ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

800. “ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, ესე აწ მე მითქს რომელი, მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული, მწყრომელი; მონა მივსწივე, მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი; შევსთვალე : “დადეგ, მიჩვენე, ლომსა ვინ გაწყენს, რომელი?”

801. აქ ტარიელ შეეყრების, მიეგებვის ზღვისა პირსა; უცხო უცხოს შეემცნების, ამოართვამს ისრის პირსა; მას უამბობს ღალატსა და იგ მტერთაგან წანაკიდსა, ჰკითხავს:,, ვინ ხარ, ლომო, გმირო, პირი გიგავს მზისა პირსა?“

802. “მას მონასა არა უთხრა, არცა სიტყვა მოუსმინა; ფიცხლად შევჯე, ჩავეგებე, მე ჩაუსწარ, ჩავე წინა, უთხარ: “დადეგ, გამიგონე, შენი საქმე მეცა მინა!”, შემომხედნა, მოვეწონე, სიარული დაითმინა.

803. “გამიცადა, ღმერთსა ჰკადრა: “შენ ასეთნი ხენი ვით ხენ!” მერმე მითხრა: “მოგახსენებ, აწ სიტყვანი რომე მკითხენ: იგი მტერნი გამილომდეს, აქამდისცა რომე ვითხენ, უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი ასრე ვითხენ”.

804. მე უთხარ: “დადეგ, დაწყნარდი, გარდავხდეთ ძირსა ხეთასა; არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა”. თანა წამომყვა, წავედით უტკბოსი მამა-ძეთასა. მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა.

805. “ერთი მონა დასტაქარი მყვა და წყლულნი შეუხვივნა, ისრის პირნი ამოუხვნა, დაკოდილნი არ ატკივნა. მერე ვჰკითხე: ვინ ხარ, ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა? საამბობლად დამირიგდა, თავი მისი გაამჩივნა.

806. “პირველ მითხრა: “არა ვიცი, რა ხარ, ანუ რას გამსგავსო? ანუ ეგრე რამ დაგლია, ანუ პირველ რამ გაგავსო? რამან შეგქმნა მოყვითანოდ, ვარდ-გიშერი რომე ჰრგავსო? ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიმცა რად დაგავსო?

807. “მულღაზანზარის ქალაქი, ახლოს მე მაქვსო რომელი, ნურადინ-ფრიდონ სახელი, მეფე ვარ მუნა მჯდომელი; ესე სამზღარი ჩემია, სადა ხარ გარდამხდომელი, ცოტა მაქვს, მაგრა ყოველგნით სიკეთე-მიუთხრობელი.

808. “მამის ძმა და მამა-ჩემი პაპმან ჩემმან გაყვნა ოდეს, ზღვასა შიგან კუნძულია, ჩემად წილად მას იტყოდეს; თვით ბიძასა ჩემსა მიხვდა, ვისთა შვილთა აწ დამკოდეს; მათკე დარჩა სანადირო,-არ მივსცემდი, მამერჩოდეს.

809. “დღეს გამოველ ნადირობას, ზღვისა პირსა ვინადირე, მუნა გასვლა მომდომოდა, მით მრეკალი არ ვახსირე! სპათა უთხარ: “მომიცადეთ, მოვიდოდე მეცა ვირე! ” ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე.

810. “ნავითა გავე, ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა, არ ამოვჰკრეფდი გამყოფთა, ვთქვი, ჩემთა რად დავრიდო, და? დამეძაბუნნეს, სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა, ვნადირობდი და ვიზახდი, ხმა ჩემი არ უდიოდა.

811. “მართლად იჯავრეს, წუნობა მათი თუ ესე ხმდა ვითა! გამომაპარნეს ლაშქარნი, გზანი შემიკრეს ნავითა, თვით ბიძას-ძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა, ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად მათითა მკლავითა.

812. “მათი მესმა, დავინახე ზახილი და ხრმალთა ელვა, ნავი ვსთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთხელ ვა, ზღვასა შეველ, მომეგება მეომარი ვითა ღელვა, სწადდა, მაგრა ვეღარა ქნეს ჩემი ზედა წამოკელვა.

813. “კვლა სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მომეწეოდეს. იქით და აქათ მომიხდეს, ერთგნით ვერ მომერეოდეს, არ მომწურვოდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს, ხრმალსა მივენდევ, გამიტყდა, ისარნი დამელეოდეს.

814. “მომეჯარნეს, ვეღარა ვქენ, ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე, ზღვა-ზღვა ცურვით წამოუველ, ჩემი მჭვრეტი გავაცბუნვე; თანა-მყოლი ყველაკანი დამიხოცნეს, დარჩა მუნვე, ვინმცა მდევდა, ვერ შემამხვდა, მიუბრუნდი, მივაბრუნვე.

815. “აწ იგი იმნას, რაღაცა ენებოს ღმრთისა წადილსა; ვეჭვ, ჩემი სისხლი არ შერჩეს, ძალი შესწევდეს ქადილსა! ოხრად გაუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა, უხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქნევ სადილსა!”

816. “ამა ყმამან შემიკვეთა, გული მისკე მიმიბრუნდა. მოვახსენე: “აჩქარება შენი ყოლა არად უნდა, მეცა თანა წამოგყვები, დაიხოცნენ იგი მუნ და, ჩვენ ორთავე მეომარი განაღამცა შეგვიძრწუნდა!”

817. “ესეცა უთხარ: “ამბავი ჩემი არ გაგეგონების, უფრორე წყნარად გიამბობ, თუ ჟამი ჩვენ გვექონების”. მან მითხრა: “ლხინი საჩემო მაგას რა შეეწონების! დღედ სიკვდილადმდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების”.

818. “მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა, მაგრა ცოტასა; გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხემდეს მისთვის ოტასა, პირსა იხოკდეს, გაჰყრიდეს ნახოკსა, ვით ნაფოტასა, ეხვეოდიან, ჰკოცნიდეს ხრმალსა და სალტე-კოტასა.

819. “კვლა მოვეწონე, ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი; შემასხემდიან ქებასა: “მზეო, ხარ ჩვენთვის ი დარი!” მივედით, ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი, ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი”.