ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

896. მოვიდეს, სადა სამყოფლად სახლი დგა მუნ აგებული. მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული. მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმით, ლაღი და შვებული, ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კლებული.

897. შერმადინს უთხრა, უამბო ყოველი მისგან ნახული ანუ ვით პოვა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თვალ-დაფახული: “უმისოდ მყოფსა სწორად მიჩს ჩემთვის დარბაზი და ხული”

898. მუნ ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა: “შენი წასვლა არვინ იცის, რაცა მითხარ, აგრე ვქენა!” მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა, გაისვენა, ცისკრად შეჯდა, გაემართა, დღე რა მზემან გაათენა.

899. არცაღა დაჯდა ნადიმად, არცა ქნად კვლა ხალვათისა; შერმადინ მახარობელი წავა მისლვისა მათისა, ფიცხლად წავიდა, სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა. მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მეკამათისა.

900. შესთავლა: “მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდებით! ამა საქმესა ვიკადრებ შიშით, კრძალვით და რიდობით, მის ყმისა ვერას ვერ მცნობი ვუხმობდი თავსა ფლიდობით, აწ ვცან და გაცნევ ყოველსა, მოვალ შვებით და მშვიდობით”.

901. ფიცხლავ გაგზავნეს მეფისა წინაშე შემტყობელია, ,, სამი წელია ქვეყაა ჩვენთვის უმზეო, ბნელია; შესთვალეს ყველა უკლებლად, რისაცა იყოს მქნელია; ,, უპოვნია და მოსულა, არ ავი საძებნელია.“

902. როსტევან, მეფე უკადრი, მორჭმული, შეუპოველი, - შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოელი: “ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოელი”. ბრძანა: “ვცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოელი”.

903. რა მოისმინა მეფემან სიტყვანი არ საწყინისა ბრძანა თუ;,, ღმერთმან კვლავ მოგვცეს ჩვენ დამართება ლხინისა!“ მივეგებნეთო, შესხდომა თქვეს ცისკრად განთიადისა. შეიტყო, რომე ნაქმარი იყო ეს თინათინისა.

904. თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა: “ავთანდილ მოვა წინაშე, გკადრებს ამბავსა ამოსა”. იგი მით აკრთთობს ელვასა მზისაცა უთამამოსა, მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაი დამოსა.

905. მეფე შეჯდა, გაეგება ყმასა, მუნით მომავალსა; ამას პირ-მზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა. მიეგება, მოეგება მხიარული გულ-მხურვალსა, დიდებულთა ჯარისაგან ზოგნი ჰგვანდეს ვითა მთრვალსა.

906. მოვიდა პირ-მზე ავთანდილ მპოვნელი ტარიელისა; მეფე ეხვევის გულ -ტკბილად, ცრემლი აღარ ა დენისა; გამზრდელ- გაზრდილთა საქებრად ხმარება უნდა ენისა, ამათ უამბობს ამბავსა, მის მზისა ნახვსაც ელისა.

907. რა მიეახლა, გარდახდა ყმა, თაყვანის-სცა მეფესა; აკოცა როსტან, მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა; გულ-მხიარულნი, შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა; მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა.

908. მას ავთანდილ თაყვანი-სცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა. მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა. პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა ზესა, სახლ-საყოფი არა ჰმართებს, ცამცა გაიდარბაზესა!

909. მას დღე დასხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა; ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა. მათ ორთავე აშვენებდა ფიფქსა თოვნა, ვარდსა ნამა. უხვად გასცეს საბოძვარი, მარგალიტი, ვითა დრამა.

910. სმა გარდახდა, თავის-თავის გაიყარნეს მსმელნი შინა; დიდებულნი არ გაუშვნეს, ყმა დაისვეს ახლოს წინა; მეფე ჰკითხავს, იგი ჰკადრებს, რაცა ჭირი დაეთმინა, მერმე მისი, უცნობოსა, რა ენახა, რა ესმინა.

911. ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ისმენდა ეუბნებოდა; ბაგეთათ გასჭვრის ბროლ - ლალი, მათ კბილთა ელვა ჰკრთბოდა. ახლოს სხდეს ღირსნი, ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა. უტარიელო ხსენება არვისგან იკადრებოდა.

912. “მას ვახსენებდე, ნუ გიკვირს, თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა: ნუთუ მზე ვთქვა მსგავსი მისი და ან მისისა სახისა, ვინ უნახავ -ქნას გონება ყოველთა კაცთა მნახისა, ვარდი დამჭნარი ეკალთა შუა შორს-მყოფი, ახ ის ა!”

913. რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან, ქაცვი ლერწამმან, ზაფრანა იმსგავსოს ფერად მინამან, ავანდილ, მისმან მხსენებმან, ღაწვი ცრემლითა მინამან. წვრილად უამბო ამბავი მან, მისმან მონასმინამან.

914. “ქვაბნი ომითა წაუხმან, სახლად აქვს დევთა სახლები, საყვარელისა მისისა ქალი ყავს თვით ნაახლები, ვეფხისა ტყავი აცვია, ცუდად უჩს სტავრა-ნახლები, აღარა ნახავს სოფელსა, ცეცხლი სწვავს ახალ-ახლები”.

915. რა დაასრულა ამბავი, საქმე მისისა ჭირისა, ნახვა მის მზისა ნათლისა, მის თვალად არ დუხჭირისა, იამა; უქეს ვარდისა ხელი, მძლედ დანამჭირისა; “ეგე კმა სიმხნე სიმხნისა, რადღა ხარ მომხვეჭი რისა!”