... (H-1090), XIX ს.

946. ჱე მუშთარო გიაჯები, შენ მართალსა ბრჭესა სრულსა჻ მო და უყავ სამართალი, გაებჭობის გული გულსა჻ ნუ ამრუდებ უმართლესა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა჻ მართალი ვარ გამიკითხე, რად მაწყლულებ მისთჳს წყლულსა჻ ამას მესისხლეთა ეტლად იტყვიან:

947. მოდი მარიხო უწყალოდ, დამჭარ ლახვრითა შენითა჻ შეცამღებე და შემსვარე, წითლად სისხლისა დენითა჻ მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა჻ როგორ გასრულვარ შენ იცი, გულია აღარს ლხენითა჻

ამას მკურნალთა ეტლად იტყვიან ჻

948. მოდი ეასპიროზ მაგრე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა჻ ვინ მარგალიტსა გარეშე, მოჰსცავს ძოწისა ბაგითა჻ შენ დააშვენებ კეკლუცთა, დაშვენებითა მაგითა჻ ვის ჩემებრსა დააგდებს, გახდი ცნობითა შმაგითა჻

ამას მწიგნობართა ეტლად იტყვიან჻

949. ოტარიდო შენგან კიდე, არვის მიგავს საქმე სხვასა჻ მზე მაბრუნვებს არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა჻ დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა჻ კალმად გიკვეთ გაწლობილსა, ტანსა წვრილსა ვითა ლერწამსა჻

ამას მოწყალეთა და სნეულთა ეტლად იტყვიან:

950. მო მთვარეო შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები჻ მზე გამავსებს მზევე გამლევს, ზოგჯერ ვჭლდები ზოგჯერ ვმჭლდები჻ მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს ანუ როგორ ვბნდები჻ მიდი უთხარ ნუ გამწირავ, მისი ვარ და მისთვის ვჰკუდები჻

951. აჰა მმოწმობენ ვარსკულავნი, შვიდნივე მემოწმებიან჻ მზე ოტარიდი მუშთარი, და ზოალ ჩემთჳს ბნდებიან჻ მთვარე ასპიროზ მარიხი, მოვლენ და მოწმად მყვებიან჻ მას გააგონენ რანიცა, ცეცხლი უშენოდ მდებიან჻

952. აწ გულსა ეტყჳს ვითამცა, გდის ცრემლი არ გაგხმობია჻ რას გარგებს მოკულა თავისა, ეშმა ძმად თურე გძმობია჻ მეც ვიცი ჩემსა ჴელმქმნელსა, თმად ყორნის ბოლო სთმობია჻ მაგრა თუ ჭირსა არ დაჰსთმობ, ლხინი რა დასათმობია჻

953. თუ დავრჩეო ესე მიჯობს, სიცოცხლისა იტყჳს თუსა჻ ნუთუ მამხვდეს ნახვა მზისა, ნუ ვიძახი მიწყივ უსა჻ მიიმღერის ჴმასა ტკბილსა, არ გასწყუეტდის ცრემლთა რუსა჻ მისსა ხმისა თანა ჴმაცა, ბულბულისა გვანდის ბუსა჻

954. რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მჴეცნი მოვიდიან჻ მისვე ჴმისა სიტკბოსაგან, წყლით ქვანიცა გამოსხდიან჻ ისმენდიან გაჰკჳრდიან, რა ატირდის ატირდიან჻ იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან჻

955. მოვიდიან შესამკობლად, ქვეყნით ყოვლნი სულიერნი჻ ტყით ნადირნი წყალში თევზნი, ზღჳთ ნიანგნი ცით მფრინველნი჻ ჰინდო არაბ საბერძნეთით, მაშრიყით და მაღრიბელნი჻ რუსნი სპარსნი მოფრანგენი, და მისრეთით მეგვიპტელნი჻

აქა ავთანდილისაგან ფრიდონისას მისვლა ტარიელს რომ გაეყარა:

956. ყმა მტირალი სამოცდათ დღე, ზღჳსა პირსა მივა გზასა჻ შორით ჰნახა მენავენი, მოდიოდეს შიგან ზღვასა჻ მოიცადა ჰკითხა ვინ ხართ, თქვენ ამისსა გნუკავ თქმასა჻ ეს სამეფო ვისი არის, ან მორჩილობს ვისსა ჴმასა჻

957. მათ მოახსენეს ტურფაო, სახით და ანაგებითა჻ გვეუცხოვე და გვეკეთე, მით გეუბნებით ქებითა჻ აქამდის მზღვარი თურქთაა, მომზღვრე ფრიდონის მზღვრებითა჻ ჩვენცა ვისნი ვართ გიამბობთ, თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა჻

958. ნურადინ ფრიდონ მეფეა, ამა ქვეყნისა ჩვენისა჻ მოყმე მძლე უხვი ძლიერი, ფიცხლად მამხტომი ცხენისა჻ ვნება არავის არ ძალ უძს, მის მზისა ოდნად მშვენისა჻ იგია ჩვენი პატრონი, მსგავსი ცით შუქთა ფენისა჻

959. ყმამან უთხრა ძმანო ჩემნო, კარგთა კაცთა გარდგეკიდე჻ მე მეფესა თქვენსა ვეძებ, მასწავლეთ თუ სით წავიდე჻ რა ვიარო ოდეს მივალ, ან გზასა აქვს რა სიდიდე჻ მენავეთა უწინამძღურეს, არ დააგდეს ზღვისა კიდე჻

960. მოახსენეს ესე გზაა, მულღაზანზარს მიმავალი჻ მუნ დაგვხვდების მეფე ჩვენი, მშჳლდ ფიცხელი მახვილ ხმალი჻ აქადაღმე ათ დღე მიხვალ, ნაკვთად სარო ფერად ლალი჻ ვაჲ რად დაგვწვენ უცხოდ უცხომ, რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი჻

961. ყმამან უთხრა მიკჳრს ძმანო, რად ხართ ჩემთვის გულ მოკლულნი჻ ანუ ეგრე ვით გეკეთნეს, ზამთრის ვარდნი ფერ ნაკლულნი჻ თქვენმცა მაშინ გენახენით, ლაღნი ვდეგით არ საპყრულნი჻ ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენით, ჩვენგან სხდიან მხიარულნი჻