... (H-1090), XIX ს.

962. იგი წავიდა დაჰბრუნდა, ყმა გზასა თავის წინასა჻ ვისი ჰგავს ტანი საროსა, და ვისი გული რკინასა჻ მიაცურვებს და მიუბნობს, მოსთქუამს მისსავე ლხინასა჻ ნარგიზნი ჰქუხან ცრემლსა სწვიმს, ჩარცხის ბროლსა და მინასა჻

963. ვინცა გზას ნახის უცხონი, მსახურებდიან ყმობდიან჻ მოვიდოდიან საჭვრეტლად, მას ზედა ჰსტრფიალობდიან჻ ეძნელებოდის გაშვება, გაყრასა ძლივ დასთმობდიან჻ გზის ყალაოზი მისციან, ჰკითხის რა უამბობდიან჻

964. მულღაზანზარს მიეახლა, ადრე დალეუს გზასა გრძელსა჻ მინდორს ნახა სპა ლაშქართა, და ნადირთა ჰგვანდეს მსურელსა჻ ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოჰსდგომოდეს გარე ველსა჻ ისვრიან და იზახიან, მჴეცსა სჭრიან ვითა მჭელსა჻

965. კაცი ემთხვია მას ჰკითხა, ამბავი მის ლაშქარისა჻ უბრძანა ისი ვისია, ჴმა ზათქისა და ზარისა჻ მან უთხრა ფრიდონ ხელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა჻ იგი ნადირობს შეუკრავს, ნაპირი ველ შამბნარისა჻

966. მათ ლაშქართაკენ წავიდა, მით უსახოთა ქცევითა჻ გამხიარულდა შვენება, მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა჻ მისთა შემყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწვავს მზე ვითა჻ ნახოს მჭვრეტელთა აახლებს, ტანი ლერწამობს ხე ვითა჻

967. მათ ლაშქართა ყოლბსა შუა, ორბი სითმე გარდმოჰფრინდა჻ ყმამან ცხენი შეუტევა, გაამაყდა არ შეშინდა჻ შეჰსტყორცნა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა჻ გარდახდა და ფრთენი დასჭრნა, წყნარად შეჯდა არ აქშინდა჻

968. იგი რა ნახეს მესროლნი, სროლასა მოეშლებოდეს჻ ალყა დაშალეს მოვიდეს, მოეხვეოდეს ბნდებოდეს჻ იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყუებოდეს჻ ვერცა ჰკადრებდეს ვინ ხარო, ვერცა რას ეუბნებოდეს჻

969. მინდორსა შიგან გორი ჰსდგა, ფრიდონ მას ზედა დგებოდა჻ ღირსი მას თანა სროლასა, ორმოცი კაცი ჰხლებოდა჻ მუნ დაემართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ჰყვებოდა჻ ფრიდონს უკვირდა რა ქნესო, მისთა სპათათვის ჰწყრებოდა჻

970. ფრიდონ მონა გამოგზავნა, წა ნახეო ისი სპანი჻ რა ჰქმნეს ალყა რად დაშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი჻ მონა ფიცხლავ მოეგება, ნახა სარო მორჩი ტანი჻ დადგა მზეებრ გაურეტდა, დაავიწყდეს სიტყჳს თქმანი჻

971. ავთანდილ ჰსცნა თუ ისია, მოამბედ ჩემად რებული჻ უთხრა ჰრქვი შენსა პატრონსა, ეს ჩემი დავედრებული჻ ვარ უცხო ვინმე ღარიბი, სამყოფთა მოშორვებული჻ ძმად ფიცი ტარიელისა, თქვენს წინა მომგზავრებული჻

972. მონა წავიდა ფრიდონის, თხრობად ამბისა მისისად჻ უთხრა მზე ვნახე მოსრული, ჰსჩანს მანათობლად დღისისად჻ ვაზრობ იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ჰნახონ ისი სად჻ ვარ ძმაო ტარიელისა, შეყრად ფრიდონის მქისისად჻

973. რა ტარიელ მოისმინა, ფრიდონს ჭირი უსუბუქდა჻ თვალთა ცრემლნი გარდმოჰსცვივდეს, გული უფრო აუჩუქდა჻ მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა჻ შეიყვარნეს ერთმანერთი, მათგან იქო არ გაუქდა჻

974. ფიცხლავ იგი ქედი ჩავლო, ჩაეგება ფრიდონ წინა჻ რა შეხედნა და ესე თქვა, თუ არ მზეაო ისი ვინა჻ მას მეტობდა რაცა ქება, მონისაგან მოესმინა჻ ერთმანერთსა გარდაუხდეს, ლხინმან ცრემლი აფრქევევინა჻

975. მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დარიდონ჻ თჳთ უსახოდ ფრიდონს ყმა, და მოეწონა ყმასა ფრიდონ჻ რა მჭვრეტელთა იგი ნახონ, მზე მათ თანა გააფლიდონ჻ მამკალ ბაზარს სხვა მათებრივ, ივაჭრონ რა ანუ ყიდიონ჻

976. ფრიდონისებრნი მოყმენი, ვითამც ვინ ვით ეგებიან჻ მაგრა მას ახლვან ქებანი, მართ მეტი არ მიხვდებიან჻ მზე უჩინო იქმს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან჻ დღისით ვერ ჰნათობს სანთელი, და ღამით შუქნი კრთებიან჻

977. ცხენთა შესხდეს გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა჻ დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მჴეცთა სრვასა჻ ავთანდილის ჭვრეტად სპანი, იქი აქათ იქმან ჯრასა჻ ჰსთქვეს ასეთი ჴორიცელი, შეუქმნია რაგვარ რასა჻

978. ყმა ფრიდონს ეტყვის ისწრაფი, ვიცი ამბისა თხრობასა჻ გიამბო ვინ ვარ სით მოვალ, ვინადგან ჰლამი ცნობასა჻ ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყვი ძმობასა჻ იგი ძმად მიხმობს ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა჻

979. მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით჻ დიდი სპასპეტი სახელად, მიხმობენ ავთანდილობით჻ ძე დიდებულთა დიდ გვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით჻ საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით჻

980. დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდა჻ მინდორს ვნახეთ ტარიელი, ნატირები ცრემლთა ღურიდა ჻ გაგვიკჳრდა გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა჻ ჩვენ გვეწყინა არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი როგორ სწვიდა჻

981. მეფემან სპანი შეპყრობად, შეუზახნა და სწყრებოდა჻ მან უჭირველად დაჰჴოცა, ომი არ მისჭირდებოდა჻ ზოგსა მხარ თეძო დაჰლეწა, და ზოგთა სული ხდებოდა჻ მუნღა ცნეს ეტლი მთვარისა, რომე არ დაბრუნდებოდა჻