... (H-1090), XIX ს.

910. მწვადი შეწვეს შეიქმნა, პურობა მსგავსი ჟამისა჻ მუნ უპურობა პურობა, არს სიდიადე ჯამისა჻ მას შეეხვეწნეს ჰსჭამეო, ძალი არ ქონდა ჭამისა჻ დაჰსცოხნის ლუკმა გასტყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა჻

911. ამოა რომე კაცი კაცს, ამოსა ეუბნებოდეს჻ მან გაუგონოს რაცა თქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს჻ ცოტად ეგრეცა დაგვავსებს, ცეცხლი რაზომცა ჰსდებოდეს჻ დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს჻

912. მას ღამესა ერთგან იყუნეს, იგი ლომნი იგი გმირნი჻ იუბნეს და გააცხადეს, თავისთავის მათნი ჭირნი჻ რა გათენდა კულა დაიწყეს, საუბარნი სიტყუა ჴშირნი჻ ერთმანეთსა გაუგონეს, ფიცი პირველ დანაპირნი჻

913. ტარიელ ეტყჳს რად უნდა, სიტყვისა თქმა მრავალისა჻ რაცა შენ ჩემთჳს გიქნია, ღ~თია მზღველი ვალისა჻ კმარა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთვრალისა჻ არ დავიწყება მოყვრობა, მოყურისა წამავალისა჻

914. აწ შემიწყალე ნუ დამწვავ, კულავ წვითა უცხელესითა჻ მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა჻ ვერ დამშრეტ შენცა დაიწვი, სოფლისა ქნისა წესითა჻ წადი დაბრუნდი შეიქეც, მუნითვე შენი მზე სითა჻

915. ვინ დამბადა განკურნება, ჩემი უჩანს მასცა ძნელად჻ ვისცა გესმის გაიგონეთ, მით გაჭრილვარ ჴელი ველად჻ რაცა მართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქნელად჻ აწ ნობათი ჴელობისა,მამხვდომია მით ვარ ჴელად჻

916. ავთანდილ ეტყჳს რა გითხრა, პასუხი მაგა თქმულისა჻ შენვე ჰსთქვი ეგე სიტყვავო, კაცისა ბრძნად სწავლულისა჻ ღ~თსამცა ვით არ შეეძლო, კულა განკურნება წყლულისა჻ იგია მზრდელი ყოვლისა, დანერგულ დათესულისა჻

917. ღ~თსამცა ესე რად ექმნა, ეგეთნი დაებადენით჻ აღარ შეგყარნა გაგყარნა, ჴელი გქმნა ცრემლთა დადენით჻ ჰსდეუს ფათერაკი მიჯნურსა, გასჭვრიტეთ გაიცადენით჻ თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეს, მე სულნი ამომხადენით჻

918. ნეტარ მამაცი სხვა რაა, არ გაჰსძლოს რაცა ჭირია჻ ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია჻ ნუ გეშის ღ~თი უხვია, თუცა სოფელი ძვირია჻ რაცა მიწვრთიხარ იწვართე, გკადრო უწვრთელი ვირია჻

919. თუ რა გესმის გაიგონე, ესე კმაა სწავლა სწავლად჻ ჩემსა მზესა დავეთხოვე, თქვენს წინაშე წამოსავლად჻ მოვახსენე რადგან ჩემი, შეუქმნია გული ავლად჻ არას ვარგებ არ დავდგები, სხუა ვიუბნა რაღა მრავლად჻

920. მან მიბრძანა მადლიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად჻ შენგან მისსა გავლენასა, მე დავიჩენ სამსახურად჻ მისის კითხვით წამოსრულვარ, არ მთვრალ ვარ და არ მახმურად჻ აწ შევიქცე რა უამბო, რად მოხველო ჯაბან ჴდლურად჻

921. მაგ საუბარსა ესე ჰსჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი჻ ვერას ვერ შეიქს ნაყოფსა, ვარდი უმზეოდ ჭკნობილი჻ შენ ვერას ირგებ მე მარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი჻ მქნელი საქმისა ძნელისა, კაციმცა იყოს ცნობილი჻

922. სადაცა გწადდეს მუნ იყავ, მითვე წესითა მაგითა჻ გწადდეს გულითა ბრძენითა, გწადდეს ცნობითა შმაგითა჻ მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა჻ ოდენ გამაგრდი არ მოკუდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა჻

923. ამის მეტსა არას გნუკევ, წელიწადსა ერთსა მსგეფსა჻ აქავ ქვაბსა მამნახვიდი, მე ამბავსაა ყოვლგნით მკრეფსა჻ ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ იეფსა჻ ვარდთა [ნახვა] გაგაკრთობდეს, მართ ვითამცა ძაღლი ჰეფსა჻

924. ამა დროსა გარდავსცილდე, აქა ქვაბსა არ მოვიდე჻ ჰსცან ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვჰკუდე კიდე჻ ესე მისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთჳს ცრემლსა ღვრიდე჻ მაშინ გწადდეს იხარებდი, გწადდეს ჭმუნვა გაადიდე჻

925. აწ რაცა გკადრე ამისთვის, ნუთუ შენ იყო მჭმუნავი჻ მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს თუ ნავი჻ არ უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყჳ ვარ მჩმუნავი჻ არ ვიცი ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბუნავი჻

926. მან უბრძანა აღარ გაწყენ, არცა სიტყუა გამიმეტდეს჻ არ მამისმენ რაზომიცა, საუბარი მიდიადდეს჻ თუ არ მოგყვეს საყუარელი, შენ მას მიყევ რაცა სწადდეს჻ ბოლოდ ყოვლი დამალული, საქმე ცხადად გამოცხადდეს჻

927. არ დაიჯერო მაშინ ჰსცნა, ჩემთა საქმეთა ძნელობა჻ ჩემთჳს ყველაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა჻ შენ რაცა გითქვამს მაგას ვიქ, მრჯის რაზომ გინდა ჴელობა჻ უშენოდ მამხუდეს რაღა ვქნა, არ დია დღეთა გრძელობა჻

928. საუბარი გარდასწყვიტეს, დააპირეს ესე პირი჻ ცხენსა შესხდეს მოიარეს, თჳთო მოჰკლეს ველს ნადირი჻ შემოიქცეს აატირეს, გული კულაცა ანატირი჻ ხვალ გაყრისა გონებამან, სხვა უმატა ჭირსა ჭირი჻

929. ლექსთა მკითხველნო თქვენიცა, თვალი ცრემლისა მღვრელია჻ გულმან გლახ რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია჻ მოშორვება და მოყურისა, გაყრა კაცისა მკვლელია჻ ვინცა არ იცის არ ესმის, ესე დღე როგორ ძნელია჻