ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

762. “მე შეუთვალე: “მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა, თუ არ რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა? მაგრა თვით იცით, ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა, მე თქვენმან მზემან მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა.

763. “იცით, ჰინდოთა სამეფო რაზომი სრა–საჯდომია! ერთიღა მე ვარ მემკვიდრე; ყველაი თქვენ მოგხდომია, ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია; დღესამდის ტახტი უჩემოდ არავის არ მონდომია!

764. “ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ–მართალია: ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გიზის ერთაი ქალია, ხვარაზმშა დასვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია? სხვა მეფე დაჯდეს ჰინდოეთს, მერტყას მე ჩემი ხრმალია?!

765. “შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე, ჰინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცე ჩემგან კიდე. ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე, სხვას მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე”.

ამბვის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანისა დაკარგვისა

766. ესე კაცნი გამეგზავნნეს, გონებასა გავეშმაგე. რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე. მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკენ რომე ვაგე, მესმა საქმე საშინელი, თუცა თავი ვერ წავაგე.

767. ,, შავმან საწყალმან ასმათმან, ნახეთ რა ნახა თვალითა! ტარიელისკენ იარა დამწვარმა დანავალითა; უთხრა:,, ამა საქმის მნახავი სიკვდილით შემიწყალითა, მას შენთვის უყვეს ყოველი, შენ ხელ-ქმნა მიავალითა.“

768. “გამოჩნდეს ორნი ქვევითნი, მე მივეგებე წინარე. ქალი ჰყვა ერთსა მონასა, ვცანცა, თუ მოღმა ვინ არე: თავ-გაგლეჯილი ასმათი, პირს სისხლი ჩამომდინარე, აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა რე.

769. “იგი ვნახე, დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა; შორით უხმე: «რაშიგან ვართ, ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა?» მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყვანი გამოაგნა; მითხრა: «ღმერთმან სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა!»

770. “ახლოს მიველ, კვლაცა ვჰკითხე: «რაშიგან ვართ? თქვი მართალი!» კვლავ საბრალოდ ამიტირდა, კვლა მოედვა ამით ალი, დიდხან სიტყვა ვერა მითხრა, მისთა ჭირთა ნაათალი, მკერდსა წითლად უღებავიდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი.

771. “მერმე მითხრა: «მოგახსენებ, ესე რადმცა დაგიმალე? მაგრა ვითა გაგახარნე, შენცა აგრე შემიწყალე: ნუ მაცოცხლებ, ნუ დამარჩენ, შემიხვეწე, შემიბრალე, დამხსენ ჩემსა საწუთროსა, ღმერთსა შენსა მიავალე»

772. “მიანბა: «ოდეს სასიძო მოჰკალ და ხმა დაგივარდა, მეფესა ესმა, აიჭრა, მართ მისგან გასატკივარდა, შენ დაგიძახნა: «მიხმეთო», ხმა-მაღლა გახდა ყივარ და, მოგნახეს, შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამომჩივარდა.

773. «ჰკადრეს: აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან. მეფე ბრძანებს: «ვიცი, ვიცი; მეტად კარგად შემიგიან; მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან, რა ნახიან ერთმანერთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან.

774. «აწ თავმან ჩემმან, მას მოვჰკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა; მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა; მათ ბოზ-კუროთა ასეთი რა მისცეს, რა უქადესა? თუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო! მისად პატიჟად მზად ეს-ა».

775. «მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ფიცის, თუცა ფიცის, არ გატეხის, მასვე წამსა დაამტკიცის; ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა იცის, მან უანმბა დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის.

776. «დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან: «თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს, იცის ერმან»; მან აგრე თქვა: «უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერმან, ვისგან მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე, მიიხვედროს იგი ვერ მან»

777. «პატრონი ჩემი აგრევე იყო, წამოხვე შენ ოდეს; შენეულივე რიდენი ებურნეს, ტურფად შვენოდეს. დავარ მოსთქმიდა სიტყვითა, რომელნი არა მსენოდეს; «ბოზო, შენ ბოზო, რად მომკალ? ვეჭვ, შენცა, არა გლხენოდეს!

778. «როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე, ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე? არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი, რა გიყავ, რა გაქნევინე! აწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიხვდე, ვის ესე დააშლევინე!»

779. «ხელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა, დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა; მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქნა, ოდენ უშნა, ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლული დაუშუშნა.

780. «რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა, წამოდგეს ორნი მონანი, პირითა მით ქაჯებითა, მათ კიდობანი მოიღეს, ეუბნეს არ აჯებითა, მას შიგან ჩასვეს იგი მზე, ჰგავს, იქნა დარაჯებითა.