ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

956. თქვა: ამა ჟამსა წუხელის მე დილა გამთენებოდა; მუნ ვიყავ, სადა სამყაროს ღაწვთაგან ელვა ჰკრთებოდა; აწ სიშორისა მომლოდე გულიმცა მისთვის კვდებოდა, მზემან რა მისცა სინათლე, თუ მთვარე გაეყრებოდა?“

957. ყმა მივიდა გულ-მოკლული, ცრემლი ველთა მოედინა. მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა. ზოჯერ ადგის, ზოგჯერ დაწვის, ხელსა რადმცა დაეძინა! ” რაც ა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა!

958. წევს, იტყვის: “გულსა სალხინო რამცაღა დაუსახეო? მოგშორდი ედემს ნაზარდო, ტანო ლერწამო და ხეო, შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერ –მჭვრეტთა სავაგლახეო, ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ, ნეტარმცა სიზმრად გნახეო!”

959. ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა; კვლა გულსა ეტყვის: “დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა. არ დავსთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოუგვაროთა? თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირნიცა შევიწყნაროთა”.

960. კვლა იტყვის: “გულო, რასთენცა გაქვს სიკვდილისა წადება, სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება; მაგრა დამალე, არ გიჩნდეს შენი ცეცხლისა კვლა დება, ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება!” საუბარი

დათხოვა ავთანდილისაგან როსტევან მეფისაგან და ვაზირის

961. რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე; იტყვის: “ნეტარ მიჯნურობა არ დამაჩნდა დაცავფარე!” დათმობასა ეაჯების: “გულსა შენ რა მოუგვარე!” ცხენსა შეჯდა, წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე.

962. ვაზირმან ცნა, გაეგება: “ჩემს ა მზეო ამოსრული, ამას თურე მახარებდა დღეს ნიშანი სიხარული!” მიეგება, თაყვანის- სცა, ჰკადრა სრულსა ქება სრული: “ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული”.

963. ყრმა გარდასვა მასპინძელმან, არ ღაფალმან, ავმან, უქმან; ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან. ყმამან სახლი გაანათლნა, ვით სამყარო მზისა შუქმან; თქვეს: “ სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ქვენა ბუქმან”.

964. დაჯდა, მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ხელეს, მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს, სულთქმა ბევრი აათასეს, აღარა თუ აერთხელეს. გაყრა ბრძანეს, გაიყარნეს, ჯალაბობა გაათხელეს.

965. რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვაზირსა ეუბნების, ეტყვის: “შენი დამალული დარბაზს არა არ იქნების; რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქს და შენ გეთნების, გაიგონე ჭირი ჩემი, მკურნე, რაცა მეკურნების.

966. “მის ყმისა ცეცხლი მედების, წვა მისისა მჭირს მწველისა; მკლავს სურვილი და ვერ- ნახვა ჩემისა სასურველისა; მას ჩემთვის სულნი არ შურდეს, შეზღვა ხამს შეუზღველისა; ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა.

967. “მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა, მუნვე დარჩა, დათმობაცა მასთანავე დაება და; რათგან დასწვავს მოახლეთა, ღმერთსა მზედცა დაებადა, მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებადა.

968. “ოდეს წამოვე, შევჰფიცე ფიცითა საშინელითა: “კვლა მოვალ, გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა; შენსა მე ვეძებ ნათელსა, შენ ხარ გულითა ბნელითა”; ჟამია ჩემგან წასვლისა, მით მწვავს ცეცხლითა ნელითა.

969. “ყოველსავე მართლად გითხრობ, არ სიტყვასა საკვეხელსა. მიმელის და ვერ მივსულვარ, ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა; ვერ გაუტეხ ზენაარსა, ვერ გავსწირავ ხელი ხელსა, რამცა სადა გაუმარჯვდა კაცთა, ფიცთა გამტეხელსა!

970. “რაცა გითხრა ჩემაგიერ როსტანს ჰკადრე, მიედ სრასა; თავმან მისმან, ფიცით გეტყვი შენ ვაზირსა, ოსტასრასა: არ შემიპყრობს, არ დავდგები, თუ შემიპყრობს, მაქნევს რასა? მიშველე რა, გული ცეცხლმან არ დამიჭრას, არა სრასა!

971. “კადრე: “ვინ გაქო ყოველმან პირმან არ მეუმზრახემან? ვითა ვიშიშვი, გაცნობოს ღმერთმან, თქვენმანვე სახემან; მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვა, ალვისა სახემან, გული წამსავე წამიღო, - ვერათ ვერ შევინახე, - მან.

972. “აწ, მეფეო, უმისობა ჩემგნ ყოლა არ ეგების; გული მას აქვს უგულოსა, აქა ხელი რა მეხდების? თუ რას ვარგებ, პირველ ხვალემ თვით სახელი თქვენ მოგხვდების; ვერას ვარგებ, გულსა დავსდებ, ჩემი ფიცი არ გატყდების.

973. “წასლვა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს, არ დაჭმუნდეს; თავსა ჩემსა გაგებული იქნას, რაცა ღმერთსა უნდეს; მანვე ქნას და გაგიმარჯვდეს, თქვენი თქვენკე დავებრუნდეს. არ მოვბრუნდე, თქვენმცა სუფევთ, თქვენი მტერი დაძაბუნდეს”.

974. კვლა პირ-მზე ეტყვის ვაზირსა: “მე სიტყვა შევამცირეო, წა, ესე ჰკადრე მეფესა, შევინვიდოდეს ვირეო; მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო, ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო”.