ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

877. პირსა იცა, გაიხეთქა ღაწვი, ვარდი აახეწა, ლალი ქარვად-გარდაიქცა, ბროლი სრულად დაილეწა; ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთ-სახე, წა, მერე ქალმან დაადუმა, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა.

878. ტარიელ უთხრა ავთანდილს, ასმათის დად სამებულმან: “შენ ყველაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან; გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე-გაარმებულმან, აწ წადი, ნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან”.

879. ავთანდილ უთხრა: ”მე შენი გაყრა არ მამეთმინების; თუ გაგეყრები, თვალთაგან ცრემლიცა დამედინების. მართალსა გითხრობ, ამისა კადრება ნუ გეწყინების, შენ ვისთვის ჰკვდები, მაგითა მას არა არ ელხინების.

880. “რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი, მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯასაცა შემტყვებარი; მან უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი, სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.

881. “რაცა გითხრა, მომისმინე ბრძენი გეტყვი, არა ხელი; ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის, არ, ერთხელი. კარგად ვერას ვერ მოავლენს კაცი აგრე გულ-ფიცხელი. აწ მე მინდა ნახვა მისი, ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი.

882. “იგი ვნახო, სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო; მოვახსენო, რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო; შენ გენუკევ, შემაჯერო, ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო, ერთმანერთი არ გავწიროთ, მაფიცო და შემომფიცო.

883. “რომე აქათ არ წახვიდე, შენ თუ ამას შემეპირო, მეცა ფიცით შეგაჯერებ, არასათვის არ გაგწირო, კვლა მოვიდე შენად ნახვად, შენთვის მოვკვდე, შენთვის ვირო, ღმერთსა უნდეს, ვისთვის ჰკვდები, მისთვის აგრე არ გატირო”.

884. მან მიუგო: ”უცხოს უცხო აგრე ვითა შეგიყვარდი? გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი; რაგვარამცა დაგივიწყე, რაგვარამცა უკუმქარდი! ღმერთმან ქნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი, განაზარდი.

885. “პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი იხოს, გული მინდორს არ გაიჭრეს, არ ირმოს, არცა ითხოს, თუ გიტყუვო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს! შენმან-ჭვრეტა-სიახლემან მომაქარვოს სევდა, მითხოს!”

886. ტარიელ შეფიცნეს მოყვარენი გ[ ......] შენ ყუერდეს ერთმანეთი მიწ[..........] გიამბე ჩემს მყ [....................................] აწ წადი, ნისვლა უხ[....]და ჭ[....] ასჯერ ვა.“

887. ავთანდი უმას არსცა[ ....] მთ[...] სომე ბრძანე თუ გაგეყრები თვალი შერი გეტ [............]ე მართალსა გითხრობ ამის ვასკულ[..........] ე შენ ვისთვის ჰკვდები, არა გე[................]ე.

888. ამას ზედა შეიფიცნეს მოყვარენი გულ-სადაგნი, იაგუნდნი ქარვის ფერნი, სიტყვა-ბრძენნი, ცნობა-შმაგნი; შეუყვარდა ერთმანერთი, სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი, მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი.

889. ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა; რა გათენდა, წამოვიდა, აკოცა და გაეყარა; ტარიელს თუ ვით ეწყინა, - რა ქმნას, - ამას ვერ მიმხვდარა; ავთანდილცა ჩატიროდა, შამბი შიგან ჩაიარა.

890. ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა, ზენარით ეუბნებოდა; მუხლთა უყრიდა, ტიროდა, თითითა ეხვეწებოდა; ადრე მოსლვასა ჰვედრებდა, მართ ვითა ია ჭნებოდა; მან უთხრა: “დაო, უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა!

891. “ადრე მოვალ, არ გაგწირავ, არას დავზამ შინა ხანსა, ოდენ სხვაგან არ წავიდეს, ნუ სად არებს იმა ტანსა; აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქმ საქმესა დაუგვანსა, შეიგენით, მივცემივრ ჭირსა რასმე თანისთანსა”.

ამბავი ავთანდილისა ტარიელთაგან არაბეთს შექცევისა

892. იგი მუნით წარმოსრული სევდამანცა განა მოკლა! პირსა იხოკს, ვარდსა აპობს, ხელი მისი გაამხოკლა; სისხლსა, მისგან დადენილსა, მხეცი ყოვლი გაამლოკლა; მისმან ფიცხლად სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა.

893. მუნ მივიდა, სადა იგი მისნი სპანი დაეყარნეს ნახეს, იცნეს, რაგვარაცა მართებს, აგრე გაეხარნეს. შერმანდისცა ახარებდეს, ფიცხლად, თავნი არნეს: “მოვიდაო, აქანამდის ვითვის ლხინი გაგვემწარნეს!”

894. გაეგება, მოეხვია, ზედა დახვდა პირი ხელსა, აკოცებდა, სიხარულით ცრემლსა ღვრიდა ველთა მსვრელსა; ესე თქვა თუ: “ნეტარ, ღმერთო, ცხადსა ვხედავ, ანუ ბნელსა? მე ვით ღირს ვარ ამას, რომე თვალნი ჩემნი ჭვრეტდენ მრთელსა!”

895. ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედა დასდვა პირი პირსა; უბრძანა, თუ: “ღმერთსა ვმადლობ, შენ თუ ჭირი არა გჭირსა! დიდებულთა თაყვანი- სცეს, აკოცებდეს ვინცა ღირს ა, ზარსა სცემდეს, უხაროდა უფროსსა, თუნდა მცირსა.