ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

შველა ტარიელისაგან ფრიდონისი და გამარჯვება მათი

820. მოსჯობდა, ომი შეეძლო, ხმარება ცხენ-აბჯარისა; დავჰკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა; კაცი ხმდა, მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა! აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა.

821. “მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა; ნავი წინა მომეგება, არა ვიცი, იყო თუ რვა. ფიცხლა ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა: ქუსლი შევეც, დავუქცივე, დაიზახნეს დიაცურ “ვა!”

822. “კვლა სხვასა მიველ, მოვჰკიდე ხელი ნავისა ბაგესა, ზღვასა დავანთქენ, დავჰხოცე, ომიმცა რაღა აგესა! სხვანი გამექცეს, მიმართეს მათ მათსა საქულბაგესა; ვინცა მიჭვრეტდის, უკვირდა, მაქებდეს, არ მაძაგესა.

823. “ზღვა გავიარეთ, გავედით, შემოგვიტიეს ცხენია, კვლა შევიბენით, შეიქნნეს ომისა სიმარცხენია. მუნ მომეწონა ფრიდონის სიქველე-სიმკიცხენია: იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია.

824. “თვით ორნივე ბიძა-ძენი მისნი ხმრლითა ჩამოყარნა, ხელნი წმიდად დაეკვეთეს, იგი ასრე ასაპყარნა, მოიტანნა მხარ-დაკრულნი, ერთმან ორნი არ დაყარნა, მათნი ყმანი გაამტირლნა, მისნი სპანი ამაყარნა.

825. “მათნი ლაშქარნი გაგვექცეს; ვეცენით, გაცავფანტენით. ფიცხლად წაუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზანტენით; ქვითა დავლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავაანტენით. მომკალით, ლარი დავლიოთ ან აკიდებით, ან ტენით.

826. “ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა. თვით ორნივე ბიძის ძენი დაპყრობილნი წამოასხნა. მისთა ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა; ჩემი თქვეს თუ: “ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა!”

827. “მივედით, მოქალაქეთა ზარი ჩნდა, რომე ზმიდიან, აჯათა მქნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან; მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან, გვითხრობდეს: “მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან!”

828. “ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთ-მეფობით, თვით თავსა მათსა მონად და ჩემსა ყველასა სეფობით; დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდის მკრეფობით, ჩემი ვერ ცნიან ამბავი, მუნ იყო არ იეფობით”.

ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბვის მბობა ტარიელთან

829. დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით, ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავდეგით; ფრიდონ მითხრა: “გითხრობ რასმე”, - ვთამაშობდით, ცხენსა ვსხედით, “ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით”.

830. “მე ვჰკითხევდი, ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა: “დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევჯე ამა ჩემსა ცხენსა; - ზღვათა შიგან იხვსა ჰგვანდა, ხმელთა ზედა შავარდენსა - აქა ვდეგ და თვალს უგებდი ქორსა, იქით განაფრენსა.

831. “ზოგჯერ ზღვისკე მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა; ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე, თუცა შორსა. ეგრე ფიცხლად სიარული არას ძალ-აქვ მისსა სწორსა, ვერად ვიცან, გავეკვირვე გონებასა ამად ორსა.

832. “ვჰთქვი: რა არის, რას ვამსგავსო, მფრინველია, ანუ მხეცი? ნავი იყო, არ ეფარა სამოსელი მრავალ-კეცი; წინა კაცნი მოზიდვიდეს; თვალი ამად დავაცეცი, მთვარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასცა ვეცი.

833. “ამოძვრნეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი. ქალი გარდმოსვეს, სისხონი ვნახენ მისისა თმისანი. მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი! მან გაანათლა ქვეყანა,, გაცუდდეს შუქნი მზისანი!

აქა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის ამბვის ცნობა ფრიდონისაგან

834. “სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა, დაცამლეწა, იგი ვარდი შემიყვარდა, რომე თოვლსა ეახეწა; დავაპირე შეტევება, ვთქვი, წავიდე მათკე მე, წა, ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა!

835. “ცხენი გავქუსლე, იქმოდის შამბი ხმასა და ხრიალსა, ვეღარ მივესწარ, გამესწრნეს, რაზომცა ვსცემდი წრტიალსა. ზღვის პირსა მიველ, შევხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა, გამშორვებოდეს, წამსლვოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა”.

836. “ესე მესმა ფრიდონისგან, მომემატა ცეცხლთა სიცხე, ცხენისაგან გარდავიჭერ, თავი სრულად გავიკიცხე, ჩემთა ღაწვთა დანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე. უთხარ: “მომკალ, უჩემოსა ენახოსცა ვისცა ის ხე!”