ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

936. მონა სელს უდგამს ავთანდილს, პირისპირ მზისა ჯდებოდა; უჭვრეტდა მისსა ხელ-ქმნელსა, ცეცხლი აღარა ზდებოდა, ტკბილად უამბობს ამბავსა, იგ არ თუ ავად ყბედობდა. ქალი უქებდა სიმხნესა, შეყრასა უიმედებდა.

937. ნუთუ ვარგო რა მას ხელსა, კვლავ წასვლად ეთხოებოდა; იგ სიცოცხლისა ნიშისა მას მისაგან ეთხოებოდა; მან მარგალიტი შეისხნა, რომელი მკლავსა ებოდა, კვლავცა უმტკიცებს ქმრობასა, სხვას არვის ეთხოებოდა.

938. ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული, სიკეთისა ხელის მხდელი, ამაზედა ეუბნების, ვით გაზრდილსა ამო მზრდელი; ქალმან მისცა მარგალიტი, სრულ- ქნა მისი საწადელი, ღმერთმან ქნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი.

939. რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს, ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს, მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ-მჭვრეტსა ავაგლახიოს: ვა მოყვარისა გაყრილსა ახიო ეყოს, ახი, ოს!

940. ყმა მხიარული, წყლიანი დაიჩენს არ სიმძიმილსა; მისნი კბილნი და ბაგენი დაიშვენებდეს ღიმილსა; რა მოიშორო მოყვარე, თვალთაგან დასდები მილსა; მუნით ადენდი წყაროსა, სოფლისა დასაწვიმილსა.

941. მათ მიხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა; ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა. მზე ტირს სისხლისა ცრემლითა, ზღვისაცა მეტის-მეტითა. იტყვის: “ვერ გაძღა სოფელი, ვა, ჩემთა სისხლთა ხვრეტითა!”

942. ყმა წავიდა სევდიანი, მკერდსა იცემს, ამად ილებს, რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფლიდებს, რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს, მის მოყვრისა მოშორება კვლა აბინდებს, არ აჩრდილებს.

943. სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქნის ღარად და ღარად; იტყვის: “მზე ჩემგან თავისა კმა დასადებლად აღარად; მიკვირს თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად! ვირე ვნახვიდე, სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად!

944. “ვინ გუშინ ედემს ნაზარდი ალვა მრწყო, დამრგო, მახია, დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა, დანასა მახია, დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დაბმითა, დაამახია. აწყა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!”.

945. ამას მოსთქვამს, ცრემლსა აბნევს, ათრთოლებს და აწანწარებს. გულ-ამოსკვნით, ოხვრა-სულთქმით, მიხრის ტანსა, მიაწარებს; საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს, ვა, საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს, აზეწარებს!

946. ყმა მივიდა, საწოლს დაჯდა, ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების, მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა, არ მოსწყდების; ვით მწვანვილსა თრთვილისაგან პირსა ფერი მოაკლდების, ხედავთ, ვარდსა უმზეობა რაგვარ ადრე დააჩნდების!

947. საწოლს მჯდომმან პირსა ცემით ბროლი ბღუჯოს ვარდი კონოს; გულსა იდებს, იტყვის:,, კაცმან ჭირი ლხინსა შეაწონოს; ლხინმან სძლიოს, გაძლება ხამს, წირი სთმოს და ჟამთა მონოს. ვით ქონება არ იმადლოს, მას სხვა ღმერთმან რა აქონოს!“

948. “გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი, გული ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთ მომთმო, ლხინთა მდომელი; გული -ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი, ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი!”

949. ამ სოფელსა კარგად ყოფით კეისარი იყო ვითა; რა მოკვდების, წარიყვანონ, მძიმედ შეკრან ბორკილითა; მიაბარონ გეენიას, დაწვან მისიტ სიბნელითა, ეს სოფელი ამას გიზამს, კარგსა ნუ ვინ მოელითა.

950. რა გულსა უთხრა გულისა სიტყვანი საგულისონი, თვით მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი, მის მზისა მკლავსა ნაბამნი, მათ კბილთა შესატყვისონი, პირსა დასდვა, აკოცა, ცრემლი სდის, ვითა ბისონი.

951. რა გათენდა, კაცი მოვა მომკითხავი, დარბაზს მხმობი. ყმა წავიდა ლაღი, ნაზი, ნაღვიძები, ძილ-ნაკრთობი. ერთმანერთსა ეჯავრიან, დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი; მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოემზადა დაბდაბ-ნობი.

952. მეფე შეჯდა, მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა: ქოს-დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა, მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა რბოლა მიდამოდა; მას დღეს მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა!

953. ინადირეს, შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი, შეიტანნეს დიდებულნი, თავადნი და სპანი სრულნი; დაჯდა, დახვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი, ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა, მომღერალნი იყვნეს სრულნი!

954. ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა, ეუბნებოდა; ბაგეთა გასჭვირს ბროლ-ლალი, და კბილთათ ელვა ჰკრთებოდა. ღირსნი ახლოს სხდეს, ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა, უტარიელოდ ხსენება არვისგან იკადრებოდა.

955. ყმამან რაცა არვის უთხრის, კითხვად ვინმცა გამოჰრიდა? მართალ ა, თუ საუბარსა აძვირებსა, ძვირად ღირდა, სმა გარდახდა გაიყარნეს, ყმა წავიდა, მიცასჭირდა, ვეღარ გასძლო, გულ მისი აუჩუქდა, აუტირდა.