... (H-1090), XIX ს.

1133. შინა შევიდი მას წინა, ედგის ცრემლისა გუბები჻ შიგან მელნისა მორეუსა, ეყარის გიშრის შუბები჻ მელნისა ტბათათ იღვრების, სავსე სათისა რუბები჻ შუა ძოწსა და აყიყსა, ჰსჭჳრს მარგალიტი ტყუბები჻

1134. ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა, ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან჻ თუმცა მეკითხა ვინა ხარ, ეგრე გასული რისაგან჻ მჩქეფრად სისხლისა ნაკადი, მოჰსდის ალვისა ხისაგან჻ მას ჴორციელი არ გასძლებს, სხვა კიდეგანი ქვისაგან჻

1135. არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა჻ მიწყივ იყჳს რიდითა, და მით ერთითა ყაბაჩითა჻ მკლავი მისი სასთაუმალად, მიიდვის და მიწვის მითა჻ ძლივ ვაჭამი ცოტა რამე, ათასითა შეხვეწითა჻

1136. სხუა გიამბო საკჳრველი, რიდისა და ყაბაჩისა჻ ვარ მნახავი ყოვლისავე, უცხოსა და ძჳრ ფასისა჻ მაგრა მისი არა ვიცი, ქნილი იყო რაგვარისა჻ სილბო ჰქონდა ნაქსოვისა, და სიმტკიცე ნაჭედისა჻

1137. მან ტურფამან სახლსა ჩემსა, ეგრე დაჰყო ხანი დიდი჻ ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი჻ ვთქვი თუ უთხრობ ვიცი დარბაზს, გამამჟღავნებს ისი ფლიდი჻ ესე მეყო საგონებლად, კვლა შევიდი კულა გავიდი჻

1138. ვთქვი თუ არ უთხრა რა უყო, ჩემგან რა მოეგვარების჻ არცა რა ვიცი რა უნდა, რა ვისგან მოეხმარების჻ ქმარი რა მიგრძნობს მოცამკლავს, ვეღარა მომეფარების჻ ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების჻

1139. მე გლახ მარტომან რა უყო, მიმატებს ცეცხლთა დებასა჻ მო და გავანდო ნუ შევალ, უსენის შეცოდებასა჻ არ გამამჟღავნოს ვაფიცო, თუ მომცემს იმედობასა჻ სულსა ვერ წაჰსწყმედს ვერა იქს, ფიცისა გაცუდებასა჻

1140. მიველ მარტო ქმარსა ჩემსა, ველაღობე ველაციცე჻ მერმე უთხარ გითხრობ რასმე, მაგრა პირველ შემომფიცე჻ არვის უთხრა სულიერსა, საფიცარი მომეც მტკიცე჻ ფიცი ჰფიცა საშინელი, თავიცაო კლდეთა ვიცე჻

1141. რაცა მითხრა სიკუდილამდის, არვის უთხრა სულიერსა჻ არა ბერსა არა ყმასა, მოყვარესა არცა მტერსა჻ მერე უთხარ ყუელა კაი, უსენს კაცსა ლმობიერსა჻ მოდი მომყევ აქა სადმე, მო გაჩვენებ მზისა ფერსა჻

1142. ადგა ამყვა და წავედით, შევლენით კარნი სრისანი჻ უსენ განჰკჳრდა გაცაჰკრთა, რა შუქნი ნახნა მზისანი჻ თქვა რა მიჩვენე რა ვნახე, რანია ნეტარ რისანი჻ თუ ჴორციელი არისმცა, თვალნიმცა მრისხვენ ღ~თისანი჻

1143. ვთქვი თუ არცა რა მე ვიცი, ამისი ხორციელობა჻ რაცა არ გითხარ მის მეტი, მაქვს არა მეცნიერობა჻ მე და შენ ვჰკითხოთ ვინ არის, ვისგან სჭირს ისი ხელობა჻ ნუთუ რა გვითხრას ვიაჯნეთ, ქნას დიდი ლმობიერობა჻

1144. მივედით გვქონდა ორთავე, კრძალვა მისისა კრძალისა჻ ვკადრეთ თუ მზეო სახმილი, გვედების შენგან ალისა჻ გვითხარ რა არის წამალი, მთვარისა შუქ ნამკრთალისა჻ რას შეუქნიხარ ზაფრანად, შენ ფერად მსგავსი ლალისა჻

1145. რაცა ვჰკითხეთ არა ვიცით, ესმა ანუ არ ისმენდა჻ ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა჻ გველნი მოშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შერაშენდა჻ მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედა რამცა გაგვითენდა჻

1146. ვერა დავყარეთ პასუხი, ჩვენ საუბრითა ჩვენითა჻ ვეფხი ავაზა პირ ქუშად, ჰზის წყრომა ვერ უგრძენითა჻ კულაცა ვაწყინეთ ატირდა, მჩქეფრად ცრემლისა დენითა჻ არა ვიციო გამიშვით, ეს ოდენ გვითხრა ენითა჻

1147. დავსხედით და მის თანავე, ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ჻ რაცა გვეთქვა შევინანეთ, სხვამცა რაღა შევიწამეთ჻ ძლივ ვიაჯეთ დადუმება, დავადუმეთ დავაამეთ჻ ჩვენ მივართვით ხილი რამე, მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ჻

1148. უსენ იტყჳს ბევრ ათასნი, ჭირნი ამან ამიხოცნეს჻ ესე ღაწვნი მზისად კმამან, კაცთაგანმცა ვით იკოცნეს჻ უმართლეა ვერა მჭვრეტელმან, თუ პატიჟნი იასოცნეს჻ მე თუ შვილნი მირჩევნიან, ღ~თნ იგი დამიხოცნეს჻

1149. მას უჭვრიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულთქმით ახით჻ შეყრა გვიჩნდა სიხარულად, გაყრა დიდად ვივაგლახით჻ ვაჭრობისა საქმისაგან, მოვიცალით იგი ვნახით჻ გული ჩვენი გაუშვებლად, დაეტყვევნეს მისით მახით჻

აქა უსენისაგან გამჟღავნება ნესტან დარეჯანისა მეფის წინაშე:

1150. რა გარდახდა ხანი რამე, გამოვიდა ღამე დღენი჻ უსენ მითხრა არ მინახავს, ძოღანდიდგან მეფე ჩვენი჻ მივაზირებ წავალ ვნახავ, უდარბაზო უძღვნა ძღვენი჻ მოვახსენე დია ღ~თო, ბრძანებაა ეგე თქვენი჻

1151. უსენ ტაბაკსა დააწყო, მარგალიტი და თვალები჻ დავვედრე დარბაზს დაგხვდების, დარბაზის ერი მთვრალები჻ ამა ქალისა ამბავსა, მამკალ თუ არ ეკრძალები჻ კულა შემამფიცა არ ვიტყვი, თავსაცა მეცეს ჴმალები჻