიცნი და ვითა ძმანი჻ ფრიდონ დადგა ყმა წავიდა, შემხედველთა მკვლელი ტანი჻

აქა წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონიდამ ნესტან დარეჯანის საძებრად:

1012. ყმა მიმავალი მიუბნობს, მსგავსი მთვარისა სრულისა჻ არს თინათინის გონება, მისად სალხენად გულისა჻ იტყჳს მოგშორდი სიცრუვე, ვაი საწუთროსა კრულისა჻ შენ გაქვს წამალი ჩემისა, მამრთელებელი წყლულისა჻

1013. რად სიცხე გულსა ნიადაგ, მწვავს გმირსა სამსალებისა჻ რად გული კლდისა ტინისა, შემქნია სამ სალებისა჻ რა შეუძლია ლახვარსა, დაჩენა სამსა ლებისა჻ შენ ხარ მიზეზი სოფლისა, ასრე გასამსალებისა჻

1014. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა, მივა ოთხითა მონითა჻ წამალსა ტარიელისსა, ეძებს ყოვლითა ღონითა჻ დღისით და ღამით მტირალი, იღვრების ცრემლთა ფონითა჻ ჩალად უჩს ყოვლი ქვეყანა, მისვე ჩალისა წონითა჻

1015. სადაცა ნახნის ეუბნის, მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი჻ ჰკითხის მის მზისა ამბავი, დღენი ვლნა გაასებულნი჻ ქედსა გარდადგა აქლემნი, აუჩნდა ლარ კიდებულნი჻ მოქარავნენი ზღვის პირსა, დაყრით დგეს შეჭირვებულნი჻

1016. მუნ ქარავანი ურიცხჳ, მოსდგმოდა ზღვისა კიდესა჻ შეიჭირვებდეს ჭმუნვიდეს, ვერცა დგეს ვერცა ვლიდესა჻ ყმამან სალამი უბრძანა, ქებასა შეასხმიდესა჻ ჰკითხეს ვაჭარნო თუ ვინ ხართ, მათ საუბარი ჰკიდესა჻

1017. უსამ იყო ქარავნისა, უხუცესი კაცი ბრძენი჻ მოახსენა ხოტბა სრული, დაჰლოცა და უქნა ზნენი჻ ჰკადრეს მზეო სიცოცხლე, და შენ ამოჰჴე ჩვენი მლხენი჻ ჩამოხე და მოგახსენოთ, ამბავი და საქმე ჩვენი჻

1018. გარდახდა ჰკადრეს ჩვენ ვართო, მობაღდადენი ვაჭარნი჻ მაჰმადის სჯულის მჭირავნი, აროდეს გვისვამნ მაჭარნი჻ ზღვათა მეფისა ქალაქსა, სავაჭროდ გარდმონაჭარნი჻ საქონელ სრულნი მდიდარნი, არ ლარნი გვჰაქვან ნაჭარნი჻

1019. ჩვენ აქა ვჰპოვეთ ზღვის პირსა, კაცი უსულოდ მდებარე჻ უშველეთ ენა მოეცა, სიტყჳსა გამომგებარე჻ ვჰკითხეთ თუ ვინ ხარ ღარიბო, რასა საქმისა მძებარე჻ გვითხრა თუ შეხვალთ დაგხოცენ, კიდე ცოცხალვარ მე ბარე჻

1020. თქვა ქარავანი ეგჳპტით, გამოვემართეთ ერითა჻ ზღვასა შევედით ტჳრთულნი, ლარითა მრავალ ფერითა჻ მუნ მეკობრეთა დაგვჰჴოცეს, ძელის სახნისის წვერითა჻ ყუელაი წახდა არ ვიცი, აქა მოსრულვარ მე რითა჻