... (H-1090), XIX ს.

1077. თქვა ყუავი ვარდსა რას აქნევს, ანუ რა მისი ფერია჻ მაგრა მაზედა ბულბულსა, ჯერთ ტკბილად არ უმღერია჻ უმსგავსო საქმე ყუელაი, მოკლეა მით ოხერია჻ რა უთქვამს რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია჻

1078. ესეგვარი საძრახავი, დაუძრახა გულსა შინა჻ მერმე იტყჳს შენგან კიდე, ჩემი შემწე არავინა჻ რასათვისცა გამოჭრილვარ, მისი ძებნა რადგან მინა჻ რათაცა ვით ვჰპოვებ მას ვიქ, გულმან სხვამცა რა ისმინა჻

1079. ისი დიაცი აქა ჰზის, მნახავი კაცთა მრავალთა჻ მოსადგურე და მოყუარე, მგზავრთა ყოველგნით მავალთა჻ მივჰყვე მიამბობს ყუელასა, რაზომცა ცეცხლი მწვავს ალთა჻ ნუთუ რა მარგოს მე მისი, გარდახდა ჩემი ვსცნა ვალთა჻

1080. თქვა დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა჻ აუგი და მოყივნება, არად შესწონს ყოლად კრულსა჻ რაცა იცის გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა჻ მიჯობს მივყუე განღა სადმე, ვსცნობ საქმესა დაფარულსა჻

1081. კულავ იტყჳს ვერვინ ვერას იქს, თუ ეტლი არ მოსთმინდების჻ მით რაცა მინდა არა მაქვს, რაცა მაქვს არ მამინდების჻ ბინდის გვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდების჻ კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოჰსდინდების჻

აქა წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი჻

1082. მოგეწერა წავიკითხე, შენი წიგნი ჩემი ქება჻ შენ მომასწარ თვარე შენგან, მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება჻ შენცა გინდა მეცა მინდა, გაუწყედლად შენი ხლება჻ შეჰყრა არის პირიანი, ორთავეა რადგან ნება჻

1083. ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე჻ მიუწერა კმარის რაცა, უშენომან ცრემლი ვლამე჻ აწ ვიქმნები თავის წინა, აქა მპოვე მარტო სამე჻ მამისწრაფე შეჰყრა შენი, რა შეღამდეს მოდი ღამე჻

1084. მას ღამისვე საწვეველი, რა მიართვეს წიგნი ყმასა჻ შეღამდა და წაცავიდა, სხვა ემთხვია მონა გზასა჻ ამას ღამე ნუ მოხვალო, ვერა მპოვებ შენთჳს მზასა჻ მას ეწყინა არ დაბრუნდა, თქვა თუ ჰგავსო ეგე რასა჻

1085. წვეული აღარ დაბრუნდა, კულა ზევე უკუწვევითა჻ ფატმან ჰზის წყენით შევიდა, ავთანდილ მარტო ხე ვითა჻ დიაცსა წყენა შეატყო, ნახა შესლვითა შევითა჻ ვერ დაიჩინა შიშითა, და მისითავე თნევითა჻

1086. ერთგან დასხდეს და დაიწყეს, კოცნა ლაღობა წყლიანი჻ შემოდგა კარსა ყმა ვინმე, კეკლუცი ტან ნაკვთიანი჻ შემოვლო ახლოს შემოჰყუა, მონა ჴრმალ დარაკიანი჻ დაჰკრთა რა ნახა ავთანდილ, ჰგავსო თუ გზაა კლდიანი჻

1087. ფატმან რა ნახა შეშინდა, ჰსძრწის და მიეცა ძრწოლასა჻ მან გაკჳრვებით უჭვრიტა, მათსა ლაღობა წოლასა჻ უთხრა არ გიშლი დიაცო, ფერთა მი და მო კრთომასა჻ გამითენდების განანებ, მაგა მოყმისა ყოლასა჻

1088. გამკიცხე ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად჻ მაგრა ჰსცნობ ხვალე პასუხსა, მაგა საქმისა მზღვეველად჻ ვარ შენთა შვილთა შენითა, კბილითა დასაჭმეველად჻ დავმალო წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად჻

1089. ესე თქვა და კაცმან წვერთა, მოიზიდნა გავლნა კარნი჻ ფატმან შექნა თავის ცემა, ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი჻ ცრემლთა მისთა შეეყარნეს, წყაროსებრნი ისმნეს წკარნი჻ თქვა დამქოლეთ მოდით ქვითა, მამადეგით მამაკარნი჻

1090. მოჰსთქუამს მოვკალ ჰაი ქმარი, ამოვწყვიტენ წვრილნი შვილნი჻ იავარ ვჰყავ საქონელნი, უსახონი თვალნი თლილნი჻ გავეყარე საყუარელთა, ვაი გამზრდელნი ვაი გაზრდილნი჻ ბოლოდ ვექმენ თავსა ჩემსა, სიტყუანია ჩემნი წბილნი჻

1091. ამას ყველასა ავთანდილ, ისმენდა გაცბუნვებული჻ უბრძანა რა გჭირს რას იტყჳ, რასთჳს ხარ აგრე ვებული჻ რას დაგექადა იგი ყმა, რა ნახა შენგან კლებული჻ დადუმდი მითხარ ვინ იყო, ანუ რად საქმედ რებული჻

1092. დიაცმან უთხრა ჱე ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა჻ ნურას ნუ მკითხავ ამბავსა, ვერცა რას გითხრობ ენითა჻ დავჴოცენ შვილნი ჴელითა, მით ვარ აღარას ლხენითა჻ თავი მოვიკალ უთმინოდ, სიყვარულითა შენითა჻

1093. ესე გუარი დია მიხვდეს, სიტყუა მცდარსა ენამეტსა჻ ხვაშიადის ვერ დამალავს, უჭკუოსა შმაგსა რეტსა჻ ვაგლახითა მეწივენით, გეტყჳ ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა჻ მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს, თავისისა სისხლის მხვრეტსა჻

1094. ორისაგან ერთი ჰქენით, ამის მეტსა ნუღარ ლამით჻ მოვითაჰკლავ იმა კაცსა, წადი მოჰკალ მალვით ღამით჻ მე და სრულად სახლი ჩემი, დაჴოცასა დაგვხსენ ამით჻ მოხვალ გითხრობ ყველაკასა, მოვითმითხარ ცრემლთა ლამით჻

1095. თვარა ღამითვე ტვირთები, შენი წაიღე ვირითა჻ დააგდე ჩემი მიდამო, სრულად მიჰკრიფე მირითა჻ ვეჭვ რომე ჩემთა ცოდვათა, შენცა აგავსონ ჭირითა჻ თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა჻